პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამ წუთებში პასუხობს ტელეარხების ტოქშოუების შეკითხვებს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრას არ ესწრებიან „იმედისა“ და „პოსტივის“ წამყვანები.
„ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო „იმედის“ და „პოსტივის“ ადგილები არის თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ვთხოვეთ, აქ ყოფილიყვნენ. მოგეხსენებათ, „იმედი“ დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. უბრალოდ, ამას თავისი ახსნაც აქვს. მე ზუსტად ვიცი, რომ „იმედის“ ბევრი ჟურნალისტი ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია აქ წარმოდგენილი“, - თქვა გახარიამ და „იმედს“ შესთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში პირველად ტოქშოუში, სწორედ, ამ არხს ეწვეოდა.
გიორგი გახარიამ არაერთხელ ახსენა ტელეკომპანია „იმედი" და მას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული ტელევიზია, რომლის გადაწყვეტილებაც დაუკავშირა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
„დღეს უთქვამთ, შეხედეთო, რომელი ტელევიზიები აპიარებენო და აქედან გავაკეთოთ დასკვნაო, ეს იქნება მიმანიშნებელიო, გახარია მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს აგერ „იმედი“ არ არის. ეს ჩემთვის პირდაპირ აჩვენებს, რომ „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ და დაამატა, - „მაშინ, როდესაც 4 თვის უკან დიდი სიამოვნებით იყო ჩემთვის „იმედის“ კარი გაღებული. დღეს არცერთ ღონისძიებაზე არავინ მოსულა, ძალიან გამიკვირდა, რომ „რუსთავი 2“ მოვიდა. დიდი მადლობა მათ, ვაფასებ“.
„მთავარი არხის“ შეკითხვაზე, არ იცოდით აქამდე, რომ „იმედი“ პოლიტიკური ტელევიზია იყო? გახარიამ უპასუხა: „ეჭვი მეპარებოდა“. როგორც ყოფილი პრემიერი აზუსტებს, ეჭვი გაუჩნდა, რომ „იმედი“ არის პოლიტიკური ტელევიზია.
რადიო თავისუფლება ცდილობს ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელთან დაკავშირებას.
ტელეკომპანია „პოსტივის“ საინფორმაციო სამსახურში კი გვითხრეს, რომ ტელეარხის მთავარი პროდიუსერი შალვა რამიშვილი ამ საკითხზე დღეს, 31 მაისს, ილაპარაკებს ამავე არხის ტოქშოუში „სამნი & Co.“
გიორგი გახარიამ პარტია ორი დღის წინ, 29 მაისს, დააფუძნა და სწორედ ამ დღეს გამოჩნდა მედიის წინაშე პირველად გადადგომის შემდეგ. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.