ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პარალელი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო თეატრის ერთ-ერთ მთავარ შედევრზე, შექსპირის „რომეო და ჯულიეტაზე“, და მის პირველწყაროზე. როგორც ბევრი რამ ლიტერატურაში, ეს ტრაგედიაც უძველეს დროში იწყება ბაბილონელი პირამოსისა და თისბეს ისტორიით და ანტიკურობაში მკვიდრდება გენიალური ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“. ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილმა მშობლებმა შეყვარებული წყვილის ქორწინება გამორიცხეს, პირამოსი და თისბე მხოლოდ მათი მშობლების სამფლობელოთა სასაზღვრო კედელში არსებული ნაპრალის მეშვეობით ურთიერთობდნენ. ერთხელ ღამით შეხვედრაზე შეთანხმდნენ. თისბე პირველი მივიდა შეხვედრაზე, მაგრამ ნანადირევის სისხლით პირმოთხვრილ ლომს შეეფეთა და გაიქცა. ქალიშვილს თავსაბურავი დარჩა, რომელიც ლომმა დაგლიჯა და დაასისხლიანა. პირამოსი მოვიდა, თავსაბურავი ნახა, როგორც ნამდვილ შეყვარებულს შეჰფერის, ნაჩქარევი და არასწორი დასკვნა გააკეთა და ხმალი გულში ჩაიცა. თისბე დაბრუნდა, მომაკვდავი პირამოსი ნახა და იმავე ხმლით მოიკლა თავი. თუთის ხე და მისი ნაყოფი წითლად შეიღება. ოვიდიუსის „მეტამორფოზებშიც“ შეხვედრა თუთის ხესთან იყო დადგენილი... შექსპირი არტურ ბრუკის პოემას დაეყრდნო, რომელიც, ერთი მხრივ, მატეო ბანდელოს ეფუძნებოდა და, მეორე მხრივ, ჯეფრი ჩოსერის პოემას ეხმიანებოდა. ვერონელი უიღბლო შეყვარებულების, რომეო მონტეკისა და ჯულიეტა კაპულეტის, „მსოფლიოში ყველაზე სევდიან აბავს“ მოჰყვა შვეიცარიელი მწერლის, გოტფრიდ კელერის, „სოფლის რომეო და ჯულიეტა“, გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ (ქართველი ძმები: მინდია და თორღვაი და ქისტი ლამარა), კარელ ჩაპეკის „რომეო და ჯულიეტა“ (კრებულში „აპოკრიფები“), ჟან ანუის „რომეო და ჟანეტა“, ალექსანდრ სეგენის რომანი „ცინიენი“, რომელშიც რომეო ჩინელი კომუნისტია, ხოლო ჯულიეტა – ჩინეთში გაქცეული თეთრგვარდიელი გენერლის ასული...