საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ "იცის" სად არის ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან 500 ათასი დოლარის შეიარაღებული თავდასხმით მითვისებაში ბრალდებული. ამ საკითხზე მას ჟურნალისტებმა "პოლიციის დღის" ღონისძიებაზე ჰკითხეს, სადაც ის პოლიციის მიღწევებზე საუბრობდა.
"ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ... ისვენებს..." - თქვა მინისტრმა.
ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ. ამის შემდეგ მისი კვალი უჩინარდება და სამართალდამცავები უშედეგოდ ეძებენ.