როგორ დავისვენოთ ზაფხულში უსაფრთხოდ, პანდემიის მიუხედავად

ვინაიდან ინფიცირების რისკი ისევ მაღალია, პანდემია გრძელდება და ქვეყანაში გარკვეული წესები ისევ მოქმედებს, წლევანდელი ზაფხულიც არ იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზაფხულიც იზოლაციაში უნდა გაატაროთ. რადიო თავისუფლება შეგახსენებთ, რა შემთხვევაში უნდა იყოთ ფრთხილად დასვენებისას და როგორ დაიცვათ თავი.

ტრანსპორტით მგზავრობა

თუკი სხვა ქალაქში საზოგადოებრივი ან კერძო ტრანსპორტით მიდიხართ

1. ეცადე იპოვო თავისუფალი ადგილი და დაიცვა დისტანცია შენთვის უცნობი ადამიანებისგან;

2. არ მოიხსნა პირბადე და გეკეთოს ისე, რომ ცხვირს და ნიკაპს ფარავდეს;

3. თუკი ავტომანქანა სავსეა და სხვა მგზავრებისგან თავს შორს ვერ იჭერ, გააღე ფანჯარა, თუ შორსაა, მძღოლს სთხოვე გაღება. სივრცის ხშირი განიავება მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკებს;

4. სადეზინფექციო ხსნარი ჩანთაში და ხელების დაბანა ისევ ძალაში რჩება.

მთაში პირბადეს ვიხსნი?

თუკი მთაში ხარ სუფთა ჰაერზე და ირგვლივ უცხო არავინაა, შეგიძლია მოიხსნა პირბადე და ღრმად ისუნთქო. სადაც არ უნდა იყო, მოერიდე პირბადის გარეშე ისეთ ადამიანებთან კომუნიკაციას, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება არ გაქვს და ერთ „კლასტერად“ არ ითვლებით.

საზაფხულო ბანაკებში წასვლისგან წელს თავის შეკავებას გვირჩევს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, ვინაიდან როდესაც ბევრი ბავშვი ერთად იყრის თავს, ძნელია წესების დაცვა. თუკი მაინც გადაწყვიტეთ ლაშქრობაში ან ბანაკში წასვლა, არ დაგავიწყდეთ, რომ დისტანციის დაცვაზე ისევ უნდა იფიქროთ.

ზღვაზე ცურვისას როგორ დავიცვა თავი?

ზღვაზეც დისტანციის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სანაპიროზე სეირნობას, გარუჯვას და ცურვასაც კი მოერიდეთ მაშინ, როცა ბევრი ხალხია თქვენ გარეშემო.

“[პორტუგალიაში] სანაპიროზე რუჯის მიღებისას პირბადეს იხსნიან, თუმცა როდესაც გადაადგილებას აპირებენ, ყველა იკეთებს პირბადეს. მნიშვნელოვანია ერთი ოჯახი დისტანცირებული იყოს სხვა ოჯახის წევრებისგან”, - გვიხსნის პაატა იმნაძე.

ცურვის დროს პირბადეს არ იყენებთ, უფრო მეტიც, იცოდეთ, რომ პირბადე ამ დროს სახიფათოა.

ვინ იცის, ამ ზაფხულის ბოლოს სახეზე ნიღბების რუჯი გვედოს. ამირან გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯერჯერობით პირბადის ტარება ზღვაზეც აუცილებელია. „ ვნახოთ, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და აცრების პროცესი როგორ განვითარდება“. - შანსი იმისა, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, არსებობს, თუმცა ჯერ ნიღბებს ისევ ვატარებთ!

შესაძლებელია ყველაფერი ივნისის ბოლოს გაირკვეს. გააჩნია, როგორი წარმატებით წავა ვაქცინაცია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავრობას სთავაზობენ მოსახლეობის 20 %-ის ვაქცინირების შემთხვევაში ღია სივრცეში პირბადე აღარ იყოს სავალდებულო.

ყველაზე სახიფათო ადგილები მთაშიც და ზღვაზეც

კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები - ძნელია დასვენების დროს ამ დაწესებულებებში შესვლაზე უარის თქმა, მაგრამ უსაფრთხოდ და დაცულად თუ გინდათ იყოთ, ისე უნდა ჩაუაროთ მათ, ვითომ არ არსებობენ.

თუკი მაინც გადაწყვეტთ კაფეში დაჯდომას, ღია სივრცე აირჩიეთ.

CDC -ის გავრცელებულ რეკომენდაციებს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ 2- მეტრიანი დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები - ემატება რეკომენდაცია: აიცერი!

  • ავტორიზებული ვაქცინები გიცავს COVID-19-ისგან
  • როცა სრულად აიცრები, შეძლებ აკეთო ის, რასაც პანდემიის გამო ვეღარ აკეთებ . ალბათ, გახსოვთ, რომ სრულად აცრილად ვითვლებით მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, როცა უკვე გამომუშავებულია საჭირო რაოდენობის ანტისხეულები.

დაბოლოს, დასკვნის სახით ვიტყვით, რომ COVID 19-ით ინფიცირების რისკის შემცირება შესაძლებელია ყველა რეკომენდაციის დაცვით და უფრო მეტად უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ორი დოზით ვაქცინირებულები წავალთ დასასვენებლად.