გერმანია ოფიციალურად აღიარებს კოლონიური პერიოდის გენოციდს ნამიბიაში

ბერლინში გამართულ ცერემონიაზე გამოფენილია ჰერერო და ნამა ეთნიკური ჯგუფების თავის ქალები

გერმანია ოფიციალურად აღიარებს, რომ მან გენოციდი განახორციელა მკვიდრი მოსახლეობის, ჰერერო და ნამა ეთნიკური ჯგუფების მიმართ, გერმანიის მიერ ნამიბიის კოლონიური ოკუპაციის პერიოდში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა 28 მაისს გამოაცხადა, რომ გერმანია პატიებას სთხოვს სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანას და ათი ათასობით მსხვერპლთა შთამომავლებს, და ქვეყნის განვითარებას მხარს დაუჭერს 1,34 მილიარდი დოლარის მოცულობის პროგრამით.

ორი ქვეყნის დელეგაციებმა მანამდე ხელი მოაწერეს პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებები - თუმცა ამ დეკლარაციებს ახლა ორივე სახელმწიფომ უნდა მოაწეროს ხელი და მისი რატიფიკაციაც უნდა მოახდინოს.

ნამიბია გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იყო 1884-დან 1915 წლამდე. ხოცვა-ჟლეტა დაიწყო 1904 წელს, ჰერერო და ნამა ჯგუფების ამბოხების შემდეგ, გერმანელების მიერ მათი მიწის დაპყრობის და პირუტყვის დაუფლების წინააღმდეგ, ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ გერმანული სამხრეთ დასავლეთ აფრიკად იყო ცნობილი. ეთნიკური ჯგუფები უდაბნოში განდევნეს და შინ დაბრუნების მცდელობა სიკვდილით დასჯით ან საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტვით მთავრდებოდა.

გაერო გენოციდს განსაზღვრავს აქტების ნაკრებად - მათ შორის მკვლელობებად - რომლებიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის სრულად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით.