მცხეთაში რამდენიმე დღით "პომპეუსის ხიდი" გამოჩნდა - ჩვეულებრივ ის წყლითაა დაფარული

"მრავალი წელია მცხეთელები ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდნენ დახმარებას და შუამდგომლობას "ენერგოპრო ჯორჯიასთან", რომ ამ ადგილას მტკვარი გაშვებულიყო და პომპეუსის ხიდი გამოჩენილიყო, რათა მომხდარიყო ამ ძეგლის ფოტო-ვიდეო ფიქსაცია და გარკვეული არქეოლოგიური დაკვირვება, რომ გვცოდნოდა, ეს ძეგლი რა დღეშია.

დღეს ჩვენ გამოვაჩინეთ პომპეუსის ხიდი თავისი სხვადასხვა დროის შრეებით და გვაქვს 48 საათიდან 72 საათამდე იმისათვის, რომ პირველადი ნაბიჯები გადაიდგას, მაგალითად, მცენარეები მოშორდეს ძეგლს, რომლებიც ფესვებით აზიანებენ ქვას, ასევე არქეოლოგებმა შეძლონ პირველადი სამუშაოების განხორციელება", -
თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მედიასთან და მადლობა გადაუხადა კერძო კომპანიას წარმატებული თანამშრომლობისთვის, რაც იმაში გამოიხატა, რომ ამ ადგილას წყალი რამდენიმე დღით დააშრეს და ხიდი გამოაჩინეს. თეა წულუკიანის თქმით, სამომავლოდ იგეგმება უფრო მასშტაბური სამუშაოებიც ხიდზე, მათ შორის, მისი კონსერვაცია.

ე.წ. პომპეუსის ხიდი, რომელსაც "მოგვთა ხიდსაც" ეძახიან, მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე დღეს არსებული და მოქმედი გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და დაფარულია მდინარის მიერ. ის ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა მტკვრის დონე დაიწევს.

ნიკო კვეზერელი-კოპაძე წიგნში "მცხეთის ძველ ხიდი" წერს, რომ მიუხედავად ხშირი შეკეთებისა, მე-19 საუკუნეში მძიმე ტვირთების ხშირმა გადატანა სახიფათო გახადა ხიდით სარგებლობა. საქართველო რუსეთის დამაკავშირებელ ამ გზაზე მიმოსვლის სრული შეწყვეტის საფრთხის გამო გადაწყდა ხიდის საფუძვლიანი განახლება. ძველი ხიდის ბედი გადაწყდა 1837 წელს, როცა საქართველოს სტუმრობდა იმპერატორი ნიკოლოზ პირველი. ძველი, მოშლილი ხიდის ნაცვლად ახლის მშენებლობა დაკავშირებული იყო დიდ დანახარჯებთან.

ხიდის ქვეშ უშუალოდ მდინარეზე გაკეთებული იქნა 23,5 მეტრი სიგანის ქვის კმარა, გარდა ამისა წყალუხვობისას მეტი წყლის გასატარებლად დამატებული იქნა აგურის ნახევარწყრის კამარები: მარცხენა ნაპირის მხრიდან ორი - 10,7მ და 6,4 მ სიგანის, მარჯვენა ნაპირის მხრიდან კი ერთი - 12,8 მეტრის. ჯამში ხიდის მალების საერთო სიგანემ შეადგინა 53,3 მეტრი.

ახალი ხიდის მალების ჯამური ფართობი 1,5-ჯერ აღემატებოდა ძველი, ხუთ მცირე ხიდი მალას. ხიდის მშენებლობა დასრულდა 1841 წელს. ექსპლუატაციაში იყო 85 წლის განმავლობაში, ვიდრე არ დაიტბორა ზაჰესის წყალსაცავმა. 1926 წლიდან, ჩაძირული ხიდის ნაცვლად, ცოტათი ზემოთ, აშენდა ახალი, რკინის, სამმალიანი ხიდი.

იმის მიუხედავად, რომ ხიდს პომპეუსის სახელი ჰქვია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი პირვანდელი ვერსია უფრო ძველია და ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ფუნქციონირებდა.

მასალა განახლებულია. სტატიას დაემატა რამდენიმე ფაქტობრივი ინფორმაცია.