ფსიქოლოგი ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლოდან: ეს იყო ფსიქოლოგიური ტანჯვა

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა გრძელდება.

27 მაისს მორიგი სხდომა გაიმართა - სასამართლო ახლა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა და წინ კიდევ ბევრი სხდომაა, რადგან, როგორც დაზარალებული ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, თამუნა გაბოძე განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, საქმეში დაახლოებით 70-მდე მოწმეა.

დღევანდელ სხდომაზე ორი ფსიქოლოგი დაიკითხა.

ერთი მათგანი ბასილაშვილისა და დოროყაშვილის შვილთან მუშაობდა და არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომის ეს ნაწილი დახურული იყო. თამუნა გაბოძე დეტალებს ვერ გვიყვება, თუმცა ამბობს, რომ მან დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დევს გამოძიების მასალებში.

ასევე ნახეთ “ვთვლიდი, ზღაპრული ოჯახი ჰქონდათ, ეს სტერეოტიპი ერთ დღეში დამემსხვრა” - რას ჰყვება მოწმე ბასილაშვილის ოჯახში ძალადობაზე

სხდომის ღია ნაწილში კი დაიკითხა ექსპერტი, რომელიც იკვლევდა, განიცადა თუ არა ფსიქოლოგიური ტანჯვა ნელი დოროყაშვილმა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგმა, მარინა მათიაშვილმა განაცხადა, რომ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა სწორედ ასე - ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა.

მან ასევე წაიკითხა ამონარიდები ნელი დოროყაშვილის ჩვენებიდან, რომელიც საქმეში დევს და რომელშიც წერია, რომ ის პირველივე თვეებიდან მიხვდა, რომ „გაუგებრობაში მოხვდა“.

რომ დედამთილთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თითქმის მეგობრული, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მას ნელის „პიროვნული მიუღებლობა ჰქონდა“:

„ჩემი ყველაფრისგან განრიდება ხდებოდა და ნიკას განრიდება ჩემგან. ფეხმძიმობის პერიოდში ხშირი იყო მეგობრული შეგონებები - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბილურია და ხშირად გიჟდებიანო, ეს გამონათქვამები კონკრეტულად მე მეხებოდა - მშობიარობის შემდეგ, ქალის ფსიქიკა ლაბილურია და დიდი ალბათობაა, გაგიჟდე, ბოლოს, სრულიად კატეგორიული ფორმა მიიღო - გიჟი ხარ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა...

ბავშვი მცირეწონიანი დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელი, ამაზე მსაყვედურობდა - შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო, რომ შევეპასუხე, უზრდელი ხარო. ეს ყველაფერი ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე აისახა. 2016 წლიდან ძალადობის ფორმები დამძიმდა, 2017 წლიდან ძალიან აგრესიული სახე მიიღო“, - ეს ნელი დოროყაშვილის სიტყვებია.

ასევე ნახეთ ბასილაშვილის უფლებამცველები: ვიდეოჩანაწერი მას მცდარი ბრალდებებისგან ათავისუფლებს

თამუნა გაბოძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შენიშნავს, რომ თავად ნელი დოროყაშვილი პროცესს ვერ დაესწრება, სანამ ის არ დაიკითხება როგორც დაზარალებული, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი სხდომას დისტანციურად ესწრებოდა.

ადვოკატი განმარტავს, რომ როდესაც სასამართლო გამოიკვლევს მტკიცებულებებს, ეს უნდა შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაშიც, თუმცა:

„რა პროცესებიც ჩვენ გავიარეთ და რომელი მოწმეებიც დაიკითხნენ, თითოეული ადასტურებს იმ ფაქტობრივ მოვლენებს, რაზეც გამოძიებაში ჰქონდათ ჩვენება მიცემული და მე ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი“.

თამუნა გაბოძე გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, რას მოუყვება სასამართლოს დაზარალებული, რადგან მის ჩვენებას აქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ღირებულება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას უცვლელად იმეორებს და ამბობს, რომ ჩოგბურთელი დარწმუნებულია საკუთარ უდანაშაულობაში. ჭკადუას განცხადებით, არ ღირს მოვლენების წინ გასწრება.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.

21 მაისს, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.