პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ის თბილისში, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
"გაერთიანებულ ევროპასა და ნატოში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის ევროპის აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნეს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ...
ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით, ქართველებო, ნატოში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე", - თქვა მან.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.