"გახდნენ დამოუკიდებლები" - მოსამართლეთა კონფერენციის გასაპროტესტებლად აქცია იმართება

თბილისში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენციის გასაპროტესტებლად აქცია იმართება. მოქალაქეები მოითხოვენ გადაიდოს იმ ოთხი მოსამართლის არჩევა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - სასამართლოს სისტემის მმართველ რგოლში იმუშავებენ.

აქციაზე მისულები არიან როგორც აქტივისტები, ისე პოლიტიკოსები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კონფერენციის გამართვით და ახალი წევრების არჩევით ირღვევა ევროპული საბჭოს პრეზიდენტით შემდგარი შეთანხმება.

"პირდაპირ გულში ურტყამენ შეთანხმების დოკუმენტს და შეურაცხყოფენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც იყვნენ ამ შეთანხმების გარანტორები. დამოუკდებლობის დღეს, როცა უნდა ვამაყოფდეთ, რომ კიდევ ერთი აგური დავდეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ამ აგურებს აცლიან. ეს დღე უნდა იყოს თავისუფალი სასამართლოს და მოქალაქეების დღე", - თქვა პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ამბობს, რომ სასამართლო არის მთავარი საშუალება ქვეყნის განვითარების.

"ჩვენმა მოქალაქეებმა მინდა, რომ იცოდნენ, ყველაფერი ისე, რომ დარჩეს, როგორც არის ჩვენს ქვეყანაში, თუ სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ამდენი პრობემა არ გვექნება... ჩვენ ამ ადამიანებს [მოსამართლეებს] წლების განმავლობაში ვუყურეთ და ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ გააკეთონ, რაც უნდათ... ჩვენთვის პრობლემაა კლანი... ისინი უნდა გახდნენ დამოუკიდებლები, ჩვენ სხვა არაფერს არ ვითხოვთ", - თქვა გიგაურმა.

ასევე ნახეთ ელჩების  გაფრთხილება - დანიშვნების პროცესი სასამართლო სისტემაში მაინც გრძელდება

საერთაშორისო პარტნიორების გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების სადავო დანიშვნის გადავადებას მოითხოვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ ნაჩქარევ პროცესში ისინი „სასამართლო კლანის“ გაძლიერების მცდელობასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მომავლის დამუხრუჭებას ხედავენ. პარლამენტში აცხადებენ, რომ პროცესი ვერ მოიცდის სასამართლო სისტემის პარალიზების საფრთხის გამო.

დიპლომატები იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით - ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ითხოვდნენ.

  • 19 აპრილის შეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „სიღრმისეულ რეფორმასა“ და კანონმდებლობის სრულყოფამდე ახალი დანიშვნების შეჩერებას ითვალისწინებს.
  • 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, რომ კანონპროექტი 1 ივლისამდე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დასკვნის მისაღებად და პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა გაიმართოს.