„მერაბმა შეჰკრა კოპები“

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ყველაზე თავგანწირული მებრძოლის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. თითქოს სწორედ ამ დამთხვევამ განსაზღვრა მერაბ კოსტავას ცხოვრების მთავარი მიზანი - ებრძოლა და თავი შეეწირა საქართველოს თავისუფლებისათვის და თითქოს მისი გარდაცვალებაც მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, როცა გარდაუვალი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

"მერაბ კოსტავა უნებლიე პოლიტიკოსი იყო, მისი პოლიტიკა სიყვარულიდან იწყებოდა, ქართული მიწის, ქართული სიტყვის, ქართული სიმღერისა და მუსიკის სიყვარულიდან..." - ასე დაახასიათა მერაბ კოსტავა მისმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა... და მართლაც, როგორც ოლღა დემურია, მერაბ კოსტავას დედა, იხსენებდა 1990 წლის 2 თებერვალს „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებულ მოგონებებში, პატარა მერაბის პირველი სიყვარული მუსიკა იყო:

„მუსიკალური სკოლის მეექვსე კლასში სწავლობდა, როცა დამიბარა მუსიკის მასწავლებელმა და მითხრა: თქვენ შვილს ჩინებული მუსიკალური მონაცემები აქვს და ყურადღება მიაქციეთო. „მისგან რიხტერი დადგება“ - მითხრა მან. მალე მერაბი ნიჭიერთა ათწლედში მოხვდა, ხოლო მისი დამთავრებისთანავე -კონსერვატორიაში.“

ოლღა დემურია, მერაბ კოსტავას დედა. ფოტო: შ. ავაზოვი

მერაბ კოსტავას განსაკუთრებულობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უფროსი თაობის ქართველ მუსიკათმცოდნეებსაც.

„მშვენიერი მუსიკოსი იყო: ფორტეპიანოზე, ინტიმურ წრეში თუ განმარტოებით, ისე უკრავდა, რომ ეს საკუთარ თავთან გაბაასებასაც ჰგავდა. მუსიკალურ აზროვნებაში მერაბისთვის მთავარი - მუსიკის ფილოსოფიაში წვდომა იყო. აზროვნების ეტალონად მიაჩნდა რუდოლფ შტაინერის მოსაზრებები ვაგნერის შესახებ,“ - წერდა მუსიკათმცოდნე ანტონ წულუკიძე წერილში „ერის რაინდთა მემკვიდრე“, სადაც ასევე იხსენებდა მერაბ კოსტავასთან პირველ შეხვედრას საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში, გასული საუკუნის 60-იან წლებში:

„უცნობი ბრგე ახალგაზრდა, მოკრძალებით მდგომი, დაძაბული მზერით, თითქოსდა უძრავი თვალებით. ადრევე მსმენოდა მისი სიყრმისეული სიმამაცისა (მაშინ იშვიათად რომ ხდებოდა) და შედეგად - განსაცდელის შესახებ“.

„სიყრმისეული სიმამაცე“ და განსაცდელი, ცხადია, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლას უკავშირდებოდა.

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია

„მეათეკლასელები იყვნენ მერაბი და ზვიადი, როცა პირველად დააპატიმრეს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. მათ ბრალად ედებოდათ ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა და გავრცელება. ამ დროიდან იწყება მათი თავგანწირული ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის. დაპატიმრებიდან 6 თვის შემდეგ ისინი პირობით სასჯელით „გაათავისუფლეს, როგორც არასრულწლოვნები“, - იხსენებდა ოლღა დემურია, რომლის შვილის ცხოვრებაში საეტაპო მნიშვნელობის აღმოჩნდა 1964 წელი, როცა ზვიად გამსახურდიასთან ერთად რელიგიურ-ფილოსოფიური წიგნების კითხვა და ეკლესიაში სიარული დაიწყო:

„მაშინ ისეთი ათეიზმით იყო გამსჭვალული მთელი ჩვენი ქვეყანა, რომ ყველას უკვირდა. ბევრი კიდევაც დასცინოდა. მახსოვს, ერთხელ სამსახურში ვიჯექი და თავჩაღუნული ვმუშაობდი, როდესაც მომესმა: რუსის ქალები ამბობენ, მწერლის შვილი და მისი თეთრთმიანი ამხანაგი მთელი ღამე დაჩოქილი იყვნენ ღვთისმშობლის ხატის წინაშე და ლოცულობდნენო“.

დალი ლოლუას წიგნი "13 წელიწადი კოლხურ კოშკში"


ზვიად გამსახურდიას პირველი მეუღლის, დალი ლოლუას მოგონებების მიხედვითაც, ამ დროიდან გადავიდნენ თანამებრძოლები ვეგეტარიანულ კვებაზე და დაიწყეს სიონის ტაძარში დილისა და მწუხრის ლოცვებზე სიარული საქართველოს მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-თან.

მერაბ კოსტავას განათლება და შემოქმედებითი უნარი, ასევე გამომჟღავნდა კრიტიკული სტატიების წერაში, ლექსების თხზვასა და პოეზიის ცოდნაში.

„მიჰქროდა ჩვენი „რკინის რაში“ ქართლის გადაშლილ ველებზე და მშვენიერების ხილვით აღტყინებული პოეტურ განწყობაზე დავდექით. მერაბმა შეჰკრა კოპები, გახედა ცას და დინჯად, გამოთქმით წარმოთქვა ანა კალანდაძის ლექსი:
მათ გადაიარეს ცა პირამიდების, ხეთა და მიდია...
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?“ [„13 წელიწადი კოლხურ კოლხში“. დალი ლოლუა]

მერაბ კოსტავა თვითონაც თხზავდა ლექსებს, განსაკუთრებული ინტენსივობით - პატიმრობის დროს, რომელიც 5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მთელი 10 წელი გაგრძელდა.

1977 წლის 7 აპრილს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ზვიად გამსახურდიასთან ერთად დაპატიმრებული, 3 წელი პერმის „ლაგერში“ იჯდა (+2 წელი გასახლება), გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს (ჩხუბში ჩაითრიეს) და 5 წელი დაუმატეს როგორც „ხულიგანს“ და ციმბირში, ტაიშეტის ოლქის სოფელი კვიტოკიში გაამწესეს.

თბილისში 1987 წელს დაბრუნდა, თუმცა მანამდე, 1985 წელს, მერაბის ვაჟმა — 25 წლის ირაკლი კოსტავამ საეჭვო ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე.

„უკვდავ საქმისთვის“ გადატანილი ბევრი გასაჭირისა და წვალების მიუხედავად, მერაბს არ დაუკარგავს შემოქმედებითი უნარი და შიმშილობის დროსაც კი პოემებს წერდა. საქართველოში დაბრუნდა სრულიად მშვიდი, მხნე და, როგორც ყოველთვის, საკუთარ თავში დარწმუნებული“, - ასე აღწერა ათი წლის უნახავი შვილის დაბრუნება ოლღა დემურიამ.

”ჩვენ დავამარცხებთ რუსების იმპერიას...“ - ეს ფრაზა კი „ლაგერებიდან“ დაბრუნებულმა მერაბ კოსტავამ საქართველოს ცკ-ს პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის კაბინეტში წარმოთქვა.

ჯუმბერ პატიაშვილი


ჯუმბერ პატიაშვილმა, რომელიც ბავშვობიდან იცნობდა მერაბ კოსტავას, მონაწილეობა მიიღო სსრკ-ში ერთ-ერთი უკანასკნელი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაში.

მერაბ კოსტავა მადლობის სათქმელად მივიდა პატიაშვილთან, რომელიც „საკმაოდ კარგ სამსახურში“ მოწყობასაც დაჰპირდა სტუმარს (რაც კულტურის მინისტრ, ვალერი ასათიანს დაევალა კიდეც), თუმცა, როგორც პატიაშვილი იხსენებს მოგონებების წიგნში, ამის შემდეგ მერაბ კოსტავა არც ცენტრალურ კომიტეტში გამოჩენილა და არც კულტურის სამინისტროში,

„გარკვეული ხნის შემდეგ კი გავიგეთ, რომ მან მუსიკალურ სკოლაში რიგით მასწავლებლად დაიწყო მუშაობაო.“

26 მაისთან ერთად, მერაბ კოსტავას სახელი ასევე სისხლხორცეულად არის დაკავშირებული 9 აპრილთან, როცა, როგორც ზურაბ ჭავჭავაძე იხსენებდა, შემთხვევით გადაურჩა რუსი ჯარისკაცის ნიჩაბს, თუმცა 1989 წელს (აკაკი ბაქრაძემ „მძიმე წელი“ რომ უწოდა) მაინც ვერ დააღწია თავი და ამაში ბევრმა მერაბ კოსტავას მისტიური კავშირი დაინახა 9 აპრილს დაღუპულებთან.

მერაბ კოსტავა

„მერაბ კოსტავა და 9 აპრილი საბოლოოდ დააკავშირა 1989 წელმა“, - წერდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთი „ივერია“ 1989 წლის 20 ოქტომბერს, - „დიახ, ქართველმა ვაჟკაცმა, მოქალაქემ და ეროვნულმა გმირმა მარტონი მაინც ვერ გაუშვა სულეთში გამგზავრებული ქართველი გოგონები - თამრიკო, ნანა, ნათია, აზა, მანანა, ნატო, ელისო, ეკა, ნინო... და ნახევარი წლის შემდეგ გააცილა ისინი მარადისობაში. მერაბი მიაცილებს ჩვენს წმინდა ასულებს ისეთი, როგორიც იგი ნახა მისმა ვაჟიშვილმა:

შავჩოხიანი
შეისვენებს
მგზავრების შუა,
წამოიძინებს,
ამის დრო თუა.
გზას გაუდგება ლეგა ცხენზე ამხედრებული,
არ შეაშინებს დაბრკოლება გზად ხვედრებული...

თავისუფლება! - ეს იყო შენი სამოქმედო არეალი. თავისუფალი იყავი შენი არსებითა და გაქანებით. გსურდა ასეთივე შეგრძნება ჰქონოდა მთელ ქართველ ერსაც... შენ არასოდეს ეძებდი დიდების ხმას, შენ დაბადებიდანვე სინდისის ხმაზე იყავი მომართული და, თუ წილად გვხვდა დაფნის გვირგვინი ეროვნული მოძრაობის გმირისა, ყველაზე მეტად შენზეა უპრიანი იმის თქმა, რომ ეს გვირგვინი შენი წამების ნიშანი უფროა, ვიდრე ბედნიერებისა“, - წერდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აღდგენილი „ივერია“, რომლის მაშინდელ მკითხველს დღესაც ჩაესმის ყურში მერაბ კოსტავას სიტყვები:

„კმარა, წელზე ფეხის დადგმით, თავის შენარჩუნებაზე ფიქრი. დროა, დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს. დაე, არწივის გაფრენას ედაროს ოცნება იგი, რათა ოცნება მიზნად იქცეს, მიზანი კი - საქმედ!“