მადნის მოპოვებით დაზარალებული შუქრუთელები - რას და რატომ მოითხოვენ მოშიმშილეები?

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის მაღაროსთან შიმშილობს სოფელ შუქრუთის 10 მცხოვრები. 8 მათგანს - 5 კაცს და 3 ქალს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. უკიდურესი ფორმით პროტესტის გამოხატვის მიზეზი მათი საცხოვრებელი და საარსებო პირობების გაუარესებაა. მოშიმშილეები სოფლის მცხოვრებთა კიდევ ერთ ნაწილთან ერთად, უკვე სამ თვეზე მეტია აპროტესტებენ შუქრუთში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას, რომელიც, აქციის მონაწილეთა თქმით, სახლებს უნგრევს და გარემოზე უარყოფითად მოქმედებს. კომპანია ზიანს აღიარებს და კომპენსაციას სთავაზობს. მოშიმშილეები „ჯორჯიან მანგანეზის“ აუდიტს არ ენდობიან და მოითხოვენ, რომ ხელისუფლების ჩარევით, ზარალი ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს.

მოშიმშილეთა მდგომარეობა უარესდება

სოფელ შუქრუთში კაცები ორი კვირაა შიმშილობენ, ქალები კი, მეოთხე დღეა. რამდენიმე მათგანს ყოველდღე სჭირდება სამედიცინო დახმარება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. სისხლში შაქრის დონის მატება და წნევის ვარდნა თითქმის ყველას აწუხებს. შუქრუთელთა ნაწილმა კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან, იქ სადაც მაღაროს ვენტილაციის შენობაა და ტურბინა მუდმივად ხმაურობს, სახელდახელოდ მოწყობილ ფარდულებში საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო. როცა არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებიდან ყურადღება არავინ მიაქცია, ერთი თვის წინ, ჭიათურის მერიასთან გადაინაცვლეს და აქციას ორი კვირის განმავლობაში, შადრევნის მოაჯირზე ჩამომსხდარი აგრძელებდნენ. როგორც თავად ამბობენ, მერიამ კარვების გაშლის უფლება არ მისცა და სკვერში სკამებსა და მინდორზე დაჯდომაც კი დაუშალეს, ამიტომ, ისევ სოფელში დაბრუნდნენ.

ამჟამად კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან ფიცრების და ტენტისგან შეკრული ორი ფარდულია. ერთში ხუთი საწოლი დგას კაცებისთვის, მეორეში - სამი ქალებისთვის. როგორც ქალები ამბობენ, ღამეს გაუსაძლის პირობებში ათენებენ: „ღამით ძალიან ცივა. თან გვეშინია, არაფერი შემოძვრეს. გვეშინია, თუმცა, სხვა გზა არ გვაქვს. ერთმანეთს ვამხნევებთ და ვათენებთ“.

შიმშილობის აქციის ორი მონაწილე, ია ასანიძე და სერგო მოდებაძე ცოლ-ქმარი არიან. სერგო ორი კვირაა შიმშილობს. ბოლო დღეებია, სისუსტის გამო ძირითადად, წევს. ია მოშიმშილეებს ოთხი დღის წინ შეუერთდა. მათი მცირეწლოვანი შვილი ბოლო თვეებში მშობლებთან ერთად ფარდულში იყო, ახლა კი, როგორც ია ამბობს, სხვა გზა აღარ დარჩა, შვილი სანდო ხელში დატოვა და ქმართან ერთად აგრძელებს ბრძოლას ნორმალური არსებობისთვის:

„ჩემი სახლის ერთი კედელი მთლიანად დანგრეულია. უბედურებაა ის, რომ ამ სოფელში ახლის აშენებასაც აღარ აქვს აზრი. ინგრევა სოფელი. მადნის მოპოვება ყველა სახლზე ახდენს ზემოქმედებას. იბზარება, ინგრევა კედლები, მიწა ვარდება, მოსავალიც აღარ მოდის. საფრთხის შემცველი გარემოა“.

იმის გამო, რომ მოშიმშილეებთან არც ხელისფლების და არც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები მისულან, შიმშილობა დაიწყო და პირი ამოიკერა ვერა კუპატაძემაც. შიმშილობს მისი შვილიც. „ყურადღება არავინ მიაქცია და მეც შევუერთდი, სხვა გზა მაინც არ გვაქვს“, - გვეუბნება ვერა კუპატაძე.

შეკითხვაზე, რას აპირებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ქალები გვპასუხობენ, რომ დაიხოცებიან და შიმშილობას არ შეწყვეტენ.

რას და რატომ მოითხოვენ მოშიმშილეები?

შუქრუთელთა მოთხოვნა მადნის მოპოვების შეწყვეტა, ან სოფლიდან განსახლებისთვის კომპანიისგან შესაბამისი კომპენსაციის მიღებაა. ამ მიზნით, სახელმწიფოს დახმარება, შუამავლობა და პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვა სურთ.

მოშიმშილე თამარ კუპატაძე გვიჩვენებს კოროხნალის მაღაროს შესასვლელიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, მთის ფერდზე არსებულ გვირაბებს, საიდანაც წლების განმავლობაში მადანს მოიპოვებდნენ. როგორც აგვიხსნა, რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში, ჰორიზონტალურად გაყვანილი გვირაბიდან მარგანეცის გამოტანის შემდეგ, იქ სიცარიელე დარჩა:

„დროთა განმავლობაში, ფერდის ზემოთ მიწა ვარდება, ჩნდება ორმოები და ღრმულები. ჩემს ეზოში რამდენიმე ადგილზე მიწა ჩაიქცა და ხის და თუნუქის ნაჭრები დავაფარეთ, რომ ბავშვები არ ჩამიცვივდნენ, ან საქონელი არ ჩავარდეს. ზოგმა, სადაც მცირე ზომის იყო, ეს ღრმულები ქვიშით ამოავსო, თუმცა, ეს მათ გაღრმავებას ხელს ვერ უშლის. სოფლის საძოვრებზე მიწა იარუსებად დაიყო. პირუტყვის გადენა გვეშინია უკვე სოფელში, რომ სადმე არ გადაიჩეხოს“.

მოშიმშილეებმა არ იციან, რა ღირს მათი ქონება - სახლ-კარი, ეზო, სახნავ-სათესი მიწები, თუ ხეხილის ბაღები და შესაბამისად, რა საკომპენსაციო თანხა ეკუთვნით მიყენებული ზარალის გამო. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ადეკვატურ ექსპერტიზას, რათა შემდეგ ადეკვატური კომპენსაცია მიიღონ და ახალი საცხოვრებელი გარემოს შექმნა შეძლონ.

„35 და 45 ათას ლარად ჭიათურაში კორპუსში ბინის შეძენას თუ შევძლებ. მე არ მინდა სადღაც, ერთოთახიან ბინაში გამოკეტვა. უნდა გადავასვენო მიცვალებულიც. ამიტომ, ვითხოვთ ნორმალურ შეფასებას და კომპენსაციას. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მომიფიქრებია, სად უნდა წავიდე. მე სოფელი მინდა, ეზოს დამუშავება, ჩემი საარსებო სარჩოს მოპოვება. 34 წელია აქ ვცხოვრობ. მინდა ჩემი შვილები სოფელში გავზარდო და ამის საშუალებას არ მაძლევენ“, - გვეუბნება თამარ კუპატაძე.

Your browser doesn’t support HTML5

მადნის მოპოვებით დაზარალებული შუქრუთელები და მათი პროტესტის უკიდურესი ფორმა

შუქრუთელების თანახმად, ამჟამად სოფელში მადნის მესამეული გამომუშავება მიმდინარეობს. მარგანეცის პირველადი მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში განხორციელდა, რის შემდეგაც ნიადაგის ქვეშ დარჩა ე.წ. საყრდენი მასა და მისი გამოღება სოფლისთვის უკვე სახიფათო იყო. ამჟამად სწორედ დარჩენილი მადნის მოპოვება ხდება.

შიმშილობის აქციის მონაწილე ჯანო ლაბაძე გვეუბნება, რომ ბოლო ორი წელია კომპანია მარგანეცს ვახტური წესით მოიპოვებს და თვალნათლივ ჩანს, თუ რა ზიანს აყენებს მოსახლეობას. ჯანო ლაბაძის თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორ „შუქრუთი პლუსს“ მადანი 14 გვირაბიდან გამოაქვს და კიდევ 6-ის გაყვანას გეგმავს, რაც რამდენიმე წელიწადში სოფელს კიდევ უფრო დააზიანებს.

რა ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას?

შიმშილობის აქციის მონაწილეები გვეუბნებიან, რომ შუქრუთში 280 ოჯახი ცხოვრობს, მათი ნაწილის სახლები უკვე დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისია. მათივე თქმით, მდგომარეობას ის ართულებს, რომ მაშინ, როცა მოსახლეობის ერთი ნაწილი მადნის მოპოვებას აპროტესტებს და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს მოითხოვს, მეორე ნაწილი მადნის მომპოვებელ კომპანიაში მუშაობს და შემოსავლის დაკარგვის შიშით, პროტესტს არ გამოთქვამს.

რას ამბობენ კომპანიაში?

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ მისი კონტრაქტორი „შუქრუთი +“ მზად არის სოფლის „რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“.

კომპანიის თანახმად, ინფორმაცია, რომ სამუშაოების მწარმოებელი აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და ზარალს არ უნაზღაურებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან „შუქრუთი პლუსს„ 2020 წლის ივნისიდან გაცემული აქვს დაახლოებით 2 მილიონი ლარის კომპენსაცია. კომპანიის განცხადებითვე, ისევ ძალაშია შეთავაზება გაფიცულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე და შეთანხმების შემთხვევაში, კომპენსაციას კონკრეტულ ვადებში, გეგმის მიხედვით მიიღებენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა შეფასებულია კერძო აუდიტორის მიერ, მოსახლეობის კუთვნილი მთელი ქონების საბაზრო, სარეალიზაციო ღირებულებაზე გაცილებით მეტად და ამასთან, მთელი ქონება კვლავ რჩება სოფლის მოსახლეს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ამბობს, რომ ამ კვირაში შეთანხმება კიდევ 6 ოჯახთან გააფორმა.

რატომ არ ენდობიან კომპანიას?

კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეთა თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში მადნის მოპოვება 2017 წელს დაიწყო. 2019 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სახლები და მიწები დაზიანდა და სოფლის მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქციებიც გამართა, კომპანიამ ზიანი აღიარა, თუმცა, კომპენსაცია მხოლოდ 12-მა ოჯახმა მიიღო.

„რომ არა საპროტესტო აქციები, კომპანიის მხრიდან მიყენებული ზარალის აღიარებასაც ვერ მივაღწევდით. ახლაც, ხან სიტყვიერად ჰპირდებიან მოსახლეობის ნაწილს ზიანის ანაზღაურებას. ზოგიერთს იმასაც არ ეუბნებიან, რას და რამდენს გადაუხდიან. ერთმა ოჯახმა ალტენატიული ექსპერტები მოიყვანა და სამჯერ მეტად შეუფასეს სახლ-კარი და მიწა. ამის შემდეგ, სასამართლოში შეიტანა სარჩელი კუთვნილი კომპენსაციისთვის, თუმცა, პროცესი ისევ გრძელდება და ჯერაც არ იციან, როგორ დასრულდება“, - ამბობენ შიმშილობის აქციის მონაწილეები.

სწორედ იმის გამო, რომ კომპანიის აუდიტს არ ენდობიან, სახელმწიფოს ჩართვას და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებას ითხოვენ, თუმცა, სახელმწიფოსგან პასუხი ისევ არ აქვთ.