ბელარუსში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს 7 აქტივისტსა და ბლოგერს

25 მაისს ქალაქ მოგილიოვის სასამართლომ დახურულ სხდომაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ ბელარუს პოლიტიკურ მოღვაწეს, პავალ სევერინეცს, ორგანიზაცია „ევროპული ბელარუსის“ აქტივისტებსა და 2 ბლოგერს.


რადიო თავისუფლების ბერლარუსული სამსახურის ცნობით, განაჩენი სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე ირინა ლანჩავამ წაიკითხა. მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7 წლით პატიმრობა მიესაჯა ბელარუსის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, პავალ სევერინეცს, „ევროპული ბელარუსის“ კოორდინატორ ევგენი ანფახელსა და აქტივისტ ანდრეი ვოინიჩს.

მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 5 წლით პატიმრობით დაისაჯნენ ამავე ორგანიზაციის აქტივისტები - პაველ იუხნევიჩი და მაქსიმ ვინიარსკი, ასევე „იუტუბის“ არხ „რუხი კატის“ ბლოგერი დმიტრი კოზლოვი. ხოლო მისი კოლეგა, ტელეგრამის არხ „ჩემი ქვეყანა ბელარუსის“ რედაქტორს, ირინა შჩასნაიას, მოსამართლე ირინა ლანჩავამ 4 წლით პატიმრობა შეუფარდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სევერენეცი და სხვა მსჯავრდებულები პოლიტიკურ პატიმრებად ცნეს, ხოლო სახელმწიფო მედია მათ მოიხსენიებს როგორც, „ციხანოუსკი-სტატკევიჩის სისხლის სამართლის საქმის“ ფიგურანტებს.
ბელარუსის სასამართლო გადაწყვეტილების ფონია წინა დღით, ბელარუსის მხრიდან კომპანია რაინეარის იმ თვითმფრინავის მარშრუტის იძულებით შეცვლა და დაფრენის იძულება, რომელიც ევროკავშირის შიდა ფრენას ასრულებდა და რომელშიც ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი, იჯდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფა უწოდა ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას შორის მოძრავი თვითმფრინავის ბელარუსში იძულებით დასმას და ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დაპატიმრებას.

24 მაისს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე ბელარუსის წინააღმდეგ, მათ შორის, ბლოკის საჰაერო სივრცის დახურვაზე ბელარუსის ავიახაზებისთვის.