24 მაისს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე ბელარუსის წინააღმდეგ, მათ შორის ბლოკის საჰაერო სივრცის დახურვაზე ბელარუსის ავიახაზებისთვის - მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა კომერციული თვითმფრინავის იძულებას ბელარუსში დაფრენილიყო ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის რეისის შესრულებისას, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით.
ავიაკომპანია რაინეარის თვითმფრინავი 23 მაისს აიძულეს დაშვებულიყო მინსკში და შემდეგ დააკავეს ბორტზე მყოფი 26 წლის ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი. ევროკავშირმა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა, ბლოკის რამდენიმე ლიდერი ამ ნაბიჯს "სახელმწიფო გატაცებას" უწოდებს.
ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ბლოკმა ოფიციალურ პირებს დაავალა "მიიღონ საჭირო ზომები ბელარუსის ავიახაზებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენების და ევროკავშირის აეროპორტების წვდომის ასაკრძალად" - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პრესმდივანი, ბარენდ ლეიტსი ტვიტერით.
პარალელურად, ბელარუსის ხელისუფლებამ 24 მაისს სახელმწიფო ტელევიზიით გაავრცელა დაპატიმრებული პრატასევიჩის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჟურნალისტი ამბობს, რომ "აღიარებს" სამოქალაქო არეულობის უკან დგომის დანაშაულს - რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბელარუსის ოპოზიციამ და პრატასევიჩის მოკავშირეებმა მისი განცხადებები ზეწოლის შედეგად გაკეთებულად მიიჩნიეს.
სამიტზე მიღებულ განცხადებაში ლიდერები ამბობენ, რომ ევროკავშირი მოითხოვს პრატასევიჩის და მისი მეგობარი ქალის "დაუყოვნებელ გათავისუფლებას" და ევროპის საბჭოს მოუწოდებენ კიდევ დამატებითი სანქციები შემოიღოს ბელარუსის პერსონების და უწყებების წინააღმდეგ.
ლიდერები ბლოკის ავიაკომპანიებს მოუწოდებენ თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს.