საერთაშორისო პარტნიორების გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების სადავო დანიშვნის გადავადებას მოითხოვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ ნაჩქარევ პროცესში ისინი „სასამართლო კლანის“ გაძლიერების მცდელობასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მომავლის დამუხრუჭებას ხედავენ. პარლამენტში აცხადებენ, რომ პროცესი ვერ მოიცდის სასამართლო სისტემის პარალიზების საფრთხის გამო. რადიო თავისუფლებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უთხრეს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია მაინც გაიმართება. პარალელურად იგეგმება არასამთავრობო სექტორის საპროტესტო აქციაც.
24 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საპასუხო წერილი გაუგზავნა აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩებს და შეატყობინა, რომ არ დაკმაყოფილდება მათი რეკომენდაცია - ვაკანტურ ადგილებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დამტკიცებისა და უზენაესი სასამართლოსთვის ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარე წერილობით განუმარტავს დიპლომატებს, რომ პროცესები კონსტიტუციასთან, კანონსა და 19 აპრილის შეთანხმებასთან სრულ შესაბამისობაში მიმდინარეობს; სამომავლოდაც ასე გაგრძელდება და პარლამენტი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს კონკურსს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ვაკანტური ადგილების შესავსებად.
ასევე ნახეთ კუჭავა: პარლამენტი გამოაცხადებს კონკურსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილების შესავსებადვაკანტური პოსტები ცარიელი რომ არ დარჩება, ამის შესახებ 24 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც ილაპარაკა. მისი თქმით, ამ პროცესს არავითარი კავშირი არა აქვს „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ წარმატებასთან.
- სასამართლო სისტემის მმართველი ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება - მათ შორის არიან მოსამართლე და არამოსამართლე წევრები;
- ახლო მომავალში უფლებამოსილების ვადა ეწურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15-დან 9 წევრს - მათგან 5 არამოსამართლე წევრია;
- 5 არამოსამართლე წევრი საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს; ხოლო 4 მოსამართლე წევრი თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ, მოსამართლეთა კონფერენციაზე, პირდაპირი კენჭისყრის გზით;
- გეგმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი დამტკიცება მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომელიც 26 მაისისთვის არის დანიშნული.
ევროკავშირის, აშშ-ისა და ევროსაბჭოს ელჩებისთვის განკუთვნილ საპასუხო წერილში კახა კუჭავა არ ახსენებს 22 მაისს დიპლომატებისგან მიღებული წერილის იმ პასაჟს, სადაც საერთაშორისო პარტნიორები სასამართლო რეფორმის ვალდებულებების კონტექსტში საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერების საფრთხესაც შეახსენებენ. ასეთი გაფრთხილება ბრიუსელიდან აპრილშიც გაისმა.
ეკონომისტებისთვის ცხადია, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების (დაახლოებით 75 მილიონი ევროს) შეჩერება მნიშვნელოვანად დააზარალებს საქართველოს ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას.
ასევე ნახეთ ევროკავშირის გაფრთხილება და საქართველოს ეკონომიკის მომავალი თემიდას სასწორზეროგორც ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი მათ არ გაუსაჯაროებიათ. თუმცა დიპლომატიური წარმომადგენლობებისგან უარყოფა არ მოჰყოლია მედიაში გავრცელებული წერილის ტექსტს.
ტექსტის თანახმად კი, დიპლომატები იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით - ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ითხოვდნენ.
- 19 აპრილის შეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „სიღრმისეულ რეფორმასა“ და კანონმდებლობის სრულყოფამდე ახალი დანიშვნების შეჩერებას ითვალისწინებს.
- 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, რომ კანონპროექტი 1 ივლისამდე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დასკვნის მისაღებად, და პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა გაიმართოს.
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 24 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლო რეფორმა საქართველოში გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდება და „გამაწბილებელი“ იყო, მაგალითად, ის ფაქტი, რომ სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების „არსებითი ელემენტები“ არ მოხვდა კანონის საბოლოო ვერსიებში.
ელჩის შეფასებით, მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება და იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების დამტკიცება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიზანს ეწინააღმდეგება: - „ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს, გადადოს თავისი შეხვედრა (მოსამართლეთა კონფერენცია). გვჯერა, რომ გადადება შესაძლებელია ყველაზე გვიან ივლისამდე, რათა ამ დროში შესაძლებელი გახდეს, რომ ინკლუზიურად წაიწიოს წინ რეფორმამ უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“.
საერთაშორისო პარტნიორებზე აშკარად ბრაზობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი. ის ერთ-ერთია, ვის უფლებამოსილებასაც ვადა ივნისში ეწურება.
საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გვრიტიშვილი მაკროსაფინანსო დახმარების პირობითობასთან დაკავშირებულ გაფრთხილებასაც ახსენებს და საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო სექტორთან ერთად, უსაფუძვლო წინააღმდეგობასა და დისკრედიტაციული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
მაგალითად, დიმიტრი გვრიტიშვილი წერს შემდეგს:
- ჩემი საბჭოს წევრობის განმავლობაში, ანუ 2017-2021 წლების პერიოდში, თითოეულ კონკურსზე, რომელიც ტარდებოდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მიზნით, ჩვენ ვაწყდებოდით ძალიან დიდ წინააღმდეგობას არასამთავრობო სექტორის და მათი დონორების მხრიდან: მოითხოვდნენ პროცესის შეჩერებას, დანიშვნების გადადებას „კანონმდებლობის რადიკალურ ცვლილებამდე“.
- მე შემიძლია სიამაყით ავღნიშნო: ჩვენ არასოდეს ვეპუებოდით! ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად, ბოლომდე მიგვყავდა კონკურსები, ვინაიდან სასწორზე იდო ჩვენი კოლეგების და მთელი სასამართლო სისტემის ბედი. მივიჩნევდი, რომ სწორად ვიქცეოდი! ამ შეუპოვრობის შედეგია, რომ, დღეის მდგომარეობით, სამოსამართლო კორპუსის დაახლოებით 80%-ზე მეტი უვადოდაა დანიშნული.
- რაც შეეხება მოსამართლეთა 26 მაისს დანიშნული კონფერენციას. ის არ უნდა გადაიდოს! ჩემთვის გაუგებარია, რა ცვლილებებზეა საუბარი? საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის კანონმდებლობა ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკებს.
დიმიტრი გვრიტიშვილი მოუწოდებს მოსამართლეების მთელ კორპუსს, რომ საკუთარი პოზიციები დაიცვან 26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენციის ფარგლებში.
ასევე ნახეთ დიმიტრი გვრიტიშვილი: ბედნიერები ვიქნებით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნებატრადიციას დიმიტრი გვრიტიშვილმა არც ამ პოსტში უღალატა და ღიად დაუპირისპირდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც მუდმივად ლაპარაკობდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული „კლანის“ გავლენებზე სასამართლო სისტემაში და მათ შორის - იუსტიციის საბჭოშიც.
მოსამართლეთა კონფერენციის ნაჩქარევად დანიშვნას ნაზი ჯანეზაშვილი, რომელსაც ასევე ეწურება უფლებამოსილების ვადა, კვლავ „კლანის“ გავლენების განმტკიცების მცდელობად აფასებს და თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახლა ცდილობს დრო მოიგოს და დაასწროს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფლობს ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ დასაჯოს ან წაახალისოს კონკრეტული მოსამართლეები თავიანთი პოზიციებისა და შეხედულებების მიხედვით. საბჭო ტენდენციურია და მხარს მხოლოდ იმ მოსამართლეებს უჭერენ, რომლებიც მათ კლანთან ახლოს მოიაზრებიან. საბჭო არ იღებს დადებით გადაწყვეტილებებს იმ მოსამართლეების შემთხვევაში, რომლებიც კლანთან კავშირი არ გააჩნიათ“, - ეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ გზავნილები სენატიდან - ვინ რა გაიგო თბილისშისასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე საუბარს ხელისუფლება მუდმივად არასერიოზულად აღიქვამდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ახირებად თვლიდა. თუმცა ბოლო წლებში ეს ტერმინი საერთაშორისო პარტნიორების ლექსიკონშიც გაჩნდა.
- 2020 წლის ნოემბერში, როცა თბილისს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა, არასამთავვრობო სექტორთან შეხვედრის დროს მან ტერმინი „კლანი“ გამოიყენა და კონკრეტულ ფაქტებზე მეტი ინფორმაციის მიღების სურვილიც გამოხატა;
- 2021 წლის მარტში, აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დროს, „კლანის“ შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კარა მაკდონალდმა ილაპარაკა.
„(საქართველოში) სასამართლო სისტემა ფართოდ აღიარებულია, როგორც არადამოუკიდებელი და მიკერძოებული... მართლმსაჯულების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი შეშფოთება უკავშირდება, მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის იყენებს დისციპლინარულ მექანიზმებს, წამახალისებელ მექანიზმებს და ასე შემდეგ. ეს მოიხსენიება როგორც კლანი“, - განაცხადა მაკდონალდმა და სასამართლო სისტემა არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობასაც დაუკავშირა.
ასევე მისი სიტყვებით, სასამართლო რეფორმა საქართველოში „ძალიან, ძალიან გახანგრძლივდა“, რასაც „ქვეყანა პერიოდულად მიჰყავს ხალხის პროტესტამდე“.
19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად, სასამართლო სისტემაში ახალი დანიშვნების შეჩერებას მოითხოვს მესამე სექტორი და სხვა არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი. ამ ეტაპისთვის ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მხრივ აშკარა უმცირესობაში არიან.
26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
როგორც „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა, სოფო ასათიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესი ახლავე თუ არ შეჩერდა, „ზიანი წლების განმავლობაში ვეღარ გამოსწორდება“ და ვითარება სასიკეთოდ ვეღარ შეიცვლება, თუკი 15-წევრიან საბჭოში 9 წევრი დიდი სიფრთხილით არ დაინიშნება.
„მთავარია, რა გარემო იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რადგან სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ. თუკი უშუალოდ საბჭოში არ გამოიცვლება გარემო, რაც არ უნდა იდეალური კანონი დაწეროს პარლამენტმა და რაც არ უნდა იდეალური კრიტერიუმები გავწეროთ ამა თუ იმ კანდიდატისთვის, საბჭოს წევრი, თუკი ის მიკერძოებულია, ადვილად შეძლებს ამ კრიტერიუმების გადაბიჯებასაც. სისტემის გაჯანსაღების ერთადერთ შანსად, საბჭოს შემადგენლობის ფუნდამენტურ ცვლილებას ვხედავთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფო ასათიანი.
მისი თქმით, თუკი იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ამას აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი რეაგირება და ეს არის დიდი რისკი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისთვისაც.