"თანასწორობის მოძრაობა" თბილისში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 23-24 მაისს აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სამართალდამცველებს ძალადობის ფაქტებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს, აქციის ორგანიზატორებს კი სთხოვს, გაემიჯნონ რადიკალურ ჯგუფებს.
"თანასწორობის მოძრაობის" განცხადების საფუძველი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 23 მაისს აქციაზე ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა აქტივისტებს ბანერი დაუხიეს, 24 მაისს კი მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტ სალომე ბარკერს თავს დაესხა ალექსანდრე ფალავანდიშვილი "ცისარტყელას სამკლავურის" გამო და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
"ძალადობის ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირება არ მოყოლია. ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე აქტივისტი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ტერიტორია.
“თანასწორობის მოძრაობა” მხარს უჭერს რიონის ხეობის მცველების სამართლიან პროტესტს. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს. გვჯერა, რომ პროტესტის მიზანი საერთო კეთილდეობის მიღწევაა და არა საზოგადოების დანაწევრება, პოლარიზება. აუცილებლად მიგვაჩნია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები, გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფებს და ხელი შეუწყონ პროტესტში მონაწილე პირების მშვიდობიან გამოხატვას.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოება, გაატარონ ეფექტიანი ზომები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მოძალადეების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროპორციული საშუალებები გამოიყენონ", - ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" განცხადებაში.
აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე პასუხად აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ აქციაზე ინციდენტებისგან თავის დასაცავად მოქმედებს წესი, რომლის თანახმადაც, არანაირი სიმბოლიკის ტარება, გარდა ეროვნულისა, დაშვებული არ არის.
ასევე ნახეთ ვარლამ გოლეთიანი აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე: სიმბოლიკები არ დაიშვება