საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უარს ამბობს, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეხვდეს, როგორც ამას მათი ერთ-ერთი პირობა ითვალისწინებდა. იგი ამბობს, რომ მისი შეთანხმება შეხვედრასთან დაკავშირებით კვლავაც ძალაშია, თუმცა კონსტრუქციულობის ჩარჩოში:
„ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, ეს საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან.
მით უმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა ლაივში გადაიცემოდა, მათ შორის, „ფეისბუქზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მისი განმარტებით, დღეს დილით მისი აპარატიდან „რიონის ხეობის მცველთა“ ერთ-ერთ ლიდერს ვარლამ გოლეთიანს დაუკავშირდნენ იმისთვის, რათა გაცნობითი შეხვედრა გამართულიყო.
„ეს არ იყო შეხვედრა, სადაც რაიმე პირობებზე უნდა მესაუბრა, მე არ მქონდა კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ეს იყო უბრალოდ შეთავაზება, ისინი თვლიან თუ არა საჭიროდ პარლამენტის ჩართულობას ძალიან მაღალ დონეზე, რომ საკითხი, რომელიც ყველას ადარდებს, გადაიჭრას ყველას ინტერესების გათვალისწინებით და კონსენსუსის მიღწევით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან განაცხადა, რომ კვლავაც მზადაა შეხვედრისთვის, ოღონდ სპეციალური ჯგუფის ფარგლებში.
„ჩემი კარები ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით უკვე გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ეს, ტელევიზიით, თუ ფეისბუქით“, სოციალური ქსელებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთიადღეს, 24 მაისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს შეხვედრა შესთავაზა.
"ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, შეგვიძლია პარლამენტისკენ და თუკი ექნება პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრის სურვილი, გამობრძანდეს, მშვიდობიანად დავდგეთ და მოვისმინოთ, მათ რა აქვთ სათქმელი, თუკი მათგან ამ ტიპის კომუნიკაციაზე იქნება მზაობა... თუ არ გამოვლენ ამ შეხვედრაზე, შევიდეთ შეხვედრაზე რამდენიმე ადამიანი მედიასთან ერთად და დანარჩენი საზოგადოება გარეთ იდგეს და მოისმინოს რას იტყვის...
მათთან არანაირ დიალოგში არ შევდივართ, მაგრამ რადგან მათი მხრიდან სურვილი გამოითქვა, რომ რაღაც აქვთ სათქმელი, ხომ არ მივიდეთ და მოვისმინოთ, რა სათქმელი აქვთ მათ..." - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტების შემდეგ, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მშვიდობიანი მსვლელობით "მშრალი ხიდისკენ" მიემართებიან. ისინი მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ.
ასევე ნახეთ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა თბილისში მსვლელობა დაიწყეს"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში გუშინ გადმოინაცვლა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს და თავიანთი მოთხოვნების შესრულებისთვის ხელისუფლებას ვადა 24 მაისს 12 საათამდე მისცეს. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
- გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
- საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.