ირაკლი ღარიბაშვილი: პარტიაში იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია გვაქვს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ზუგდიდში პარტიულ აქტივთან გამართულ შეხვედრაზე გასცეს დავალება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მაქსიმალური მობილიზება მოახდინონ.

დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები - პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს დახურულ ფორმატში შეხვდნენ.

პრემიერ-მინისტრმა და ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს:

„ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მოგეხსენებათ, რომ არჩევნები გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში. მთავარი დავალება, რაც ჩვენ მივეცით ადგილზე პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების, აქტივის იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს პარტიაში მზაობა და მოტივაცია არის ძალიან მაღალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტია გაიმარჯვებს დამაჯერებლად”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არსებობს თუ არა დაპირისპირება მმართველ გუნდში, აღნიშნა, რომ ეს არის პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება „დეგრადირებული, ფაქტობრივად დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან, იმისათვის, რომ თავად გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა“.

პრემიერის სიტყვებით, დღეს პარტიაში იდეალური, ჰარმონიული სიტუაციაა. რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებზე მის მოსაზრებას, ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანაში 2012 წლიდან „ჭეშმარიტი დემოკრატიაა“ და ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, აქციების მეშვეობით.