მინსკში დააკავეს ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი

რამან პრატასევიჩი

მინსკში დააკავეს ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება არეულობების მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური. პრატასევიჩი იმყოფებოდა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელიც ათენიდან ვილნიუსში ასრულებდა რეისს და დაუგეგმავად დაჯდა მინსკში.

მანამდე იტყობინებოდნენ, რომ თვითმფრინავი მინსკში დაჯდა მასში ბომბის არსებობის თაობაზე ცნობის გამო. ბომბი ვერ იპოვეს. მგზავრთა შემოწმებისას დააკავეს რამან პრატასევიჩი.

როგორც Telegram-ის ერთ-ერთი არხი იტყობინება, მინსკში თვითმფრინავის დაჯდომის შესახებ განკარგულება პირადად ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გასცა. მისი დავალებით სამგზავრო თვითმფრინავის თანხლებისთვის ჰაერში ავიდა გამანადგურებელი MiG-29.

ამასთან, საიტ Flightradar24-ზე ჩანს, რომ თვითმფრინავი მინსკისკენ შებრუნდა, როცა ის უკვე თითქმის ლიეტუვის საზღვართან იმყოფებოდა.

ბელარუსის ხელისუფლება თვითმფრინავის მინსკში დასმას არ უკავშირებს პრატასევიჩის დაკავებას.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ჟურნალისტი და ინციდენტი გამოძიებულ იქნეს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში. „დღეიდან ვერავინ, ვინც ბელარუსის თავზე გადაიფრენს, ვეღარ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. საჭიროა საერთაშორისო რეაქცია,“ დაწერა მან.

რამან პრატასევიჩი უკანასკნელ ხანებში უძღვებოდა Telegram-ის არხს „თავის ტვინის ბელარუსი“, ადრე კი Telegram-ის ოპოზიციური არხის, NEXTA-ს მთავარი რედაქტორი იყო. არხი ფართოდ აშუქებდა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს. ეს არხი ბელარუსში ექსტრემისტულადაა მიჩნეული. ბელარუსის ხელისუფლებამ პრატასევიჩზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა და ის ტერორისტების სიაში შეიყვანა. ჟურნალისტმა ბელარუსი უსაფრთხოების მოსაზრებებით დატოვა.

ბელარუსში მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებით, პრატასევიჩს სიკვდილით დასჯა ემუქრება.