"ლოპოტის ხეობის მცველები“  უერთდებიან  23 მაისის აქციას

„ნამახვანჰესის“ მშენელობის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილ აქციას, რომელიც 14.00 საათზე რესპუბლიკის მოედანზეა დანიშნული, მხარდამჭერები კახეთიდანაც შეუერთდებიან. აქციაზე დასასწრებად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურიდან „ლოპოტის ხეობის მცველები“ უკვე გაემგზავრნენ.

ერთ-ერთი მათგანი ნათია რაზიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლოპოტის ხეობის მცველები სოლიდარულები არიან რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, და ამიტომ უერთდებიან აქციას თბილისში.

„პროცესები დიდი და მცირე ჰესების შემთხვევაში იდენტურია, სწორედ ამიტომ ეს პრობლემა ეხება ყველას და ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით. ასევე ამ ფორმით ვაპროტესტებთ სოფელ ლაფანყურში ლოპოტა ჰესთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესებს“ - განაცხადა ნათია რაზიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლაფანყურში, მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2018 წელს მიიღო, თუმცა, ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტის გამო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მეგავატი იქნება.

მიმდინარე წლის 22 მარტიდან სოფელ ლაფანყურში ადგილობრივების ნაწილს კარავი აქვს გაშლილი და იქ ღამეებს მორიგეობით ათენებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობა სოფლისთვის საფრთხეს წარმოადგენს და კომპანიას სამუშაოების დაწყების საშუალებას არ მისცემენ.