„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის 209-ე დღეს „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ქუთაისიდან გაეშურნენ თბილისისკენ, სადაც 14.00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციაა დანიშნული.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, რომელიც 23 მაისს თბილისში იმართება, ქუთაისიდან რამდენიმე ასეული აქტივისტი შეუერთდა. ავტომანქანებით, მიკროავტობუსებითა და ავტობუსით მოქალაქეები ქუთაისის სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და კოლონად დაწყობილი, საქართველოს ეროვნული დროშებითა და საყვირების გაბმული სიგნალით, თბილისისკენ გაემართნენ.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მესხი ამბობს, დღეს მნიშვნელოვანია იმ ერთობის დადასტურება, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია საზოგადოებაში: „უმნიშვნელოვანესია ადამიანების ჩართულობა, რათა ხელისფლებამ გაიგონოს პროტესტში მონაწილე მოქალაქეების ხმა“.
ქუთაისიდან თბილისში აქციაზე მიმავალ აქტივისტებს შეუერთდნენ მოქალაქეები, რომლებიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს იზიარებენ და სოლიდარობას უცხადებენ 6 თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს.
როგორც „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, შორენა ლუტიძე ამბობს, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო მათი დარწმუნება ჰესის უსაფრთხოებაში. მისთვის ასევე მიუღებელია მიწის ხანგრძლივად გასხვისება:
„ჩემი პროტესტი ეხება მიწის გასხვისებას, რისი უფლებაც არავის აქვს, ჩვენ არ გვაქვს დასარიგებელი მიწა და ვიცავთ რაც ჩვენია. აქციაში მონაწილეობით ხელისუფლებისგან ვითხოვ პასუხს, რატომ გაასხვისეს ჩვენი მიწები“.
ასევე ნახეთ ნამახვანჰესის კრიზისის განმუხტვის აუცილებლობაზე ლაპარაკი დაიწყო - რას სთავაზობს ხელისუფლება აქტივისტებს?თბილისში დანიშნულ აქციაზე წავიდა რიონი ხეობის მცხოვრები 85 წლის ფაფალა ლომთაძეც, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ორგანიზებულ აქციებში ქუთაისსა და გუმათში. როგორც ფაფალა ლომთაძე ამბობს, თბილისში დარჩება იქამდე, ვიდრე აქტივისტების მოთხოვნები არ შესრულდება, „სხვაგვარად როგორ შეიძლება! ვუერთდები ყველა იმ მოთხოვნას, რაც „რიონის ხეობის მცველებს აქვთ“.
თბილისში 23 მაისს აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა, ხელისუფლებისგან თავიანთ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს და რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა.
აქტივისტებს მდინარე რიონის ხეობაში კარვები გაშლილი აქვთ სამ სხვადასხვა ადგილზე. მოძრაობის წევრებმა და პროტესტის მხარდამჭერებმა 208 დღე და ღამე ამ კარვებში გაატარეს.
„რიონის ხეობის მცველების“ მოთხოვნებია:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
- გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
„ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუობლზმა“ ხეობაში სამუშაოები აქტიურად აპრილიდან მას შემდეგ გააგრძელა, რაც კომპანიის ახლად დანიშნული მმართველი მერაბ ლომინაძე ხეობაში პოლიციის თანხლებით ჩავიდა.
ასევე ნახეთ 169 დღე კარვებში, მეორე ღამე კარვების გარეშე - როგორ გაგრძელდება ნამახვანჰესის პროტესტისოფელ ნამოხვანში სამართალდამცველებმა აშალეს კარვები, სადაც პროტესტს გამოხატავდნენ ჰესის მოწინააღმდეგეები. მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა სოფელ გუმათში გადაინაცვლეს, ხეობის შესასვლელთან, სამართალდამცველების მიერ აღმართულ რკინის კედლთან. კედლის გამო, თვეზე მეტია, იქ მცხოვრებ მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევს სიარული. ხეობაში არ უშვებენ არც აქციების მონაწილეებს.
24 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება „რიონის ხეობის მცველების“ მიერ წამოყენებული მოთხოვნების საპასუხოდ. ტექსტში ვკითხულობთ, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვით და პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიქირაოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც შეისწავლის „კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას“. ასევე, მთავრობა აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია "ენკასთან" და კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავებაა - 1,500.00 გგვტ.სთ.