ადგილობრივი ექიმები - ახალი დაბრკოლებები ახალგორელებისთვის

ახალგორი

ოკუპირებული ახალგორის რაიონის მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამს ამ ბოლო დროს წარმოშობილი ახალი დაბრკოლებების გამო. მათ, წინა წლებისგან განსხვავებით, ამ დაბრკოლებებს დე ფაქტო ძალოვანები აღარ უქმნიან. ახალგორელებს ადგილობრივი საავადმყოფოდან ნებართვა სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში ჯანდაცვის სერვისის მისაღებად მოხვდნენ, დაბრკოლებებს კი სწორედ ადგილობრივი ექიმების მხრიდან აწყდებიან.

გასული წლის დეკემბერში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პაციენტებისთვის გადაადგილების რეჟიმი შეარბილა და მრავალი ბიუროკრატიული მექანიზმის გავლის ნაცვლად ნებართვის გაცემის უფლება ჯანდაცვის მუშაკებს მისცა. უფრო გამარტივდა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის პირობები და თითქმის ყოველდღიურად, მაგალითად, ცხინვალიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს პაციენტები უპრობლემოდ გამოჰყავს. მანამდე კი რთული პროცედურების გავლა იყო საჭირო. ჯერ ახალგორელ ექიმს უნდა დაედო დასკვნა, რომ პაციენტს თბილისში მკურნალობა ესაჭიროებოდა, ამის შემდეგ პაციენტი ცხინვალში გადაჰყავდათ, იქ უტარებდნენ გამოკვლევებს და გადაყვანის შესახებ ცხინვალელი ექიმების დასკვნაც აუცილებელი იყო. ამის შემდეგ ნებართვა უნდა გაეცა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ბოლოს, პაციენტის ნათესავებს ერგნეთის საგუშაგომდე უნდა მოეყვანათ, სადაც უკვე გორიდან ან თბილისიდან ჩასული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ან წითელი ჯვრის კომიტეტი დახვდებოდა.

მე მზად ვარ თვალი დავხუჭო იმაზე, როცა ჯანმრთელ ადამიანს ცნობის სანაცვლოდ ფულს ართმევენ და ყალბ ცნობებს უწერენ იმისთვის, რომ ისინი წავიდნენ და თბილისში ნათესავები მოინახულონ, მაგრამ როცა ავადმყოფებს არ უშვებენ, ვიდრე ისინი ფულს არ გადაიხდიან, ეს უკვე დანაშაულია...
თამარ მეარაყიშვილი

ამ პროცედურების გავლას მრავალი დღე სჭირდებოდა და ისიც მხოლოდ გადაუდებელი ავადმყოფების გადაყვანის შემთხვევაში მოქმედებდა, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის კი ე. წ. საზღვარი დაკეტილი იყო. ვითარება სულ უფრო მძიმდებოდა. დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო მხოლოდ ახალგორში, ადგილობრივთა ინფორმაციით, 40-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც საქართველოს კლინიკებში ან ვერ გადაიყვანეს, ან დაგვიანებით შემოვიდნენ.

გასული წლის დეკემბერში დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ რეჟიმის შერბილება დაიწყო და ახალგორელ ექიმებს გადასცა უფლებამოსილება თავად განესაზღვრათ პაციენტების საქართველოს კლინიკებში ტრანსპორტირების საჭიროება. ეს ეხებოდა არა მხოლოდ გადაუდებელ, არამედ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსაც. ახალი მექანიზმით, ადგილობრივი ექიმი პაციენტის გადაყვანის აუცილებლობის შესახებ ატყობინებს რაიონის ადმინისტრაციას, იქიდან კი ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებს აწვდიან ინფორმაციას, ამის შემდეგ მოსაბრუნის ე. წ. გამშვები პუნქტი იხსნება. ახალი დაბრკოლება კი ახლა ადგილობრივ ექიმებთან გაჩნდა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალგორელი ექიმები ასეთ ცნობებს ფულით გასცემენ, გადახდის საშუალება კი ბევრს არა აქვს.

„მე გაოცებული ვიყავი იმის გამო, რომ ადგილობრივ ექიმებს პაციენტების დასაცავად ბოლო ორი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ. ხელისუფლება მათ წინაშე კი არა, სამოქალაქო საზოგადოების წინაშე წავიდა დათმობებზე. სადაა მათ მიერ დადებული ჰიპოკრატეს ფიცი და ექიმის ვალდებულებები? ახლა კი, როცა ხელისუფლება პაციენტებს გადაადგილების უფლებას აძლევს, ექიმებმა შექმნეს დაბრკოლებები. ვიდრე ავადმყოფები ფულს არ გადაიხდიან, ისინი ცნობის გაცემაზე უარს ეუბნებიან. მე მზად ვარ თვალი დავხუჭო იმაზე, როცა ჯანმრთელ ადამიანს ცნობის სანაცვლოდ ფულს ართმევენ და ყალბ ცნობებს უწერენ იმისთვის, რომ ისინი წავიდნენ და თბილისში ნათესავები მოინახულონ, მაგრამ როცა ავადმყოფებს არ უშვებენ, ვიდრე ისინი ფულს არ გადაიხდიან, ეს უკვე დანაშაულია. ასეთ ადამიანებს არა აქვთ უფლება ექიმის ხალათი ატარონ. ისედაც გაღარიბებულ პაციენტებს ტყავს აძრობენ. ვინც ფულით გადახდას ვერ შეძლებს, მათ სოფლის პროდუქტებით ახდევინებენ“.

თამარ მეარაყიშვილი

თამარ მეარაყიშვილის თქმით, ვითარების გამოსწორების იმედი თებერვალში გაჩნდა, როცა ახალგორის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ზურაბ გობოზოვის, შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამ სქემის აწყობას და ადგილობრივი ჯანდაცვის განადგურებას სწორედ გობოზოვს უკავშირებენ ადგილობრივი მცხოვრებლები. გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში კადრების დეფიციტია. არ არსებობს მეან-გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი. დაახლოებით ერთი თვის წინ ახალგორში ცხინვალიდან დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და საავადმყოფო შეამოწმეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი გიორგი ტოტჩიევი დაკავებული თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გადადგა და მისი ადგილი მოადგილემ, სოსლან ნანიევმა, დაიკავა. ახალგორში იმასაც ამბობენ, რომ გობოზოვს წინა ე. წ. მინისტრი, ტოტჩიევი, თანაკურსელობის გამო ხელს აფარებდა. ახლა კი კიდევ ერთხელ გაჩნდა იმედი, რომ ნანიევი მას გაათავისუფლებს.

„რა თქმა უნდა, არსებობენ წესიერი ექიმები, მაგრამ მათი ჩამოთვლა ხელის თითებზე შეიძლება. ცხინვალიდან პერიოდულად გვიგზავნიან კარგ, კეთილსინდისიერ ექიმებს, მაგრამ ადგილობრივი ექიმები მათზე საჩივრებს და ანონიმურ წერილებს წერენ, ცილს სწამებენ და აიძულებენ, რომ აქედან წავიდნენ. მათ გარშემო ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომ სწრაფად დატოვონ აქაურობა. ცოტა ხნის წინ ცხინვალიდან ორი ექიმი გამოგვიგზავნეს - ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი და რადიოლოგი, შესანიშნავი სპეციალისტები. მათ კაბინეტებთან მაშინვე ადამიანების რიგი გაჩნდა, მაგრამ მოულოდნელად ორივე მოწყობილობა გაფუჭდა და ამ დროს ეს ექიმები საავადმყოფოში არ იმყოფებოდნენ. ამით დასრულდა მათი მუშაობა ამ სფეროში. საავადმყოფოს პერსონალი, რომელსაც ვენდობი, ამტკიცებს, რომ მოწყობილობები განზრახ დააზიანეს იმ მიზეზით, რომ ამ სპეციალისტებს აქ არ ემუშავათ და დაბა დაეტოვებინათ.

მეც დამჭირდა ფორმა 100, მაგრამ ვიცოდი, რომ ადგილობრივი ექიმი ფულს მომთხოვდა ფორმა 100-ის დაწერაში, - რომ ფულს იღებენ, ეს აქ ყველამ იცის, - ამიტომ ცხინვალელ ექიმთან წავედი...

ახლა პაციენტს ძალიან მარტივად ეუბნებიან, რომ რენტგენის და ექოსკოპიის გარეშე დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ასე რომ, ან ცხინვალში წადით, ან გადაიხადეთ და თბილისში მკურნალობისთვის გაემგზავრეთ, თან ნათესავებსაც მოინახულებთო. ...აი, ასეთი მზრუნველი ხალხია. უსაქმურობისთვის ისინი სულ მცირე ორმოც, ორმოცდაათი ათას მანეთს იღებენ. ისინი სამსახურში მიდიან და, უბრალოდ, კლიენტს ელოდებიან. ორიოდე მომხმარებელიც რომ მივიდეს და ათი , ოცი ათასი მიიტანოს, ზოგი პროდუქტსაც მიაწვდის და მეტი რაღა უნდათ?“ - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

ოკუპირებულ ახალგორში მოსახლეობა ყოველდღიურად მცირდება, პატარა საზოგადოებაში კი ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო დაბიდან გვატყობინებს, რომ ექიმების მიერ პაციენტებისთვის ფულის გამორთმევის და ჯანმრთელი ადამიანებისთვის ყალბი ცნობების გაცემის შესახებ მანაც იცის. ჩვენი წყარო თავადაც ცდილობს ახალგორის დატოვებას, მას ქრონიკული დაავადებები აწუხებს და თბილისში გამოკვლევებზე წასვლას აპირებს.

„დიახ, ასეთი ამბები სწრაფად ვრცელდება ახალგორში. მეც დამჭირდა ფორმა 100, მაგრამ ვიცოდი, რომ ადგილობრივი ექიმი ფულს მომთხოვდა ფორმა 100-ის დაწერაში, - რომ ფულს იღებენ, ეს აქ ყველამ იცის, - ამიტომ ცხინვალელ ექიმთან წავედი, რომელმაც გამსინჯა, გულდასმით მომისმინა და სრულიად უფასოდ დამიწერა ეს ცნობა. თვითონვე მითხრა, რომ კვლევები აუცილებლად მჭირდება და გადადება აღარ შეიძლება. მაგრამ ყველა ხომ ვერ დადის ამხელა გზაზე ცხინვალში? მეც საქმეზე ვიყავი წასული, შემთხვევით ვისარგებლე და ასე შევედი ექიმთან. ახლა ეს ცნობა უკვე ახალგორის ადმინისტრაციაში მივიტანე და მალე აქედან წამოვალ. ჩავიტარებ ყველა კვლევას, ვიმკურნალებ და მერე, მოგვიანებით, დაბაში ისევ დავბრუნდები“, - გვეუბნება წყარო ახალგორიდან, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ახალგორის საავადმყოფოში შექმნილი ვითარების შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკშიც გამოაქვეყნა ინფორმაცია. პოსტზე მან მონიშნა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები - დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი. დაბაში ცვლილებებს ელოდებიან, თუმცა როდის მოხდება ეს ცვლილებები, არავინ იცის.