"COVID-19-ის გავრცელების ძირითადი წყარო ჰაერია" - 10 სამეცნიერო არგუმენტი ჟურნალ "ლანცეტიდან"

აქამდე ცნობილი იყო რომ კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა, თუმცა მკვლევრების ერთი ჯგუფი, ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ ლანცეტში წერს, რომ ვირუსის გავრცელების ძირითადი წყარო ჰაერია და არა ვირუსით დაბინურებული ზედაპირები ან გამოფრქვეული წვეთები. ამ აზრის განსამტკიცებლად, კვლევებზე დაფუძნებით ავტორები წარადგენენ 10 არგუმენტს. ისინი საუბრობენ, თუ რატომ არის განსაკუთრებით საყურადღებო ვირუსის ჰაერით გადაცემის საფრთხე და რითი დასტურდება ეს.

აი, ის 10 სამეცნიერო არგუმენტი:

1. ადამიანის ქცევის ანალიზმა, გარემოში ურთიერთქმედებამ, ოთახების ზომამ, შეხვედრებმა, სამოგზაურო კრუიზებმა, მოხუცებულთა თავშესაფრების სიტუაციამ და სხვა, აჩვენა შორ დისტანციაზე გადადების შემთხვევები, როდესაც ერთდროულად დიდი ჯგუფები ინფიცირდებოდნენ.

ავტორები ვარაუდობენ, რომ ვირუსის ასეთი სწრაფი და შორ დისტანციაზე გავრცელება მისი საჰაერო გზით გადაცემით შეიძლება აიხსნას, რადგან, მათი აზრით, შეუძლებელია, რომ მასშტაბური გავრცელების შემთხვევები უკავშირდებოდეს წვეთებით ან ნივთებით გადაცემას.

2. შორ მანძილზე გადადების შემთხვევა დაფიქსირდა საკარანტინო სასტუმროში, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთის მეზობელ ოთახებში ცხოვრობდა და არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს.

3. უსიმპტომო ან პრესიმპტომური (სანამ არ გამოვლენიათ ვირუსის სიმპტომები) ადამიანებისგან ვირუსის გადაცემის შემთხვევები - ისინი არ ახველებენ და არ აცემინებენ, რომ წვეთებით მოხდეს ვირუსის გავრცელება, რაც, ავტორების აზრით, იძლევა იმის საფუძველს, რომ მიზეზი ჰაერით ინფიცირებაში ვეძებოთ.

გაირკვა, რომ ადამიანი საუბრისას აფრქვევს ათასობით ნაწილაკს და რამდენიმე წვეთს, რომელიც ჰაერში ვრცელდება, გლობალური მასშტაბით კი მთლიანი გადაცემის მინიმუმ მესამედის წყარო უსიმპტომო ადამიანები იყვნენ.

4. ვირუსის გავრცელების რისკი უფრო მაღალია დახურულ სივრცეში, ვიდრე გარეთ, და გაცილებით მცირდება, თუკი შიდა სივრცე ნიავდება. ორივე დაკვირვება ამყარებს საჰაერო გზით ვირუსის გადაცემის გზას.

5. ჰოსპიტლებში დაინფიცირების შემთხვევები აღწერილია იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მკაცრად იცავდნენ თავს წვეთოვანი გზით დაინფიცირებისგან, მაგრამ არა აეროზოლის გამოფრქვევისგან. ანუ ლაპარაკის, ხველის ან ცემინების დროს გაფრქვეული მიკრონაწილაკებისგან, რომლებიც დიდხანს რჩებიან ჰაერში.

6. ჰაერში აღმოაჩინეს ცოცხალი SARS-CoV-2, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში SARS-CoV-2 ჰაერში გადამდები რჩებოდა 3 საათამდე. სიცოცხლიუნარიანი ვირუსი აღმოაჩინეს ჰაერში ორ შემთხვევაში, ერთი ეს იყო კოვიდინფიცირებულების ოთახი, მეორე - ინფიცირებული პაციენტის მანქანა.

7. SARS-CoV-2 აღმოაჩინეს საჰაერო ფილტრებში, საავადმყოფოს საჰაერო მილებში, სადაც მეტწილად კოვიდინფიცირებული პაციენტები იყვნენ. ასეთ ადგილებში ვირუსის მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ აეროზოლების მეშვეობით.

8. როდესაც ინფიცირებული და არაინფიცირებული ცხოველების გალიები ერთმანეთთან საჰაერო მილით დააკავშირეს, აღმოჩნდა, რომ დაინფიცირება კონტაქტის გარეშე, ჰაერით მოხდა.

9. ზოგიერთი ადამიანი არ დაინფიცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმავე ჰაერით სუნთქავდნენ, სადაც იმყოფებოდნენ ინფიცირებული ადამიანები, თუმცა ეს შესაძლოა აიხსნას, მაგალითად, ინფიცირებულთა მიერ გაფრქვეული ვირუსის ნაწილაკების მცირე რაოდენობით და სხვადასხვა გარემო ფაქტორებით, მაგალითად, კარგი ვენტილაციით.

10. ძალიან მცირეა მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მოსაზრებას, რომ დაავადების ძირითადი გადაცემის გზა ან წვეთოვანია, ან დაინფიცირებული საგნები.

ერთმანეთთან ახლოს მყოფ ადამიანებს შორის ინფექციის გავრცელება მარტივად ხდება წვეთებითაც. თუმცა ახლოს ინფექციის გადადება ხდება, როდესაც დაინფიცირებული ადამიანის ამოსუნთქული აეროზოლები განზავდება ჰაერში.

სამეცნიერო სტატიის ავტორები ასკვნიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების სხვა გზების გამორიცხვა არ შეიძლება, მათ მიაჩნიათ, რომ ჰაერით ინფექციის გადაცემის მარშრუტი, სავარაუდოდ, დომინანტურია.

უნდა შეიცვალოს თუ არა ამ ინფორმაციის შემდეგ ჩვენი ქცევა? - ეს კითხვა ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს დავუსვით

Your browser doesn’t support HTML5

მაია ბუწაშვილი -COVID 19 -ის გავრცელების გზებზე

თუკი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი არგუმენტი საკმარისია იმის სათქმელად, რომ ვირუსის გადაცემის ძირითადი წყარო ჰაერია, მაშინ, როგორც ინფექციონისტები გვეუბნებიან, საჭირო იქნება ქცევის სრულებით შეცვლა. მაგალითად, არ იქნება საკმარისი სამეციდინო ნიღბები და საჭირო გახდება N95-ის ტიპის სამედიცინო ნიღბების გამოყენება, რასაც სამედიცინო პერსონალიც სპეციფიკურად იყენებს ინფიცირებულ პაციენტენთან კომუნიკაციისას, მას სჭირდება სპეციალური მორგების ტესტი და სწორად გამოყენება.

იქამდე, სანამ სამეცნიერო წრეებში შეთანხმდებიან, ძირითადად ჰაერით გადაეცემა ვირუსი თუ წვეთებით, ვირუსისგან პრევენციის რეკომენდაციები უცვლელია: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, დახურული სივრცეებისთვის თავის არიდება და შენობების ხშირი განიავება.