გრიგორი კარასინი: დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე ახალი პროვოკაციები რუსეთის მოქალაქეების მიმართ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის „სასარგებლო ნორმალიზების პროცესს“ ხელს უშლის საქართველოს ზოგიერთი წარმომადგენლის ღიად არამეგობრული განცხადებები საერთაშორისო არენაზე. ვიდეოკონფერენციის ფორმატში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან, 21 მაისს გამართული მოლაპარაკების დროს კარასინმა ხაზის გაუსვა ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ახალი პროვოკაციების „დაუშვებლობას“.

„დადებითი დინამიკა (საქონელბრუნვაში) კონტრასტშია საქართველოს ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან რუსეთის მიმართ ღიად არამეგობრულ განცხადებებსა და ნაბიჯებთან, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, რაც ხელს უშლის პრაქტიკული ურთიერთქმედების გაძლიერებას და ურთიერთობათა ნორმალიზების ობიექტურად ხელსაყრელ პროცესს. რუსეთის მხრიდან ხაზი გაესვა ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეთა მიმართ ახალი პროვოკაციების დაუშვებლობის მნიშვნელობას“, - ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება გრიგორი კარასინის პრესცენტრზე დაყრდნობით.

არახელსაყრელი პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად, მხარეებმა დაადასტურეს პოზიტიური დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში, სადაც თურქეთის შემდეგ რუსეთი რჩება საქართველოსთვის მეორე პარტნიორად და მისი პროდუქციის გასაღების მთავარ ბაზრად. „მათ შორის ქართული ღვინის უმსხვილეს მომხმარებლად, რომლის მიწოდება რუსეთის ბაზარზე 2021 წლის პირველი 4 თვის განმვალობაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია რუსეთის ოფიციალურ ცნობაში, რომლის თანახმად, ზურაბ აბაშიძესთან პარასკევს გამართულ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე ორივე ქვეყნის საგარეო და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები.

ამავე ცნობით, რუსეთის ფედერაციის და საქართველოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს ამიერკავკასიაში სატრანსპორტო თანამშრომლობაზე, ყურადღება მიაპყრეს იმ შესაძლებლობებს, რაც „სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის შედეგად ჩნდება ამიერკავკასიაში“, აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის ერთობლივი განცხადებების შედეგად.

კოვიდპანდემიის გამო გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის ონლაინფორმატში მოლაპარაკება მეორედ გაიმართა. მანამდე, 2012 წლიდან მოყოლებული, მხარეები დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს ტრადიციულად მართავდნენ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში. 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიეთობების გაწყვეტის შემდეგ, პრაღის შეხვედრა წარმოადგენს ერთადერთ პირდაპირი დიალოგის ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის.