ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში ადგილობრივ მოსახლეობასა და სასულიერო პირს შორის დაპირისპირება საძოვრის გამო დაიწყო. ყინწვისელები აცხადებენ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის ბერმონაზონი ნაომი მათ ავიწროებს. მათი თქმით, სასულიერო პირი საძოვრებსა და ტყესთან მისასვლელ გზას კეტავს, ტერიტორიაზე ფერმას აშენებს და მათ საქონელს იქ აღარ უშვებს. ყინწვისელები ბერმონაზონთან ვითარების გასარკვევად მივიდნენ, მაგრამ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივთა განცხადებით, სახელმწიფომ ეკლესიას ასობით ჰექტარი მიწა უკვე გადასცა და ბერმონაზონს შეეძლო ფერმა სამონასტრო მიწაზე აეშენებინა, ის კი სახელმწიფო საკუთრებაში, სოფლის კუთვნილ საძოვარზე ჩამოვიდა და დაეპატრონა. სასულიერო პირმა ტერიტორია მშენებლობისთვის უკვე მოამზადა. ყინწვისელებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს.
ჩვენი სარჩო ხომ უნდა გვქონდეს?! მამა ნაომთან მივედით, შეგნებულად ვუთხარით, ვთხოვეთ და გვითხრა, თქვენ არავინ გეკითხებათო...იოსებ ქუმარიტოვი
სოფლის მცხოვრები თეონა ქოქოევი ამბობს, რომ ეს საძოვარი ყოველთვის სოფლის საკუთრება იყო და ეკლესიას არასოდეს ეკუთვნოდა.
„მამა ნაომი საძოვარზე გვედავება, დაბლა ჩამოვიდა ერთ-ერთ თავისუფალ მიწაზე და მოინდომა ფერმის აშენება და ამას ვაპროტესტებთ. სოფელში ფიზიკურად აღარ რჩება ადგილი, რომ საქონელი ვაძოვოთ. არც იმდენი ნაკვეთები გვაქვს, რომ ჩვენს ბაღებში შევიყვანოთ. სასულიერო პირი ამბობს, თქვენ არავინ გეკითხებათო, უფლის ნებაა და აშენდებაო. ისიც უფლის ნებაა, რომ გლეხ ხალხს ლუკმა გამოსტაცო პირიდან? თუ ეს უფლის ნებაა, იყოს უფლის ნება მაშინ“.
ყინწვისელი იოსებ ქუმარიტოვი აცხადებს, რომ სოფლის საძოვარი ერისაცაა და ბერისაც და ის არავინ უნდა მიისაკუთროს.
„სოფელს საძოვარი უნდა ჰქონდეს და არავინ უნდა დაეპატრონოს მას და არ წაგვართვან. ჩვენი სარჩო ხომ უნდა გვქონდეს?! მამა ნაომთან მივედით, შეგნებულად ვუთხარით, ვთხოვეთ და გვითხრა, თქვენ არავინ გეკითხებათო. როგორ არ გვეკითხება?! ერთად უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ და რატომ აკეთებს ეგეთ რაღაცას. სოფელი რამეს მოვიმოქმედებთ. ველოდებით, მთავრობა რას გვეტყვის. გამგეობიდან იყვნენ მოსულები და შეგვპირდნენ, რომ ყველაფერი დალაგდება და რიგზე იქნებაო და ველოდებით“.
ყინწვისელები ამბობენ, რომ ბერის საქციელით შეურაცხყოფილები არიან:
„დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა მამაომ: არ მაინტერესებს, მაინც გავაკეთებო. ხალხს გვჩაგრავენ. საწყალი ხალხი დაბლა დავეცით და კიდევ ზევიდან გვაწვებიან. საძოვარი აღარ დარჩა, სად წავიყვანოთ საქონელი? სოფლისთვის ეგ საძოვარი საარსებო წყაროა, რომ საქონელი გავიყვანოთ და რაღაც პროდუქტი მივიღოთ. ესეც თუ არ დარჩა, რიღათი ვიარსებოთ?“- აცხადებენ ყინწვისელები და რეაგირებას ხელისუფლებისგან მოითხოვენ.
ბერმონაზონი ნაომი არ უარყოფს, რომ ნამდვილად აპირებს ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას, თუმცა ეს არ იქნება ფერმა, ეს იქნება ბოსელი იმ პირუტყვისთვის, რომელსაც ადამიანები მონასტერს სწირავენ. ნაომი აცხადებს, რომ ადგილობრივებთან არანაირი დაპირისპირება არა აქვს და მას, როგორც ღმერთის მსახურს, უფლება აქვს, რომ ორი ძროხა იყოლიოს.
„მოვიდეს ერთი ადამიანი და მითხრას, ვის ჩავუკეტე გზა. ვის აქვს უფლება, რომ ამიკრძალოს აქ ძროხის ყოლა? მე არავის ვავიწროებ, თვითონ არ უყვართ ღმერთი და ღმერთი არ სწამთ. ეშმაკს არ უყვარს ღმერთი და, ალბათ, ეშმაკის მსახურებიც არიან ეგენი. რა უნდათ? არ შეიძლება, რომ ერთი ძროხა და ერთი ყველი მქონდეს მე, ღმერთის მსახურს?“
ქარელის მერიაში ყინწვისელების განცხადება უკვე შევიდა, მერიაში კი აცხადებენ, რომ საკითხს შეისწავლიან. ყინწვისელები ამბობენ, რომ თუ მათი შევიწროება გაგრძელდება, საპროტესტო აქციებს გამართავენ.
მათ სასულიერო პირების მიწები მიითვისეს. ლობიოს ვთესავთ თუ რაიმე ბოსტნეულს, საქონელს უშვებენ და ყველაფერს ანადგურებენ...მიტროპოლიტი იობი
ეს არ არის ქარელის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისა და სასულიერო პირების დაპირისპირების პირველი შემთხვევა. დაახლოებით ერთი წლის წინ ძამის ხეობაშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მიწის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები და რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირები. სოფელ გვერძინეთში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ისინი აცხადებდნენ, რომ სასულიერო პირები სოფლის კუთვნილ მიწას იტაცებენ და ისედაც მცირემიწიან სოფელში მათთვის მიწა აღარ დარჩა. მანამდე ამ ფაქტის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნუგზარ დაბრუნდაშვილმაც ღიად ილაპარაკა. ინტერნეტგამოცემა „ქართლი.გე-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხელისუფლების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სასულიერო პირები გვერძინეთელებს როგორც რელიგიური ნიშნით, ისე ქონების წართმევით ავიწროებდნენ. მოგვიანებით ქარელის მერმა მოადგილის განცხადებას სიცრუე უწოდა, დაბრუნდაშვილი კი თანამდებობიდან გადადგა. რელიგიური ნიშნით შევიწროების ამბით სახალხო დამცველიც დაინტერესდა.
„ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ“, - განუცხადა ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ჟურნალისტებს ამ თემის გახმაურების შემდეგ. მან უარყო ინფორმაცია, თითქოს სასულიერო პირები ადგილობრივთა ტერიტორიას ითვისებენ. მიტროპოლიტის განმარტებით, მათ მიწები და საძოვრები როგორც კერძო პირებმა, ისე შეიძინეს.
„ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ. მათ სასულიერო პირების მიწები მიითვისეს. ლობიოს ვთესავთ თუ რაიმე ბოსტნეულს, საქონელს უშვებენ და ყველაფერს ანადგურებენ. არავის ვავიწროებთ და არავის ვდევნით. პირიქით, ხელშეწყობა გვაქვს, ყველანაირად ვეხმარებით. ფერმა გვქონდა, ვუთხარით აჭარელ ეკომიგრანტებს, რომ შემოსულიყვნენ და დასაქმებულიყვნენ. არ ისურვეს, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მუსლიმურ სარწმუნოებას მიეკუთვნებიან და ჩვენ ქრისტიანები ვართ. ამ ურთიერთობას თვითონვე ერიდებიან. ეპარქიის არის, რა თქმა უნდა. იქ მონასტრებია აშენებული და მონასტერი კერძო მფლობელობაში ხომ არ იქნება? საპატრიარქოს უარი უთხრეს და ჩვენ, როგორც კერძო პირებმა, ეს მიწები შევიძინეთ იმის გამო, რომ ამ მიწებზე მონასტრები აგვეშენებინა. საძოვრებიც საკუთრებაში გვაქვს", - განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.
სასულიერო პირებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის კონფლიქტი ქარელის მუნიციპალიტეტში არცთუ იშვიათად ხდება და კონფლიქტების დიდი ნაწილი ძირითადად ქონებრივ საკითხებს უკავშირდება. რუის-ურბნისის ეპარქიაში ეკლესია ასობით ჰექტარ საძოვარს და სახნავ-სათეს ფართს ფლობს.