ზელენსკის თქმით, გრძელდება რუსეთთან მოლაპარაკება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე

რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებენ პრეზიდენტების სამიტის ორგანიზების შესახებ. როგორც 20 მაისს გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა საჭიროა იმიტომ, რომ რუსეთის გარეშე შეუძლებელია ომის შეჩერება დონბასში.

უკრაინის პრეზიენტმა მანამდე რუსეთის ლიდერს შესთავზა შეხვედრა დონბასში, სადაც 2014 წლიდან მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი. პასუხად პუტინმა უკრაინის ლიდერი მოსკოვში მიიწყვია, რის შემდეგაც საჯარო ლაპარაკი უკრაინულ-რუსული სამიტის შესახებ შეწყდა.

20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ უარი თქვა ვლადიმირ პუტინის დახასიათებაზე, რომელსაც ბევრი უკრაინელი პოლიტიკოსი აგრესორს და დამნაშავეს უწოდებს.

„მე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ იმას, თუ ამათუიმ სიტყვით გავზრდი ესკალაციის შესაძლებლობას. ჩემთვის პრიორიტეტულია ომის დასრულება, ამის შემდეგ უკვე შეიძლება გულახდილად ლაპარაკი, თუ ვისზე რას ვფიქრობ“, - განაცხადა ვოლდიმირ ზელნსკიმ.

კიევი 2014 წლიდან იბრძვის აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა.

უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში 7 წლის წინ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, მიუხედავად არაერთგზის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სინამდვილეში, კვლავ გრძელდება. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი დევნილად იქცა.