სახაროვი და საქართველო

ფიზიკოსი, აკადემიკოსი, საბჭოთა წყალბადის ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, სამგზის სოციალისტური შრომის გმირი, სახელმწიფო და ლენინური პრემიების ლაურეატი, დისიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პოლიტპატიმარი, პოლიტიკოსი, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტის ავტორი - ასეთია ანდრეი სახაროვის წოდებების, პროფესიებისა და საქმიანობის სფეროთა ვრცელი ჩამონათვალი, თუმცა საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის კოლექტიურ მეხსიერებას ის მაინც შემორჩა როგორც ავტორი ერთი ფრაზისა: „საქართველო - მცირე იმპერია“.

იმსახურებს თუ არა სახაროვი ჩვენს მეხსიერებაში მხოლოდ ამ ერთი ფრაზით დარჩენას?

არა, რა თქმა უნდა!“ - ამბობს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი დისიდენტი დავით ბერძენიშვილი. - „ანდრეი სახაროვი უზარმაზარი ფიგურაა, რომელმაც, ჯერ ერთი, როგორც მეცნიერმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხების ფორმირებაში და, მეორე, როცა ასეთმა ადამიანმა საჭიროდ ჩათვალა გამიჯვნოდა წარსულს, საბჭოთა რეალობას, მთელი თავისი ცოდნა, უნარები სრულად მოახმარა ადამიანის უფლებების დაცვასა და თავისუფლებისათვის ბრძოლას. ანდრეი სახაროვი, ალექსანდრ სოლჟენიცინთან ერთად, იყო გამორჩეულად დიდი ფიგურა რუსულ ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტურ მოძრაობაში. ბევრნი იყვნენ დიდები, მაგრამ განსაკუთრებით - სოლჟენიცინი და სახაროვი. არც ერთის ღვაწლს არ ვაკნინებ, მაგრამ დემოკრატიასთან მიმართებით სახაროვი გაცილებით წინ იყო, ვიდრე სოლჟენიცინი“.

ვინ იყო სახაროვი?

2021 წლის 21 მაისს ანდრეი სახაროვის 100 წლის იუბილეს რუსეთში აუცილებლად დიდი პომპეზურობით აღნიშნავდნენ, გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საქვეყნოდ ცნობილ ფიზიკოსს („წყალბადის ბომბის მამას“) საბჭოთა კავშირის სამხედრო ძლიერების „წმინდა საქმისთვის“ რომ არ ეღალატა და დისიდენტური საქმიანობის რთულ გზას არ შესდგომოდა. 1956-1962 წლებში აკადემიკოსი სახაროვი ბირთვული იარაღის ატმოსფეროში გამოცდის წინააღმდეგ გამოვიდა, 1968 წელს კი დაწერა ვრცელი სტატია „მოსაზრებები პროგრესზე, მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ინტელექტუალურ თავისუფლებაზე“, რომლის შინაარსი რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ოფიციალურ კურსს.

“საზოგადოება საჭიროებს ინტელექტუალურ თავისუფლებას, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, მოვლენების განხილვისა და ანალიზის თავისუფლებას, თავისუფლებას ავტორიტეტებისა და ცრურწმენებისგან”, - წერდა ანდრეი სახაროვი. - „როცა ამ საშინელ იარაღზე [წყალბადის ბომბი] დავიწყე მუშაობა, სუბიექტურად მიმაჩნდა, რომ მშვიდობას ვემსახურებოდი, ბალანსის დაცვას ვემსახურებოდი ამ სამყაროში... მეგონა, რომ ეს სამუშაო სასარგებლო იქნებოდა ჩემი ხალხისთვის, მსოფლიოსთვის”.

ელენა ბონერი და ანდრეი სახაროვი

1970 წელს სახაროვმა, ვალერი ჭალიძესა და ანდრეი ტვერდოხლებოვთან ერთად, დააარსა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. როგორც კონსტანტინე ზ. გამსახურდია წერს სტატიაში „საბჭოთა პერიოდის დისიდენტობის ისტორიიდან“, კომიტეტის ერთ-ერთი მიზანი იყო საბჭოთა "მართლმსაჯულების" მხილება, აგრეთვე ბრძოლა პოლიტპატიმართა უფლებებისთვის:

“არქივში აღმოჩნდა სუკ-ის 1973 წლის საიდუმლო მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ აკად. სახაროვი იყენებს თავის ავტორიტეტს, რათა ზეგავლენა მოახდინოს "ანტისაზოგადოებრივი ელემენტების" წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე. ოფიციოზის ჟარგონით, სწორედ ასეთ ელემენტებად ითვლებოდნენ დისიდენტები”.

1975 წლის 10 ოქტომბერს სახაროვს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. როგორც კომიტეტმა განმარტა, იმის გამო, რომ „სახაროვი უკომპრომისოდ და ქმედითად იბრძოდა არა მხოლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ყველა სახის წინააღმდეგ, არამედ თანაბარი ენერგიით იცავდა სახელმწიფოს იდეალს, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობის პრინციპზე. სახაროვმა დამაჯერებლად გამოთქვა აზრი, რომ მხოლოდ ადამიანის უფლებების ხელშეუხებლობა შეიძლება გახდეს საერთაშორისო თანამშრომლობის ნამდვილი და მდგრადი სისტემის საფუძველი“.

ელენა ბონერი, ანდრეი სახაროვის მეუღლე ოსლოში, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, ნორვეგიის მეფესთან, ოლაფ V-თან ერთად. 1975 წ.

სანობელე ლექციაში, რომელიც სახაროვის ცოლმა, ელენე ბონერმა, წაიკითხა, სახაროვი ამბობდა: ”მშვიდობა, პროგრესი, ადამიანის უფლებები - ეს სამი მიზანი განუყოფლად არის დაკავშირებული. შეუძლებელია რომელიმე მათგანის მიღწევა, სხვების უგულებელყოფის ხარჯზე”.

ყოფილი დისიდენტი ვახტანგ ძაბირაძეც ანდრეი სახაროვისა და ალექსანდრ სოლჟენიცინის ფიგურების მასშტაბურობაზე ლაპარაკობს, თუმცა აქვე ყურადღებას ამახვილებს მათი მსოფლმხედველობების არსებით განსხვავებაზე:

განსხვავებული გზებით მივიდნენ ანტისაბჭოთა საქმიანობამდე. სოლჟენიცინმა გაიარა ომი და გულაგები, სახაროვმა - კრემლის ხალიჩები და კაბინეტები. სახაროვის გადისიდენტება დაიწყო მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ საბჭოთა კავშირი არღვევდა ხელშეკრულებებს, მათ შორის განიარაღების შესახებ გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. აქედან დაიწყო სახაროვის პროტესტი“.

1980 წლის 22 იანვარს სახაროვი, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაასახლა ქალაქ გორკიში. ამავე წელს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა სამგზის სოციალისტური შრომის გმირის (1953, 1956, 1962), სახელმწიფო და ლენინური პრემიების ლაურეატის (1953, 1956) წოდებები. როგორც ჩანს, გადასახლების მიზეზი გახდა უკომპრომისო დისიდენტური საქმიანობა და საბჭოთა კავშირის მთავრობის მწვავე კრიტიკა 1979 წელს ავღანეთში შეჭრის გამო.

ანდრეი სახაროვი

სახაროვის გადასახლება მხოლოდ „პერესტროიკის“ დაწყების შემდეგ, 1986 წლის დეკემბერში, დასრულდა, თუმცა, როგორც დავით ბერძენიშვილი იხსენებს, ვიდრე ანდრეი სახაროვმა არ მიიღო დასტური, რომ მასთან ერთად ყველა დისიდენტი თავისუფლდებოდა, მანამდე არ დაეთანხმა გორბაჩოვს გორკის გადასახლებიდან დაბრუნებაზე.

სად და როგორ თქვა

1989 წლის ივლისში, როცა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის მიღებას ცდილობდა, აკადემიკოსმა სახაროვმა, როგორც ყრილობის დელეგატმა და კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ინტერვიუ მისცა ჟურნალ „ოგონიოკს“ (N31). პუბლიკაცია, სათაურით „თავისუფლების ხარისხი“ (Степень свободы), თითქმის მთლიანად დაეთმო „ეროვნულ საკითხს“ და მანკიერ სისტემას, რომელიც, სახაროვის თქმით, სტალინიზმის იმპერიული პოლიტიკის მემკვიდრე იყო და რომელიც განსაკუთრებით აზარალებდა იმ მცირე რესპუბლიკებსა და ეროვნულ წარმონაქმნებს, რომლებიც მოკავშირე რესპუბლიკების შემადგენლობაში შედიოდნენ.

ინტერვიუ ანდრეი სახაროვთან, ჟურნალი "ოგონიოკი", 1989 წ. N31

„თავის მხრივ ეს მოკავშირე რესპუბლიკები იქცნენ მცირე მასშტაბის იმპერიებად“, - ამბობს სახაროვი ინტერვიუში რესპუბლიკების დასახელების გარეშე. - „შემომაქვს კონფედერაციის წინადადება. ყველას - მოკავშირე რესპუბლიკას, ავტონომიურს, ავტონომიურ ოლქს თუ სხვა სახის წარმონაქმნს - უნდა მიეცეს თანაბარი უფლება და შეინარჩუნოს უკვე არსებული საზღვრები. ყველა მათგანმა უნდა მიიღოს დამოუკიდებლობის მაქსიმალური ხარისხი. მათი სუვერენიტეტი მინიმალურად უნდა შეიზღუდოს თავდაცვის, საგარეო ურთიერთობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ერთობლივი საკითხებით. სხვა ყველაფერში ისინი სავსებით დამოუკიდებლები იქნებიან და ასეთი პირობებით მოაწერენ ხელს ახალ საკავშირო შეთანხმებას“.

ანდრეი სახაროვმა მოდელად დაასახელა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც სხვადასხვა ზომის, კანონმდებლობისა და ფართობის მქონე სახელმწიფო წარმონაქმნები თანაბარი უფლებებით მონაწილეობენ ერთიანი ქვეყნის ცხოვრებაში. შტატების დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აღფრთოვანებული სახაროვი ითხოვდა საბჭოთა იმპერიული ძალადობრივი გაერთიანების ჯერ დემონტაჟს, შემდეგ კი ახალი კავშირის შექმნას. სწორედ აქ ახსენა ცნობილმა დისიდენტმა პირველად საქართველო:

„ვიმეორებ, უნდა დავიწყოთ იმპერიული სტრუქტურის სრული დემონტაჟით. მხოლოდ ასე შეიძლება ეროვნული საკითხის გადაჭრა მცირე იმპერიებში, როგორებადაც თავისი არსით მოკავშირე რესპუბლიკები გვევლინებიან, მაგალითად, საქართველო, რომლის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ეროვნული წარმონაქმნები“.

ანდრეი სახაროვის თქმით, გამონაკლისის დაშვება დამღუპველი იქნება. შესაბამისად, ისევე უნდა გათავისუფლდნენ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკები და ოლქები, როგორც საქართველოს სსრ-ს წევრები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

ინტერვიუ ანდრეი სახაროვთან, ჟურნალი "ოგონიოკი", 1989 წ. N31

„შეთავაზებულ სისტემაში იქნებიან მხოლოდ თანაბარუფლებიანი რესპუბლიკები. ყოფილი ავტონომიური ოლქებიც რესპუბლიკებად გარდაიქმნებიან. მაგალითად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არც სომხეთის იქნება და არც აზერბაიჯანის, ის თავისთვის იარსებებს კავშირის შემადგენლობაში და მიიღებს უფლებას, დაამყაროს ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობები იმასთან, ვისთანაც თვითონ ჩათვლის მიზანშეწონილად. ამგვარი გადაწყვეტილებით სარგებელს ნახავს ყველა მოქალაქე. მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით შეიძლება ეროვნული საკითხის გადაჭრა“.

სახაროვი ამავე ინტერვიუში ლაპარაკობს განახლებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობის დატოვების უფლებაზე, რომელიც ყველა სუბიექტს, მათ შორის ყოფილ ავტონომიურ რესპუბლიკებსაც უნდა ჰქონდეთ:

„ყველა ისარგებლებს თანაბარი უფლებებით, ფართობისა და მოსახლეობის რიცხოვნების მიუხედავად“.

როგორ უპასუხეს საქართველოდან

ანდრეი სახაროვის ამ ინტერვიუს დაახლოებით ისეთივე ეფექტი ჰქონდა საქართველოში, როგორიც რუსი მწერლის, ვიქტორ ასტაფიევის, მოთხრობას „ციმორების ჭერა საქართველოში“.

„მე თქვენ - ცნობილ რუს დისიდენტს ანდრეი სახაროვს - გადანაშაულებთ იმპერიულ აზროვნებაში და ვეცდები, რომ დაგიმტკიცოთ, რომ მართალი ვარ... თქვენ ტიპიური რუსი დისიდენტი ხართ. ...ვერ უარყოფთ, რუსული საბჭოთა იმპერიის გაძლიერებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიგიძღვით. დიდხანს ერთგულად ემსახურებოდით მას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს იგრძენით, რომ იმპერიას გაუმჯობესება სჭირდება და იმ დღიდან დაიწყო თქვენი დისიდენტობა, გაჩაღდა მორიგი დისკუსია იმპერიის ხელისუფლებასა (ბრეჟნევის მთავრობა) და დისიდენტს (ანდრეი სახაროვს) შორის... თქვენს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რეპრესიებს ღირსეულად გაუძელით და ამით დაამტკიცეთ იმპერიის თქვენეული კონცეფციის ღირებულება. თქვენი და თქვენნაირი მტკიცე რუსი დისიდენტების დამსახურებაა, რომ გორბაჩოვის მთავრობამ დაიწყო იმპერიის მორიგი სახეცვლილება.... თქვენ მიერ შეთავაზებული „კონფედერაცია“ სხვა არა არის რა, თუ არა სახეცვლილი იმპერია“, - წერდა მწერალი გურამ პეტრიაშვილი 1989 წლის 6 სექტემბერს გაზეთ „ქართულ ფილმში“ გამოქვეყნებულ წერილში „უსიამოვნო ღია წერილი“.

გურამ პეტრიაშვილი, "უსიამოვნო ღია წერილის" ავტორი

ანდრეი სახაროვს რუსულ ენაზე ვრცელი ღია წერილით („Степень объективности“) მიმართა ზვიად გამსახურდიამაც, რომელმაც ოპონენტს ისტორიისა და საქართველოს საკითხის ცოდნა დაუწუნა. საქართველოს არც აფხაზეთი დაუპყრია და არც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია. შესაბამისად, საქართველოს მცირე იმპერიად გამოცხადება, ზვიად გამსახურდიას აზრით, ან უვიცობის, ან გამიზნული პოლიტიკური განზრახულების შედეგია.

ზვიად გამსახურდია ასევე შეეხო ავტონომიური რესპუბლიკების და ოლქების სტატუსის მოკავშირე რესპუბლიკების სტატუსთან გათანაბრების იდეას, რომლის ინიციატორი ანდრეი სახაროვი იყო:

„არ გეჩვენებათ, რომ თქვენ, კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვენით სტალინიზმის მხილებას, მისი მოკავშირის როლში გამოდიხართ, როცა ცდილობთ დაკანონდეს სტალინისეული დანაშაულებრივი ნაციონალური პოლიტიკა. უმრავლესობა ავტონომიური წარმონაქმნებისა ხომ საბჭოთა კავშირის ხალხების წინააღმდეგ გატარებული დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. ისინი შექმნეს იმპერიული პრინციპით „ დაყავი და იბატონე“ ეროვნებათშორისი მტრობის გასაღვივებლად”.

"ობიექტურობის ხარისხი" - ზვიად გამსახურდიას ღია წერილი ანდრეი სახაროვს

ანდრეი სახაროვის ფრაზა „საქართველო - მცირე იმპერია“ მალევე აიტაცეს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა მოსკოვში, ასევე სეპარატისტულად განწყობილმა მოძრაობებმა.

დავით მუსხელიშვილი, ისტორიკოსი

2013 წელს (ჟურნალი „ლოგოსი“) აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმაც განაცხადა, რომ სრული აბსურდი და საქართველოს ისტორიის უცოდინრობაზე იყო დამყარებული აკადემიკოს ანდრეი სახაროვის მიერ დაუფიქრებლად გამოთქმული კვალიფიკაცია, თითქოს საქართველო „მცირე იმპერიაა“ .

„სამწუხაროდ, ეს აზრი დღემდე მუსირებს ანგაჟირებულ რუსულ მასმედიაში. არამცთუ დღევანდელი ან შუა საუკუნეების საქართველო, არამედ დავით აღმაშენებლის მიერ XII საუკუნის დასაწყისში შექმნილი ერთიანი კავკასიური სახელმწიფო „ნიკოფსიით დარუბანდამდე“ არ ყოფილა იმპერია. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა შუა საუკუნეების ისტორიაში, როდესაც ერთ სახელმწიფოში კეთილმეზობლურად და მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ქრისტიანული, მაჰმადიანური და წარმართი ხალხები და ტომები. დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილმა ერთიანმა კავკასიურმა სახელმწიფომ სამ საუკუნეზე მეტხანს იარსება ისე, რომ არც ერთი აჯანყება, ეთნიკური შუღლი ან კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე არ მომხდარა“.

შეცდომა თუ წამოცდენა?

ვახტანგ ძაბირაძე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ „საქართველო - მცირე იმპერია“ არ ყოფილა სახაროვის წამოცდენა და რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლისთვის მებრძოლი საქართველოს ამგვარი დეფინიცია სრულად შეესაბამებოდა რუსი საბჭოთა დისიდენტების უმრავლესობის მსოფლმხედველობას:

ვახტანგ ძაბირაძე

„პერმის ბანაკში ყოფნის დროს, როცა რუს დისიდენტებთან ვსაუბრობდი, აღმოვაჩინე, რომ ისინი საბჭოთა კავშირს განიხილავდნენ როგორც ერთიან ქვეყანას. მათ აწუხებდათ ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მაგრამ არა საბჭოთა კავშირის დაშლა. სოლჟენიცინი, რომელიც გულაგებიდან იცნობდა განსხვავებულად მოაზროვნე ბალტიისპირელებსა და უკრაინელებს, ლაპარაკობდა ამაზე, სახაროვი - არა. საბჭოთა კავშირის დაშლის შესაძლებლობაზე საუბრის დროს რუს დისიდენტებს ვუთხარი, რომ ამ ჭრილში ჩვენთვის სახაროვი და გორბაჩოვი ერთი და იგივეა-მეთქი. ძალიან ეწყინათ, მაგრამ ეს ასე იყო. ამას რისთვის ვყვები? სახაროვის ეს ფრაზა არ ყოფილა მოულოდნელი. შეცდომით კი არ წამოსცდა, ასე ფიქრობდა. სსრკ-ს ერთიან ქვეყნად განიხილავდა. ამიტომ მისდამი ორგვარი დამოკიდებულება მაქვს: ერთი, რომ სახაროვს აქვს უზარმაზარი წვლილი შეტანილი დისიდენტურ მოძრაობაში, რომ მისმა ჩართვამ გამოიწვია დასავლეთის სრული მობილიზაცია და მხარდაჭერა ანტისაბჭოთა მოძრაობებისადმი საბჭოთა კავშირში... და მეორე, რომ სახაროვი არ იყო საბჭოთა კავშირის დაშლის მომხრე, რომ ერთ ქვეყნად მოიაზრებდა მთელ საბჭოთა კავშირს“.

დავით ბერძენიშვილის თქმითაც, მიუხედავად მასშტაბისა და უზარმაზარი დამსახურებისა, ანდრეი სახაროვი ცდებოდა მაშინაც, როცა საბჭოთა კავშირის მომავალზე მსჯელობდა, და მაშინაც, როცა საქართველოს მცირე იმპერიას უწოდებდა.

„საბჭოთა კავშირიდან ამერიკის შეერთებული შტატების რუსული ვერსიის გაკეთება დააპირა და თქვა, განახლებულ საბჭოთა კავშირში 50 სუბიექტი უნდა იყოს ყველა თანაბარი სტატუსითო, ანუ აკეთებდა შტატებს, რომლის სუბიექტებად სახავდა როგორც მოკავშირე, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკებს, ოლქებს და „ოკრუგებსაც“ კი... გასაგებია, რომ ეს ძალიან ხელოვნური და გაუგებარი იყო. აშშ სულ სხვა პრინციპებით, სხვა ისტორიულ გარემოში შექმნილი სახელმწიფოა და მისი შედარება იმპერიაში იძულებით შეყვანილ სახელმწიფოებრიობის ტრადიციის მქონე ხალხებთან, არ შეიძლებოდა. აშკარა იყო, რომ იმპერიიდან დემოკრატიული ფედერაციული შტატების გაკეთება არ გამოვიდოდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ბერძენიშვილმა, რომლის თქმითაც, ასევე შეცდომა იყო საქართველოს „მცირე იმპერიად“ გამოცხადება:

დავით ბერძენიშვილი

„ჯერ ერთი, შეუძლებელია იმპერია იყოს სხვა იმპერიის პატარა ნაწილაკი. მეორე: იმპერიამდე ვერ ვქაჩავდით ვერასოდეს. იმპერია მაინც სერიოზული, სოლიდური რამ არის. ჩვენ, ისევე როგორც ბევრ სხვა ხალხს, სხვადასხვა დროს გვქონდა იმპერიად გახდომის მცდელობა, მაგალითად, XII საუკუნეში, როცა პირველად შევქმენით ძლიერი სახელმწიფო და პირველად გავხდით ისტორიის სუბიექტი, მაგრამ ძირითადად მაინც ვრჩებოდით იმპერიის პერიფერიებში და ისტორიის ობიექტად. ასე რომ, იმპერიამდე ჩვენ ვერ ვქაჩავდით, მათ შორის, ცხადია, ვერც 30 წლის წინ, თუმცა იმის გამო, რომ ეს მცდარი ფორმულა მოგვისადაგა, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ იყო პრობლემები. რა, არ გვქონდა აფხაზებთან მიმართებით ზევიდან ყურების „ტრადიცია“? არ ვხედავდით ამას? არ გვქონია ოსების მიმართ აგდებული დამოკიდებულება? საბჭოთა ქართული აზროვნება იყო აწყობილი ვასალიტეტზე: ჩვენ პატრონიც გვყავდა და ყმაც. ასე გვინდოდა დაგვენახა. მოსკოვი იყო პატრონი და თუ აძლევდა საქართველოს საშუალებას დაეჩაგრა ვინმე, მაშინ ძალიან კმაყოფილი იყო ქართველების უმრავლესობა“.

9 პრილი და სახაროვი

„ოგონიოკის“ იმ ცნობილ ინტერვიუში, საუბრის ბოლოს, ჟურნალისტი 9 აპრილის მოვლენების გამოსაძიებლად შექმნილი კომისიის შესახებაც ეკითხება სახაროვს, უფრო ზუსტად, ეკითხება, თუ რატომ თქვა უარი კომისიის წევრობაზე.

„რთული, არაერთგვაროვანი ურთიერთობა მქონდა საქართველოს არაფორმალური მოძრაობის ლიდერებთან, რაც კომისიის მუშაობის პროცესში რთულ მდგომარეობაში ჩამაგდებდა“, - ასეთი იყო ანდრეი სახაროვის პასუხი, რომელმაც ასევე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მაშინდელ საქართველოში.

ანდრეი სახაროვი საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობაზე

„ცხრა აპრილის ამბების გამომკვლევ კომისიაში შესვლაზე უარი მხოლოდ ჩვენი არაფორმალური მოძრაობის ლიდერებთან დამოკიდებულების გამო არ გითქვამთ. საქმე ისაა, რომ „სლოჟნიე, ნეოდნაზნაჩნიე ოტნაშენია“ თქვენ უკვე მთელ საქართველოსთან გაქვთ და, პირველ რიგში, 9 აპრილს დაღუპულთა სახელებთან... თქვენ იცით, რომ ისინი მტრები იყვნენ თქვენი იმპერიისა და მტრები არიან სხვებიც, ვინც ცოცხალი გადარჩა“, - ვკითხულობთ გურამ პეტრიაშვილის „უსიამოვნო ღია წერილში“, რომლის ადრესატი აკადემიკოსი ანდრეი სახაროვია.

ქართველ არაფორმალებთან (ძირითადად, ზვიად გამსახურდიასთან) მართლა „რთული, არაერთგვაროვნი ურთიერთობა“ ჰქონდა, თუმცა, როგორც ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, ეს არ იყო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი.

„9 აპრილის სისასტიკესაც გულწრფელად გმობდა, ოღონდ გმობდა როგორც დემოკრატიის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას, რაც, ცხადია, არ ნიშნავდა იმას, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს იზიარებდა. როცა სახაროვი 9 აპრილის ტრაგედიას უწოდებს დანაშაულსა და ტრაგედიას, ის მართალია თავის თავთან, რადგან მიაჩნია ეს ქვეყანაში დატრიალებულ უბედურებად და არა საქართველოს დასჯად... ქართველ დისიდენტებთან ურთიერთობა ფორმალური მიზეზია, მას ერჩივნა გასცლოდა ამ საკითხს“.

მიხეილ გორბაჩოვი და ანდრეი სახაროვი, 1988 წლის 15 იანვარი

ამგვარი დამოკიდებულის მიუხედავად, დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით ანდრე სახაროვს საყვედური არ ეთქმის:

„კომისიის შექმნამდე სახაროვი ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრად დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლებას, დაიცვა საქართველო და ქართველი ხალხი. ამ თვალსაზრისით სახაროვს არათუ საყვედური არ ეთქმის, არამედ პირიქით, რადგან სწორედ სახაროვი იყო 9 აპრილის პროცესების მსოფლიოში გატანის ავანგარდში“.

თუმცა საქართველოში ანდრეი სახაროვის იმიჯს დიდწილად მაინც ის ერთი, დამაზიანებელი და არაზუსტი, ფრაზა - „საქართველო - მცირე იმპერია“ - განსაზღვრავს.

ანდრეი სახაროვი

ანდრეი სახაროვი ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას (გარდაიცვალა 1989 წლის 14 დეკემბერს), რისი მომხრეც ის არასოდეს ყოფილა, თუმცა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იმდენად შეიცვალა მისდამი დამოკიდებულება რუსეთში, რომ ამ „ცოდვასაც“ კი მას ჰკიდებენ.

„საზოგადოება საჭიროებს ინტელექტუალურ თავისუფლებას, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, მოვლენების განხილვისა და ანალიზის თავისუფლებას, თავისუფლებას ავტორიტეტებისა და ცრურწმენებისგან”, - ანდრეი სახაროვის მიერ 1968 წელს ნათქვამი ეს სიტყვები აქტუალურია დღევანდელ რუსეთშიც, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, მოკრძალებულად აღნიშნავს რუსი უფლებადამცველისა და ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატის დაბადების მეასე წლისთავს.