კულტურის მინისტრი გელათზე: დაუკითხავად ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის რესტავრაციის საკითხე ილაპარაკა და თქვა, რომ ამ ძეგლზე 2008 წლიდან მიმდინარეობს საზიანო ექსპერტიმენტი, საქართველოში ამ დარგის გამოცდილ სპეციალისტებს კი აზრს არავინ ეკითხებოდა 2021 წლის მარტამდე. ეს არის თარიღი, როცა თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

„2008 წლიდან 2020 წლამდე სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური, აზრით მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი, ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდით აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალებთ ხარაჩოებზე, რადგან ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის. მოწოდება მუდმივად არის, რომ ჩამოიყვანეთ უცხოელი ექსპერტები. არც ერთი უცხოელი ქსპერტი ჩვენი თანამშრომელი არ არის, რომ ჩვენ მას მივუთითოთ, როდის ჩამოვიდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანმა თქვა, რომ გელათის შესასწავლად ივნისში გამოვა ამ დროისთვის ერაყში მყოფი იტალიელი ექსპერტი და ტაძრის სახურავს ნახავს.

„მიუხედავად ამისა, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და რეკორდულად მოკლე დროში, იუნესკოსგან მოვიპოვეთ თანხმობა, რომ ერაყიდან ჩამოვა ამჟამად იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი და ჩვენი ივნისში შევძლებთ, ვნახოთ მასთან ერთად სახურავის გაუმართაობის პირველი და პირდაპირი შედეგი არის სწორედ ფრესკების დაზიანება, დავუსვათ სწორი დიაგნოზი, თუმცა ჩვენ ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ვინც საქმე იცის და ვინ სამწუხაროდ, 70-80 წლის ასაკში, მათ აზრს არავინ ეკითხებოდა 2021 წლის მარტამდე, სწორედ მაშინ უნდა გქონოდათ მოწოდება, რომ ხანდაზმულ ექსპერტებს ჰკითხეთ აზრიო. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის პროფესიონალიზმის წყვეტა ამ დარგში. მათთან ერთად დიაგნოზი გვაქვს დასმული, მაგრამ ველოდებით ექსპერტს.

მთავარია, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვა, რომ არ უხდება ამ ძეგლს, მაგრამ უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი აღარ ჩადის, თუმცა წარსულში ჩასული წყლის გამო, ინფილტრაციის გამო, ტენიანობა არის ტაძარში. ამიტომ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავეთ, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის. თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან, რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ამგვარმა მოძრაობამ, არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე სიარულმა, კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები. ამიტომ, სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გელათის ფრესკები განადგურებას აგრძელებს, გუშინ რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა. გავრცელებულ ინფორმაციას გვიან ღამით გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. მათ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფრესკების დაზიანება სავარაუდოდ ტაძარში მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლის ასვლამ და გადაადგილებამ გამოწივია და ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.