აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სირიაში: შეხვედრა დიქტატორთან და ანტიოქიის პატრიარქთან

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და სირიის დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის შეხვედრა. დამასკო, 17 მაისი, 2021.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში „ოფიციალური ვიზიტის“ ფარგლებში შეხვდა ქვეყნის დიქტატორ ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს. ბჟანია, ასევე, მიიღო მართლმადიდებელი სამყაროსთვის მნიშვნელობით მესამე, ანტიოქიის საპატრიარქოს ხელმძღვანელმა.

რას ნიშნავს ასლან ბჟანიას ვიზიტი აფხაზეთისთვის, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს და არის თუ არა ანტიოქიის საპატრიარქო შესაძლო გზა აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიისკენ?

ბჟანიას საგარეო მისწრაფებები

ასლან ბჟანია დე ფაქტო მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად, სირიაში „ოფიციალური ვიზიტით“ 16 მაისს ჩავიდა და შეხვედრები გამართა ქვეყნის დიქტატორ ლიდერთან, ბაშარ ალ-ასადთან და მთავრობის მეთაურთან.

„აფხაზეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის განვითარებაში. ის ახალ იმპულსს მისცემს თანამშრომლობას აფხაზეთსა და სირიას შორის სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა ასადმა, აფხაზეთის „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ ცნობით.

ბჟანიამ ასადს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის.

„ამას ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გამყარდება და წარმატებით განვითარდება“, - თქვა ბჟანიამ.

რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა 2018 წლის მაისში. ამის შემდეგ, თბილისმა შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან.


სირიაში ვიზიტით, ასლან ბჟანია ცდილობს, აფხაზურ საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, თითქოს აფხაზეთი მსოფლიო პოლიტიკის ნაწილია და მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

„პროპაგანდისათვის სასარგებლოა და თვლიან, რომ [აფხაზური] საზოგადოება ამას ჩაუთვლის წარმატებულ საქმიანობად“, - ამბობს ის.

რეალურად - ზაქარეიშვილის მტკიცებით - ვიზიტს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სირიამ მხოლოდ რუსეთის ზეწოლის შედეგად აღიარა აფხაზეთი და მას არანაირი სტრატეგიული ინტერესი ამ რეგიონის მიმართ არ აქვს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

კრიტიკოსების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეაქცია.

„კარგი მომენტი შეხსენებისთვის“

აფხაზური მედიის ცნობით, ბჟანიას ვიზიტის პარალელურად, სირიაში აფხაზეთის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა.

აფხაზეთის ნებისმიერი საერთაშორისო აქტივობა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მსოფლიოს - და ამ შემთხვევაში არაბულ სამყაროს - შეახსენოს, რომ აფხაზეთის აღიარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

„ჩვენმა ელჩებმა არაბულ ქვეყნებში სპეციალური ბრიფინგები უნდა ჩაატარონ ადგილზე“, - ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი და ამატებს: „როგორც სირიის სავაჭრო პალატას, ისე საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებს უნდა გაეგზავნოს წერილი, რომ ეს მიუღებელია საქართველოსთვის“.

ანტიოქიის საპატრიარქო: გზა აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიისკენ?

ვიზიტის ფარგლებში, ასლან ბჟანია მიიღო ანტიოქიის პატრიარქმა, იოანემ. საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ბჟანია მოხსენიებულია როგორც დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს პრეზიდენტი.


მსოფლიოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის ანტიოქიის ეკლესია რიგით მესამეა, კონსტანტინოპოლის და ალექსანდრიის საპატრიარქოების შემდეგ.

თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბჟანია და რუსეთი ანტიოქიის საპატრიარქოს მეშვეობით ცდილობენ მიაღწიონ აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს საკუთარი კანონიკური ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს და ამას აღიარებს მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. თუმცა 90-იანი წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, ქართველ მღვდელმსახურებს აფხაზეთში შესვლა არ შეუძლიათ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე [ბჟანია-იოანეს შეხვედრაზე] გვექნება რეაგირება“, - განაცხადა 19 მაისს საქართველოს საპატრიარქომ. „თუმცა, მანამდე საჭირო არის გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“.

ამასთან, აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება კონსტანტინოპოლის პრეროგატივაა.

ასლან ბჟანია და ანტიოქიის პატრიარქი იოანე. 19 მაისი, 2021.

„მე გამოვრიცხავ, რომ ანტიოქიის ეკლესიამ აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიაზე ილაპარაკოს“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, პატრიარქ იოანესთვის ასლან ბჟანია რიგითი მართლმადიდებელია, საპატრიარქო კი სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.

„ვინმე მღვდელი რომ მიიღონ აფხაზეთიდან, რომელსაც ექნება პრეტენზია, რომ არის დამოუკიდებელი აფხაზეთის ეკლესიის მეთაური, მაშინ შეიქნება ეკლესიური პრობლემა“, - ამბობს ზაქარეიშვილი და ამატებს: „ჩვენთან ხომ ჩამოდიან და პატრიარქს ხვდებიან? დაახლოებით ასეთი ამბავია“.