პრემიერ-მინისტრი გიგა ოთხოზორიას მკვლელობას უწოდებს ოკუპაციის რეალურ სახეს

ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზი, სადაც გიგა ოთხოზორია მოკლეს

საქართველოს მთავრობა ისევ აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო დამნაშავეთა დასასჯელად.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წლისთავის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ „ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა“.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან.

მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით მალევე შეწყვიტა.

საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს რაშიდ კანჯი-ოღლის. მას ქართულმა სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს.