საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ჯანდაცვის მინისტრს და გერმანიის ელჩს მიმართავს, დაინტერესდნენ სეზონურად დასაქმების მიზნით გერმანიაში წასული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით. პროფკავშირების ინფორმაციით, 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია და ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებს:
„გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან“.
ასევე ნახეთ გამართლდა თუ არა მოლოდინები - რას ჰყვებიან გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიპროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შეისწავლოს საკითხი, შრომისა და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი, სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ სამინისტროსთან არსებული დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოა მოქალაქეების გერმანიაში გამგზავრების ორგანიზატორი. პროფკავშირების განცხადებით, ვითარებას უნდა გაეცნოს საქართველოს შრომის ინსპექციაც, რადგან საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება.
თავად პროფკავშირების გაერთიანება აპირებს მიღებული ინფორმაცია რეაგირებისთვის გაუგზავნოს გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებას.
გერმანიაში სეზონურად დასაქმებისთვის წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი ამბობს, რომ დამსაქმებელმა პირობები ცალმხრივად შეუცვალა.
გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების შეთანხმება 2020 წლის იანვარში გააფორმეს გერმანიის დასაქმების სააგენტომ და საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ. ამ შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის 14 აპრილიდან 15 მაისამდე გერმანიაში გაემგზავრა 54 მოქალაქე.