ლუკაშენკამ სამართალდამცველებს საბრძოლო ტექნიკით დემონსტრაციების დაშლის უფლება მისცა

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სამართალდამცველებს უფლებას აძლევს, რომ საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დაშალონ საპროტესტო აქციები.

ამასთანავე, დოკუმენტის თანახმად, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები პასუხს არ აგებენ იმ ზიანისათვის, რასაც ადამიანები ასეთი ტექნიკის ან იარაღის გამოყენებით დაკავების შემთხვევაში მიიღებენ, თუ, როგორც კანონი განმარტავს, დაკავება „მოხდება საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესაბამისად“.

გარდა ამისა, ამიერიდან მილიციის თანამშრომლებს ბელარუსში უფლება აქვთ, არ დაუშვან მათთვის ვიდეო- და ფოტოგადაღება იმ დროს, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში იქნებიან.

66 წლის ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში - რასაც მოჰყვა თითქმის ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნებით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. დასავლეთი უარს ამბობს ლუკაშენკას აღიარებაზე ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად.

უსაფრთხოების ძალებმა ძლიერი ზეწოლა განახორციელეს დემონსტრანტებზე, დააკავეს ათასობით პირი, მათ შორის ჟურნალისტები, წამყვანი ოპოზიციონერების დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნეს.

ძალადობას ემსხვერპლა რამდენიმე დემონსტრანტი. უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ დაკავებულების ნაწილი ციხეებში აწამეს.