გომელაურის ცნობით, დმანისში არავინ არის დაკავებული, მოქალაქეები გამოკითხვაზე იმყოფებიან

ვახტანგ გომელაური

დმანისში დაპირისპირებულთა შერიგების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილეებიდან არავინ არის დაკავებული.

„გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, თუმცა, გამოძიება დაწყებულია და მიდის გამოძიება, რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, არ ვიცით ჯერ. ამ წამს, დღეს, დაკავებული არავინ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული, გამოვიძიებთ.

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ქვემოთ მოხდა, 5-6 ლოკაციაზე იყო პოლიციელები განაწილებული, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, არამედ, ზოგი თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც განცხადება გაკეთდა, ჟურნალისტები დაზიანდნენ, ამაზე დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა. მისი ინფორმაციით, მძიმე დაზიანება არავის მიუღია.

ასევე ნახეთ რა მოხდა დმანისში - როგორ [ვერ] აგვარებს სახელმწიფო დიდ და მცირე კონფლიქტებს 

მინისტრის ინფორმაციით, საპოლიციო ძალების გარკვეული რაოდენობა ბოლნისში რჩება. „ასპროცენტიანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, შეიძლება დმანისში არ მოხდეს და სამეგრელოში მოხდეს, ვერ გაიგებ თემას ნამდვილად", - აღნიშნა გომელაურმა და დაამატა, - „მაქსიმალურად ვცდილობთ კონფლიქტი ამოიწუროს, ყველა ჩართული იყო, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს, ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი, ასევე მეუფეები იყვნენ ჩართულები, დიდი მადლობა მათ“.

16 მაისს მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, დმანისში ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.

დაპირისპირება გაგრძელდა 17 მაისს, დილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდა სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

17 მაისს, საღამოს, დმანისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ დაპირისპირებულებმა შერიგების შესახებ გამოაცხადეს.