ათი წლის წინ, 2011 წლის 17 მაისს, რამდენიმე ადამიანმა საქართველოში პირველად აღნიშნა ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ერთი წლის შემდეგ, ამავე დღეს, თბილისში, უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ფილარმონიიდან დაწყებულ მსვლელობას რუსთაველის გამზირთან გზა სასულიერო პირებმა გადაუღობეს - იმ დღეს სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ მომდევნო წელს, ისევ 17 მაისს, რამდენიმე ათეული ადამიანის დასარბევად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდოდა - წინა ფლანგზე სასულიერო პირებით. ათი წლის შემდეგ, ყოველ წელს, 17 მაისის წინ ისევ მატულობს ტემპერატურა.
რა არის ის, რაც ამ ათ წელში ლგბტქ თემის წევრებისათვის შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი? თემის წევრები ამ ათ წელს აფასებენ.
გიორგი
მგონია, რომ ბევრი რამ შეიცვალა და ამის ერთ-ერთ მიზეზად, ჩვენი ბრძოლის გარდა, ბუნებრივი პროგრესიც შეიძლება ჩაითვალოს - საზოგადოებაც გაიზარდა.
გაჩნდა ჩვენთვის, თემის წევრებისთვის, შედარებით უსაფრთხო ადგილები - კლუბები, ბარები, ისეთი სივრცეები, სადაც ლგბტქ ადამიანებმა უსაფრთხო სოციალიზაცია შეძლეს.
ათი წლის წინ ლგბტ-ს ქართული პოლიტიკური პარტიები არც კი ახსენებდნენ. დღეს კი უკვე 15 პოლიტიკური პარტია ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც ამ ადამიანების პრობლემებზე ერთიან მუშაობას გულისხმობს და ეს, შესაძლოა, იყოს მანიშნებელი იმ ცვლილებებისა, რაც ბოლო წლების განმავლობაში მივიღეთ.
რა ვერ გაკეთდა? ვფიქრობ, რომ ლგბტქ ადამიანები არ არიან განცალკევებული დანარჩენი საზოგადოებისგან და ჩვენს წინაშეც დგას სიღარიბის, თანასწორობის, უსახლკარობის პრობლემები. ჩვენს შემთხვევაში, ამას ემატება ოჯახთან გართულებული ურთიერთობები.
ჩვენ, განსხვავებით სხვა მოქალაქეებისგან, დამატებით ჩაგვრას განვიცდით სტიგმისა და დისკრიმინაციის ნიშნით და ეს დღემდე დაუძლეველ პრობლემად რჩება.
დღემდე არ გაგვაჩნია სისტემური მიდგომა, თუ როგორ უნდა მოაგვაროს სახელმწიფომ ჰომოფობიის პრობლემა.
შეკრების და მანიფესტაციის უფლება არის ის უფლება, რომლითაც ჩვენ ვერ ვსარგებლობთ ბოლო ათი წელია.
17 მაისიც, ნაწილობრივ, საპატრიარქოს და ნაწილობრივ, რადიკალური ჯგუფების გამო, ან დავკარგეთ, ან ისეთი მნიშვნელობა შეიძინა ამ დღემ, რომ ტრავმულ გამოცდილებად დარჩა ლგბტქ თემისთვის.
ჩვენ ივნისში მაინც ვგეგმავთ მსვლელობას, თუმცა ფაქტია, რომ ეს პრობლემა მოუგვარებელია. 2019 წელს შსს-მ ჩვენ პირდაპირ უარი გვითხრა დაცვაზე. ეს ჯერ ვერ შევძელით - როცა კონკრეტულად ამ უფლებით სარგებლობაზე მიდგება ხოლმე საქმე, სახელმწიფო უკან იხევს.
ანანო
ახლა რომ ვფიქრობ, იმ 17 მაისებს საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის უარყოფითი შედეგები უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე პირიქით. მე არ წავსულვარ იმ აქციაზე, 2013 წელს, და სიმართლე რომ ვთქვა, დღეს კმაყოფილი ვარ, რადგან ეს არ იყო ჩემი ბრძოლა. ჩემთვის ის გარეთ გასვლა იყო სხვისგან ნაკარნახევი ნაბიჯი. დასავლური დღის წესრიგის კოპირება და მაშინდელი აქაური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მცდელობა, რომ საერთაშორისო რუკაზე ჩვენც მოვნიშნულიყავით.
შეიძლება ეს ზედმეტად კრიტიკული შეფასებაც იყოს, რადგან იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მართლა სურდათ და სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი იყო საჭირო და ცვლილებების მომტანი, მაგრამ სწორედ ეს არის ჩემთვის მკაფიო ხაზი, რომ ამ გაყალბებულ დღის წესრიგში ჩაერთნენ გაუცნობიერებლად ერთი მხარეც და მეორე მხარეც, როგორც ჩვენ მათ ვეძახით - ბნელები და პროგრესულები.
17 მაისის იდეა ჩვენთან შემოვიდა დასავლური „ენჯეო“ ნარატივით და თან მანამ, სანამ საერთოდ დავიწყებდით თემის საჭიროებებზე და პრობლემებზე ლაპარაკს და ეს საჭიროება არ იყო მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება.
ცხადია, ზოგადად, ეს უმნიშვნელოვანესი უფლებაა, მაგრამ ეს თავისუფლება მოაქვს სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც დაცულია, იქნება ეს ღირსეული საცხოვრისის უფლება, ღირსეული შრომის პირობები, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა და, რაც მთავარია, საზოგადოება, რომელიც სოლიდარობასა და ურთიერთდახმარებაზეა ორიენტირებული.
ამ ყველაფრის გაკეთების გარეშე რომ უცებ საერთაშორისო დღის აღნიშვნა გინდა, რომელიც გიკარნახა ევროკავშირმა და დონორმა ორგანიზაციამ, მოიტანა ის შედეგი, რაც დღეს მივიღეთ: პოლარიზებული საზოგადოება და დაპირისპირება. და თან, ყოველ 17 მაისს ხდება აქტუალური ეს საკითხები და საპატრიარქოს, მთავრობას, ყოველ ჯერზე ეძლევა ჩვენი ინსტრუმენტად გამოყენების საშუალება და ამ საკითხით გადაიფარება ხოლმე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.
მე მგონი, ეს ნელ-ნელა იცვლება - 2017 წლიდან, ლგბტ ადამიანები გამოერკვნენ, ორგანიზაციების ნაწილმაც გადაწყვიტა გამოყოფოდა ამ დღის ინსტრუმენტად ქცევას ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ, რომ მატყუარა სახელმწიფო მოვა, შენ ჩაგსვამს ყვითელ „მარშრუტკაში“ და თითქოს შენივე საზოგადოების წევრებისგან დაგიცავს.
ჩემი აზრით, ბოლო დროს შეიცვალა ის, რასაც პროგრესული პოლიტიკა ითხოვს - აი, მაგალითად, გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, უფრო ღიად მეტი ადამიანი გამოხატავს საკუთარ აზრს და ეს, კი, ნამდვილად განაპირობა ამ 17-მა მაისებმა, მაგრამ ძალიან მტკივნეული გზებით.
რეალურად, ლგბტქ ადამიანების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან არ გაუმჯობესებულა ზოგადად ადამიანების ყოფა ამ ქვეყანაში და ცალსახად ვერ მოითხოვ რაღაცას, მხოლოდ ჩემი გამოხატვის თავისუფლება ვერ იქნება საკმარისი ჩემი გათავისუფლებისთვის.
რამე რომ შეიცვალოს, ამისთვის, ჩვენ, თემის წვერებსაც ჯერ ერთმანეთთან საუბარი გვჭირდება, სხვა დაცვის მექანიზმები გვჭირდება, საერთო მტრის ამოცნობა გვჭირდება და, ჩემი აზრით, ეს პროცესები უფრო მეტად შეანელა ამ 17 მაისის ისტერიამ, ვიდრე დააჩქარა. მაგრამ ეს იყო კარგი გამოცდილებაც, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ. რომ არასოდეს უნდა მივცეთ ჩვენ, აქტივისტებმა საკუთარ თავს უფლება, სხვების სახელით ვილაპარაკოთ და სხვებს გადავუწყვიტოთ პოლიტიკა.
მე ვფიქრობ, რომ ჯერ თემის ერთობა უფრო გვჭირდება და მერე მანიფესტაცია, ოღონდ ეს არ არის გადავადებული ბრძოლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, ვთქვათ, ხუთი წლის შემდეგ გამოვალთ, არა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ბრძოლები არ უნდა იყოს მხოლოდ 17 მაისს მიმართული, მხოლოდ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ რომ ჰომოფობიაც პოლიტიკურად ნაწარმოები რამაა, რაც სისტემას ჩვენს დასაპირისპირებლად სჭირდება.
მერე იყო ძალიან ბევრი 17 მაისი, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი, 2016 წლიდან, თუმცა მგონია, რომ მე მაშინაც გაყალბებული დღის წესრიგის მსხვერპლი ვიყავი და ამას დღეს ვამბობ, რადგან არ ვიცი, იყო თუ არა ეს ნამდვილად ჩემი პირადი არჩევანი. ჩემთვის ეს იყო რაღაც რეაქციულობაში გამოჭედვა, გავვარდით, რაღაცები დავწერეთ, დაგვაკავეს და ამასაც ძალიან დიდი ამბები მოჰყვა და ესეც ისევ ინსტრუმენტად გადაიქცა, სამწუხაროდ, ისევ სახელმწიფოს და საპატრიარქოს ხელში და ამან კიდევ უფრო დააზიანა სხვა ადამიანები.
მე ასე მგონია - საქართველოში ახლა იწყება ქვიარ მოძრაობის ჩამოყალიბება, რომელმაც იცის, რა არ უნდა გააკეთოს. რომელმაც იცის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და დასავლეთის იმპერატივების მიღმა უნდა ორგანიზდეს. და უნდა ილაპარაკოს საყოველთაო თანასწორობის იდეაზე, რომელიც ყველას ეხება ამ ქვეყანაში.
ნატა
ჩვენს თემში, ტრანს გოგოებში, შეიცვალა ის, რომ ვინც ნამდვილად მოინდომა და სურვილი გამოთქვა, სექსსამუშაოს თავი დაანება და სხვა სამსახური დაიწყო. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ესეც ცვლილებების შედეგია - ვინც უარი არ თქვა შედარებით დაბალ ხელფასზე, ის ამოძვრა. ეს ძალიან, ძალიან ძნელი იყო. ჩემს შემთხვევაში, WISG-ი რომ არ ყოფილიყო, ვერაფერს ვიზამდი.
ადრე თუ ყველა სექსმუშაკი იყო ჩემი მეგობრებიდან, ახლა ნელ-ნელა ზოგი დასუფთავების სამსახურში, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. მაგრამ ეს ყველას არ უნდა, ყველას არ ყოფნის და ისევ იმავეს აგრძელებენ.
Your browser doesn’t support HTML5
კიდევ ის შეიცვალა, რომ ავტობუსში შემიძლია ჩავჯდე და ასე ვიმგზავრო. მეტროში ჩავიდე. იცით, რომ არავის არ ჰყავდა ნანახი ტრანსგენდერი ქალი საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ეს წარმოუდგენელი იყო. ახლაც არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ხანდახან მწერენ, ნატა, ავტობუსში დაგინახე, მიყვარხარ! და მე იმ დღეს ძალა მემატება. ეს შეიცვალა ცოტათი.
რა არ იცვლება? ჯერ არ იცვლება შიდა განხეთქილება ტრანს თემში. ეს დაპირისპირება ძალიან მკაფიოა. სამწუხაროდ, ჩვენი თემის ბევრი წევრი რატომღაც ამართლებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების ქცევას, არ ვიცი, თავდაცვის თუ რა მიზნით და ეს ძაბავს შიგნით ურთიერთობას.
ნინო
შეიცვალა ის, რომ თუ ადრე ქართველი გეი არ არსებობდა, ახლა ყველაფერი უფრო ხილულია. დიახ, ჩვენ მოვიპოვეთ ეს ხილვადობა, მოვახერხეთ ამ საკითხის აქტუალიზება და დროდადრო იმასაც ვფიქრობ, რომ ჰომოფობად ყოფნა რაღაცნაირად გახდა სირცხვილი. ზუსტი მონაცემები არ მაქვს, ცხადია, რადგან კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ეს შესამჩნევია,
ეს ნაბიჯი გადავდგით, გამოვჩნდით და მერე გავიჭედეთ.
მეორე ნაბიჯი ის არის, რომ მიმღებლობისკენ უნდა წავიდეთ და ადამიანებს გავაგებინოთ, რომ თანასწორი უფლებები უნდა გვქონდეს ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად - ვამუხრუჭებთ ამ ამბავში. ხალხსაც ჯერ ეშინია, რამე არ წაგვართვან, რამე არ დაუშავდეთ ჩვენს შვილებსო.
რატომ ვერ წავიწიეთ წინ? მე მგონი, იმიტომ, რომ ერთია ხილვადობის მოპოვება და მეორე - ლეგიტიმაციის, რომ შენც ისეთივე თანასწორუფლებიანი ადამიანი ხარ. ამისთვის თემს მეტი მობილიზება სჭირდება. საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ იმავე უფლებებს ვითხოვთ, რაც მათ აქვს და არა ზედმეტს. ეს გარდატეხა საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება, არსად მომხდარა.
შეიცვალა ის, რომ თემის წევრებს გაუჩნდათ მეტი გამბედაობა, დაიცვან საკუთარი თავი,
შეიცვალა ის, რომ ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. მეგობრობა გაჩნდა. ვირტუალურ სივრცეში აღარ ვიმალებით.
დაიწყო საკუთარი თავის რეპრეზენტაციის პროცესი, მაგრამ ამას სჭირდება მეტი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, რაც ჯერ არ ხდება, ჰომოფობია ჯერ ძლიერია. ყოველთვის შეიძლება ვინმე დაგესხას თავს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაც, რაც ჯერ იშვიათია.
ხილვადობა კი გაიზარდა, მაგრამ უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა, უფრო მეტი ადამიანის მიმართ გამოიყენება სიძულვილის ენაც და უფრო სერიოზული დანაშაულიც ხდება.
არ შეცვლილა ის, რომ ასეთ დროს, სისტემის მხარდაჭერა მინიმალურია. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, მალე მოხდეს ეს გარდატეხა.
კიდევ ის შეიცვალა და ცუდისკენ, რომ ხელისუფლებამ გააძლიერა ულტრამემარჯვენე, ფაშისტური ჯგუფები. გაზრდილია ზეწოლა იმ ორგანიზაციებზე, ვინც საჯაროობის პოლიტიკას უჭერს მხარს, მაგალითად, „თბილისი პრაიდზე“.
ეს ძალიან ძლიერი წნეხია, უდიდესი სტრესი, რაც ადამიანების გადაწვას იწვევს. წარმოიდგინეთ, ვიღაც სადღაც ზის და მიზანმიმართულად გეგმავს ისე გაანადგუროს ადამიანები, რომ არც კი შეეხოს. ისეთ სტრესში ამყოფოს, რომ მას აღარ მოუნდეს აქტივიზმში ყოფნა და დანებდეს, წავიდეს. ეს უნდა შევცვალოთ.
ნიკოლო (ბარტი)
2011 წლის 17 მაისის შემდეგ ლგბტ თემმა მიაღწია იმას, რომ ქუჩაში შეუძლიათ იარონ, მაგალითად, საყურიანმა ბიჭებმა ან ბიჭებმა შეღებილი თმებით. ხილვადობა გაზრდილია. შედარებით თავისუფლად სუნთქავს დღეს ლგბტ თემი, ვიდრე ეს 2011 წლამდე იყო.
მაგრამ ეს არ არის 17 მაისის აღნიშვნის შედეგი - ეს არის ლგბტქ აქტივისტების მართლა დაუღალავი შრომის შედეგი.
კიდევ ის შეიცვალა. რომ მაგალითად, ტრანსგენდერი ქალები მედიაში აღარ გამოჰყავთ ეგზოტიკურ ცხოველებად, როგორც ეს იყო მანამდე.
არ შეცვლილა ის, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს დღემდე უწევთ ბრძოლა იმისათვის, რომ სქესის მარკერი შეცვალონ პირად მონაცემებში. ეს ძალიან ბევრი ცუდი რამის გამომწვევია, როცა ვიზუალურად სხვა ხარ, მაგრამ პასპორტში სხვა სქესი გიწერია.
ასევე ნახეთ ბარტი არ დაიმალებაოდნავ შეიცვალა ის, რომ პოლიციის ნაწილს ესმის, როგორ უნდა მოექცეს და დაიცვას ლგბტ თემის უფლებები, განყოფილებაში მომუშავე 50 პოლიციელიდან, შესაძლოა, ეგეთი იყოს 3. მაგრამ ადრე ეგეც არ იყო.
არ იცვლება ის, რომ ჯერჯერობით მკვდრადშობილია ანტიდისკრიმინაციული კანონი და პოლიცია ცდილობს, სხვა მუხლი მიუსადაგოს დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს და ჰომოფობიურ ნიადაგზე არ დააკავოს.
დამსაქმებელს უფლება აღარ აქვს, რომ ორიენტაციის ნიშნით გაგათავისუფლოს სამსახურიდან, მაგრამ მას შეუძლია სხვა შარი მოგდოს და ამის გამო გაგიშვას სამსახურიდან. შენ კი გრძნობ, რომ ეს სწორედ შენი ორიენტაციის გამოა - ეს ჯერ არ შეცვლილა.
თითქოს ეს წვრილმანებია, მაგრამ სწორედ ეს წვრილმანები ქმნის ერთიან სურათს, რაც დღეს ცოტათი უკეთესია ადრინდელთან შედარებით.
ჩემთან, პირადად, ის შეიცვალა, რომ ადრე არ ვთვლიდი საჭიროდ ხილვადობას, ჩუმად ვაკეთებდი საქმეს და ვეხმარებოდი სხვებს და ახლა ვხვდები, რომ რაღაც ეტაპის მერე ეს საჭიროა და აუცილებელიც.
მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ 17 მაისს არ უნდა ვახსენდებოდეთ მედიასაც. ყოველდღე უნდა გვესაუბრებოდნენ და ვჩანდეთ აქტივისტები მაინც. ეს, ასე მგონი, შეცვლის დღეს მოქმედ სტრატეგიას, რომ წელიწადში ერთხელ გამოვჩნდეთ და ისიც 17 მაისს.
ჩვენ უფრო ხშირად უნდა გამოვჩნდეთ თუნდაც იმისთვის, რომ საქართველოს ყველაზე მიყრუებულ კუთხეშიც კი, თემის წევრებმა იცოდნენ, რომ მათ ჰყავთ მხარდამჭერები, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ გვერდში დაუდგებიან.