ასლან ბჟანია ბაშარ ასადს შეხვდა

ასლან ბჟანია, ბაშარ ალ-ასადი.

სირიაში „ოფიციალური ვიზიტით" მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეხვდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს.

როგორც აფხაზეთის „პრეზიდენტის" ადმინისტრაცია იუწყება, ასადმა განაცხადა, რომ „აფხაზეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის განვითარებაში. ის ახალ იმპულსს მისცემს თანამშრომლობას აფხაზეთსა და სირიას შორის სხვადასხვა სფეროში".

ასლან ბჟანიამ კი შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა ბაშარ ასადს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის.

„ამას ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გამყარდება და წარმატებით განვითარდება", - აღნიშნა ბჟანიამ.

სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო 2018 წლის მაისში. გასული წლის 6 ოქტომბერს კი დამასკში აფხაზეთის „საელჩო" საზეიმოდ გაიხსნა.