საქართველო ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინების ახალ პარტიას ივნისის მეორე ნახევარში ელოდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია 500 ათას დოზაზე, რომლის მისაღებად ჩინეთთან კონტრაქტს სახელმწიფო აფორმებს.
გარდა ამისა, ივნისში, საქართველომ „წითელი ჯვრის“ მეშვეობით, საჩუქრად უნდა მიიღოს „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა, თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, ზუსტი თარიღი ჯერ დადასტურებული არ არის.
17 მაისის მონაცემებით, საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით აცრილია 24 664 ადამიანი. ამ ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი პარტია - 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში მიიღო. აცრა 4 მაისიდან დაიწყო და ვაქცინაციისთვის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გამოყოფილი ადგილები საკმაოდ სწრაფად შეივსო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამჟამად „სინოფარმის“ ვაქცინაზე ახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ სტრატეგიული ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ორგანიზებულად იცრებიან. კერძოდ, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, პენიტენციური სისტემის და მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ დღეებში დაემატება ტურიზმის სექტორის თანამშრომელთა ჯგუფი.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში აცრა შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, თუმცა, მხოლოდ 45 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებითვის. ამ ვაქცინის პირველი პარტია - 43000-ზე მეტი დოზა ქვეყანამ მარტში მიიღო და ამდენივე მაისის დასაწყისში.
უკვე ამოწურულია „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები, რომლითაც მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები იცრებოდნენ. საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 29500 დოზა მარტის ბოლოს მიიღო.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: მოლაპარაკებები გვაქვს Pfizer-ის მილიონ დოზაზე ივნის-ივლისისთვის17 მაისის დილის მონაცემებით, „ფაიზერის“ პირველი დოზით აცრილია 13 983, ხოლო მეორე დოზით 13 505 ადამიანი. „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა გაკეთებული აქვს 35 970-ს და მეორე დოზა 1138-ს. 15 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით აცრილია 89 260 ადამიანი.