"ხელისუფლების უპასუხისმგებლობა ჩანს თუნდაც იმ განცხადებებში, რასაც აკეებენ თუნდაც პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები. მესმის, რომ უნდათ ხაზგასმა იმაზე, რომ კონფლიქტი დაიწყო ყოფით ნიადაგზე, მაგრამ ყველა დიდი კონფლიქტი ყოველთვის იწყება ყოფით ნიადაგზე. შევახსენებ, ბოლო კონფლიქტიც ისრაელში ყოფით ნიადაგზე დაიწყო, თითქოს საკუთრებაზე დავით. არ შეიძლება, მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს, ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც შეიძლება მართლა გადაიზარდოს ეთნიკურ კონფლიქტში. მგონია, განცხადებების გაკეთებას, ჯობია, ხელისუფლების წარმომადგენლების ჩავიდნენ იქ და დაეხმარონ საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარებაში. და, ასევე, აუცილებელია სწორი კვალიფიკაცია და დამნაშავეების სწორად კვალიფიკაცია. კონფლიქტი დაიწყო გუშინ და კონფლიქტში დამნაშავე არიან ის ადამიანები, ვინც მიუვარდნენ მაღაზიაში მაღაზიის მესაკუთრეებს", - ასე გამოეხმაურა თამარ კორძაია „რესპუბლიკური პარტიიდან“ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებას. ის თვლის, რომ პრობლემა ამ დაძაბულობაში არის არა ადგილზე მყოფი პოლიციელების არაეფექტიანი ქმედებები, არამედ გადაწყვეტილების მიმღები პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ვითარების არასწორი შეფასება და კონფლიქტის მართვის ხარვეზები.
"საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, თორემ პოლიცია თავის გასაკეთებელს გააკეთებს ნამდვილად, პოლიციელები თვითონ იყვნენ იქ ძალიან ცუდ მდგომარეობაში", - ამბობს თამარ კორძაია.
დღეს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა დმანისში, საიდანაც გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს დმანისში ეთნიკურად ქართველი, სვანი ეკომიგრანტების და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის დაპირისპირება ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდებს სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.