სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
“შავკანიანი კაცი როკის უცხო სამყაროში“ – 1970 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ეს წინადადება, სხვადასხვა ვარიაციით, ბევრ დასავლურ გაზეთში თუ ჟურნალში შეგხვდებოდათ. ჟურნალისტები და კრიტიკოსები ამ წინადადებას წერდნენ ნეკროლოგებში, რომლებსაც ვირტუოზ გიტარისტს, ჯიმი ჰენდრიქსს უძღვნიდნენ.
ეს განსაზღვრება - „შავკანიანი კაცი როკის უცხო სამყაროში“ - ჰენდრიქსს სიკვდილამდეც, თავისი ხანმოკლე და არაორდინარულად ინტენსიური ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაშიც თან სდევდა, მის რასობრივ კუთვნილებას კრიტიკოსებიც და მსმენელებიც გამუდმებით ამჩნევდნენ და აღნიშნავდნენ ხოლმე. დღესაც ითვლება, რომ ჰენდრიქსი გამონაკლისი იყო, როგორც აფრიკელი-ამერიკელი მუსიკოსი, რომელმაც წამყვანი და ურყევი ადგილი დაიმკვიდრა როკმუსიკის თეთრკანიან, კაც ღვთაებათა პანთეონში - როლინგ სტოუნსის, ბობ დილანის, ბიტლსის თუ ლედ ზეპელინის გვერდით.
არადა, საკუთრივ ამ პანთეონის ისტორია სულ სხვაგვარად იწყება - 1950-იანი წლებით და როკ-ენ-როლით, რომელსაც, თავის მხრივ, ფესვები შავკანიანთა მუსიკალურ ტრადიციებში აქვს. ჯიმი ჰენდრიქსამდე ათიოდე წლით ადრე ელექტროგიტარაზე დიდი ოსტატობით უკრავს ჩაკ ბერი - როკ-ენ-როლის მამად მიჩნეული აფრიკელი-ამერიკელი მუსიკოსი. მაგრამ უცებ ყველაფერი იცვლება. გვიანდელი 1960-იანი წლებიდან როკ-ენ-როლი გადაიზრდება როკმუსიკაში - ახალ მუსიკალურ იდეალში, რომელსაც უფრო სერიოზულ, უფრო შემოქმედებით, უფრო კომპლექსურ ფორმად მიიჩნევენ. და ამ სერიოზულ ჟანრში აფრიკელი-ამერიკელი მუსიკოსების ადგილი აღარ არის. ჯიმი ჰენდრიქსი აქ „უცხოდ“გვევლინება.
მაინც როგორ, ან რატომ მოხდა ასე? როდის შეიქმნა „როკი“, როგორც ასეთი - და რა იყო ის იდეოლოგიური მოსაზრებები, თუ მითოლოგიზირებული წარმოდგენები, რომლებმაც როკის არსი, თუ მნიშვნელობები განსაზღვრა მისი მსმენელის წარმოსახვაში? რამ განაპირობა ის, რომ როკმუსიკა - რომელიც განსხვავებული კულტურული გავლენების მრავალფეროვან ნაზავს წარმოადგენდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა აფრიკელი ამერიკელების მუსიკალურ ტრადიციებთან - უეცრად და ლამის ექსკლუზიურად თეთრკანიანი კაცების სივრცედ მოგვევლინა? და რა როლი ჰქონდათ ამ ყველაფერში მუსიკის ამ ახალი ფორმების გარშემო თავმოყრილ, ასე ვთქვათ ინტელექტუალურ წრეებს - კრიტიკოსებს და ისტორიკოსებს, თავიანთი შეხედულებებით იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა, მაგალითად, „ტრადიციული“, „ავთენტური“, „ფოლკლორული“ - ან „შემოქმედებითი“, „ინდივიდუალური“, თუ „კომერციული“ მუსიკა?
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელ ეპიზოდში სწორედ როკ-ენ-როლის ისტორიაზე ვილაპარაკებთ და შევეცდებით ყველა ამ კითხვას გავცეთ პასუხი - რაშიც ჩვენი სტუმარი, ამერიკელი კულტურის ისტორიკოსი, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეკ ჰამილტონი დაგვეხმარება. მასთან შეხვედრით „ასათიანის კუთხის“ მუსიკის მოყვარულ მსმენელს ნამდვილი საჩუქარი გელოდებათ - ჯეკ ჰამილტონს როგორც აკადემიის სივრცეში, ისე მედიაში იცნობენ გამორჩეულად საინტერესო და ორიგინალურ ანალიტიკოსად, რომელიც მეოცე საუკუნის პოპულარულ მუსიკას იკვლევს. „შუაღამის დადგომისას: როკენროლი და რასობრივი წარმოსახვა“ - ასე ჰქვია მის წიგნს, რომელიც 2016 წელს გამოსცა ჰარვარდის უნივერსიტეტმა და ერთ-ერთ შეუცვლელ, საეტაპო ტექსტად ითვლება ლიტერატურაში თანამედროვე მუსიკის შესახებ. „ეს წიგნი ახლებურად უსმენს 1960-იანი წლების როკმუსიკის რასობრივ პოლიტიკას. ... მასში იგრძნობა ინტელექტიც, გულიც, და სულიც. ეს არის მშვენივრად დაწერილი, პროვოკაციული ტექსტი ამერიკული პოპულარული მუსიკის საწყისების შესახებ“ – ამ ტონალობაში ბევრი რეცენზია დაიწერა ჰამილტონის წიგნის შესახებ, მისი დაბეჭდვისთანავე.
ყოველთვის მაინტერესებდა ის წარმოსახვითი კავშირები, რომელიც მუსიკას აქვს მოსაზრებებთან იდენტობის შესახებ - როგორ ვაკავშირებთ მუსიკის რომელიმე ჟანრს ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფთან, თუ სოციალურ კლასთანო, ამბობს ჩვენი სტუმარი. ის მოგვიყვება იმ იდეოლოგიურ კონფიგურაციებზე, რომლებიც თან სდევდა 1960-იანი წლების პოპულარული მუსიკის ფორმირებას და ირიბად, მაგრამ მძლავრად უწყობდა ხელს განსხვავებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სხვადასხვა მუსიკოსის, თუ ჯგუფის მიმართ - კრიტიკოსები ზეიმობდნენ თეთრკანიანი ხელოვანების ინდივიდუალურობას, ორიგინალურობას და შემოქმედებით ხედვას, შავკანიანი მუსიკოსები კი ღირებულად და „ავთენტურად“ ითვლებოდნენ მაშინ, როცა აფრიკული-ამერიკული კულტურისთვის უფრო ტრადიციულად მიჩნეული მუსიკალური ფორმების - გოსპელის, ბლუზის, სოულის - ერთგულები რჩებოდნენ.
ამ იდეოლოგიური კონფიგურაციების ძალას ჯეკ ჰამილტონი იმ პერიოდის ბევრი ემბლემატური მუსიკოსის, თუ ჯგუფის ისტორიის მაგალითებით გვაჩვენებს. ის მოგვიყვება ბობ დილანის და სემ კუკის პარალელურ ბიოგრაფიებს - მუსიკოსების, რომლებმაც ბიძგი მისცეს მთელი ჟანრების ფორმირებას, დილანმა როკს, სემ კუკმა - სოულს, და ყველა დროის ყველაზე ცნობილი, მწვავე და უდიდესი ძალის მქონე საპროტესტო სიმღერები შექმნეს - დილანმა Blowin' in the Wind, სემ კუკმა - A Change Is Gonna Come. მასთან ერთად ვისაუბრებთ იმ განსხვავებულ აღქმაზე, რომელიც აუდიტორიის და კრიტიკოსების მხრიდან თან სდევდა იმ პერიოდის ორ დიდ ქალ მომღერალს - არეტა ფრანკლინს, რომელსაც გამუდმებით აკავშირებდნენ აფრიკელი-ამერიკელების კოლექტიურ წარსულთან და ჯენის ჯოპლინს - რომელსაც ბლუზის „ფლობისთვის“ აქებდნენ, მაგრამ თან მის გადაჭარბებულ და ზღვარგადასულ ემოციურობაზე წერდნენ - „ემოციურობა“ ხომ ქალებთან ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული კლიშეა.
ჯეკ ჰამილტონი მოგვიყვება მძლავრ მუსიკალურ შთაგონებაზე, რომელიც 1960-იან წლებში ატლანტის ოკეანის ორ ნაპირს აკავშირებდა ერთმანეთთან - - ბრიტანეთში ბიტლსს, შეერთებულ შტატებში აფრიკელი-ამერიკელი მუსიკოსების, მარვინ გეის, სტივი უანდერის, დაიანა როსის ხმის ჩამწერ სტუდიას, მოთაუნ რეკორდსს. ამ შემოქმედებითმა კავშირმა ძირეულად განსაზღვრა პოპულარული მუსიკის არსი - იმ სახით, როგორითაც მას დღეს ვიცნობთ. ჯეკ ჰამილტონი განგვიმარტავს იმ მუსიკალურ განსხვავებებს, რომლებიც ორ ბრიტანულ გიგანტურ ჯგუფს, ბიტლსს და როლინგ სტოუნსს გამოარჩევდა ერთმანეთისგან, და ისაუბრებს როკმუსიკაში დამკვიდრებულ, ალბათ ყველაზე ცნობილ დიქოტომიაზეც - ამ ჯგუფების აღქმაზე რაღაც ერთი მთლიანობის ორ სახედ, სადაც ნიჭიერი და მოწესრიგებული ბიტლსი, ფსიქოანალიზის ენაზე რომ ვთქვათ, მუსიკის აპოლონური ეგოა - მისი ცნობიერი „მე“; სტოუნსი კი დიონისური იდი - სხეულებრივი, არაცნობიერი ენერგია, რომელიც სექსს და აგრესიას მოიცავს.
ეპიზოდის ბოლო ნაწილი დაეთმობა ჯიმი ჰენდრიქსს - „შავკანიან კაცს როკის უცხო სამყაროში“ - და კიდევ ერთ დიდ გიტარიტს, მექსიკელ-ამერიკელ კარლოს სანტანას. ჰენდრიქსის და სანტანას მაგალითებით ჰამილტონი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ იდეოლოგიურ მექანიზმებს, რომლებიც არათეთრკანიან მუსიკოსებს როკის სამყაროში ეგზოტიკურ „სხვად“ ტოვებდა.
ეპიზოდში, ცხადია, ბევრ მუსიკასაც მოისმენთ. ასე რომ - მართლაც - „მოირგეთ ყურსასმენები“.