COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო სამცხე-ჯავახეთში. 13 მაისს ახალქალაქში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირებთან შეხვედრა გამართეს.
სამცხე-ჯავახეთში შეფერხებული ვაქცინაციის პროცესი იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. მედიკოსების თქმით, პროცესის თითქმის ორთვიანი შეჩერება, ერთის მხრივ, 28 წლის მედდის გარდაცვალებამ, ხოლო, მეორეს მხრივ, არასაკმარისმა ინფორმაციამ გამოიწვია.
„სწორედ, ამიტომ, ჩვენ შევხვდით სასულიერო ლიდერებს, რადგან ისინი თემში სახელმწიფო ინსტიტუტებზე მეტი ნდობით სარგებლობენ“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეხვედრის შემდეგ ახალქალაქის სომხური სამოციქულო ეკლესიის მოძღვარი ახალქალაქში მღვდელმა ნარეკმა აღნიშნა, რომ „შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო“. თუმცა მრევლის გადასაწყვეტია აცრასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია ვაქცინის გაკეთების საკითხზე.
ჯავახეთში შექმნილი ვითარება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ინდოეთს შეადარა. პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ახალქალაქში მოსახლეობის ქცევა ძალიან ჰგავს ინდოეთის მოქალაქეების ქცევას.
„ინდოეთი მოიქცა ისე, როგორც იქცევა დღეს ახალქალაქი. ნაწილმა გადაიტანა, არ აიცრნენ და რა შედეგიც მიიღო, ყველა კარგად ვხედავთ. სხვა გზა არ არის, ან უნდა აიცრათ, ან COVID - 19 გადაიტანოთ. სხვაგვარად შეუძლებელია. საშიში დაავადებაა და ეს უნდა გავაანალიზოთ ყველამ".
სასულიერო პირების შემდეგ ახალქალაქში შეხვედრა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან გაიმართა. შეხვედრის დასრულებისთანავე 20 მედიკოსი აიცრა. კიდევ ერთი შეხვედრა ახალციხეში 14 მაისს გაიმართება.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრის შემდეგ სიმბოლურად ახალციხეში აიცრება. იმუნიზაციის პროგრამებისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ორდღიანი საინფორმაციო სესია ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრით დასრულდება.