ნამდვილად გინდათ დარეგისტრირება? - რატომ გაიჭედა აცრის პორტალი

18:54 წუთის მონაცემებით, კოვიდვაქცინაციის პორტალი www.booking.moh.gov.ge კვლავ გათიშულია. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც ღამე გაათენეს და გამთენიისკენ, ვაქცინაციის თარიღიც დაჯავშნეს.

12 მაისის ღამის „ბრძოლის ქრონიკები" სოციალურ ქსელში ასე გამოიყურება:

„მაინც დავრეგისტრირდი, ამაზონის ჯუნგლებშიც გავქაჩავ, რო რამე“

„ყველანი ფრანგი თანამებრძოლები ვიყავით ვატერლოოს ბრძოლაში“

„ჩვენც და ისრაელიც ღამეს ვათენებთ დღეს“

„რასაც ჩვენ ანტივაქსერები გვწყევლიან, ნეტა, შუქიც არ ჩაქრებოდეს“

„NCDC changed its name to No Sindisi“ (დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სახელი გადაირქვა "არა სინდისი")

„7 ლარიანიდან, 15 ლარიან ჰოსტინგზე მაინც გადადით. გაჭედა ჯავშნის გვერდმა“

„კიდევ კაი, კორონა შემხვდა/მოვიხადე და ამით ავცდი რეგისტრაციის ცოდვის კალოს“

„შენ ვერ იცრიდი იმ ღამეს, მერი“

„ვინაიდან სამინისტრო ვერ მიხვდა, ჩვენ მივხვდეთ და "სინოფარმის" მეორე დოზის ხალხმა ვაცალოთ ასტრაზენეკას პირველი დოზის ხალხს დარეგისტრირება“

„მგონი, ყველანაირად მზად ვართ ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად!“

ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ პოსტებისა, რომლებსაც 12 მაისის 20:00 საათიდან, სოციალურ ქსელში წერდნენ ის მომხმარებლები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობდნენ ვაქცინაციის საიტზე www.booking.moh.gov.ge დარეგისტრირებას.


საქმე ისაა, რომ 12 მაისის 20:00 საათიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პორტალზე რეგისტრაცია ვაქცინაციის მსურველთა ორი დიდი ჯგუფისთვის გაიხსნა: „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მსურველი მოქალაქეებისა და ასევე, იმ პირებისათვის, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 45 წელი და სურთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღება.

თუმცა, შესაბამის სტრუქტურებს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, „დაავიწყდა“, „ვერ გაითვალისწინა“ თუ „არ ჩათვალა საჭიროდ“, ერთი მკაფიო განმარტების გაკეთება, რომ, მაგალითად, ის მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ „სინოფარმის“ პირველი დოზით ვაქცინაცია არ ჩატარებიათ, თუმცა, აცრაზე უკვე დარეგისტრირებულები არიან, ვაქცინის მეორე დოზის ჯავშანს 12 მაისს ვერ გააკეთებდნენ. გარდა ამისა, მეორე დოზის დაჯავშნას ვერ შეძლებდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც მართალია, „სინოფარმის“ პირველი დოზა უკვე მიღებული აქვთ, მაგრამ მეორე დოზის დაჯავშნა სურდათ 21-28 დღის ფარგლებში. ასეთი მოქალაქეებისთვის პორტალი თურმე, 20 მაისიდან გაიხსნება.

ანუ, 12 მაისს „სინოფარმის“ მეორე დოზის დაჯავშნა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომლებსაც ამ დოზის მიღება სურდათ, აცრიდან ზუსტად 21-ე დღეს. შეგახსენებთ, რომ "სინოფარმის" მეორე დოზის ჩატარების რეკომენდებული ინტერვალია პირველი დოზიდან 21-28 დღე.

აი, ეს განმარტებები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მხოლოდ 13 მაისს, მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაქცინაციის მსურველებმა, მთელი ღამე, უშედეგოდ გაათენეს კომპიუტერებთან იმის გამო, რომ პორტალმა, სავარაუდოდ, ვერ გაუძლო მომხმარებლის „მასობრივ შეტევას“ და გაითიშა. ვაქცინაციის პორტალზე პირველი დარეგისტირებულები გამთენიისკენ გამოჩნდნენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტალს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გამოაქვეყნა: „აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული“.

ბოდიში შექმნილი „გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხების გამო“, 13 მაისს ამირან გამყრელიძემაც მოიხადა: „ეს დაკავშირებული იყო, დიდი ალბათობით, ტექნიკურ საკითხებთან. უმრავლესობა ამ ტექნიკური ხარვეზების გასწორდა დილის 4 საათისთვის და მოსახლეობას აცრაზე რეგისტრაციის საშუალება მიეცა. დღესაც გრძელდება ხარვეზებზე მუშაობა და ვფიქრობ, რომ პორტალი გამართულად უნდა მუშაობდეს“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ალექსანდრე ტურძილაძეს, რომლის დაქვემდებარებაშიცაა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი. მისი თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა ჯგუფი ამ წუთებშიც მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. ხოლო, რამ გამოიწვია საიტის გათიშვა, ამ კითხვაზე მას კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვს:

„გვაქვს ტექნიკური შეხვედრა და ვმუშაობთ. რამ გამოიწვია ხარვეზი, ამაზე პირდაპირ ლაპარაკი ძალიან რთულია. ახლა შეკრებილი ვართ ძალიან დიდი შემადგენლობით და ვადგენთ, რა არის პრობლემა. ცალკე აღებული თითქოს ყველაფერი კარგად მუშაობს, თუმცა, ერთიანობაში პრობლემაა. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი დიდი მომართვიანობაა. ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, რამ წარმოქმნა პრობლემა, რომელიც მალე გაირკვევა“.

ერთადერთი ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ვაქცინაციის პორტალის შესახებაა ცნობილი, არის ის, რომ პორტალი მომზადებულია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ მიერ, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, მის ადმინისტრირებას კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ პროექტების მენეჯერს, რუსუდან ჩხუბიანიშვილს, რომლის თქმითაც, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რამდენიმე თვის წინ, ჩეხეთის რესპუბლიკის დაფინანსებით, შეიქმნა რიგების ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდვაქცინაციის პორტალის შესაქმნელად გამოიყენა:

„ჩვენ ეს პლატფორმა გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს. პლატფორმა შექმნა ჩვენს მიერ დაქირავებულმა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიამ „CITI“. ხოლო ამ ეტაპზე, ეს პლატფორმა იმართება დაავადებათა კონტროლის მიერ. პლატფორმა გვთხოვა ჯანდაცვის სამინისტრომ, რათა რიგების მართვის სისტემა გამოყენებული ყოფილიყო ვაქცინაციის პორტალისთვის. ამ დრომდე, როგორც ვიცი, პორტალი გამართულად მუშაობდა, თავად მეც ვისარგებლე ამ პორტალით და ვაქცინაციის პირველი დოზა უკვე გავიკეთე. ამჯერად რა ხარვეზი შეიქმნა, ამის შესახებ უკვე თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ჩეხეთის კარიტასის“ წარმომადგენლის მიერ დასახელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას „CITI“-საც, სადაც გვიპასუხეს, რომ კომპანია „ჩეხეთის კარიტასთან“ თანამშრომლობს სხვა პროექტებზე, ხოლო, რაც შეეხება ვაქცინაციის პორტალს, ეს პორტალი შექმნილია დაავადებათა კონტროლის საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამშრომლების მიერ: „ჩვენ არ ვართ კავშირში ამ პორტალთან. ჩვენი ინფორმაციით, პრობლემა შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროს სერვერზე“.

რამ „გაჭედა“ პორტალი?

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როდესაც ვაქცინაციის პორტალი „სინოფარმით“ ვაქცინაციის პირველი დოზების დასაჯავშნად გაიხსნა და რამდენიმე წუთში, 15 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა შეფერხების გარეშე დაიჯავშნა, 12 მაისს, პორტალმა ვაქცინაციის მსურველთა ნაკადს ვერ გაუძლო და პირველივე წამებიდან გაითიშა.

გიორგი მაჩიტიძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, დილის 4 საათამდე აკვირდებოდა პორტალზე წარმოქმნილ შეფერხებებს და მათი ანალიზის შედეგად, ფიქრობს, რომ სპეციალისტებმა პორტალზე მუშაობისას, შესაძლოა, არაერთი შეცდომა დაუშვეს. მათ შორის, მაგალითად, ის, რომ მონაცემთა ბაზა და პროგრამა ერთ სერვერზე აღმოჩნდა განთავსებული, პროგრამული უზრუნველყოფა არ იყო „მასშტაბირებადი“. მისი თქმით, უცნობია, გაატარეს თუ არა პორტალი მაღალი დატვირთვის ტესტზე, როდესაც ხდება სცენარების შემუშავება დიდი რაოდენობით მომხმარებელთან გასამკლავებლად:

„რასაც გუშინ სპეციალისტები ვუყურებდით, ის დატვირთვა, რომელიც წუხელ შეიძლებოდა ჰქონოდა პორტალს, გამართულად აწყობილი პორტალის შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში, პრობლემად არ უნდა ქცეულიყო. საკითხავია, როგორ მოხდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, იყო თუ არა დარღვეული ძირითადი პრინციპები, იყო თუ არა გათვლილი, რომ წარმადობა მაღალი უნდა ყოფილიყო, ჩანდა, რომ მონაცემთა ბაზამ ვერ გაუძლო დატვირთვას, ითიშებოდა. ჩანდა, რომ მონაცემთა ბაზა და აპლიკაცია იყო ერთი და იმავე სერვერზე, რაც არ არის რეკომენდებული. გამოჩნდა, რომ თავად პროგრამა მოძველებულ ენაზე დაიწერა - გამოყენებულ იქნა „მაიკროსოფტის“ ის კომპონენტები, რომლებიც დღეს პრაქტიკაში მაღალი დატვირთვის სისტემებისთვის აღარ გამოიყენება. ცალსახად გამოჩნდა, რომ პორტალზე მაღალი დატვირთვის ტესტირება არ ჩატარდა, რადგან რომ დაეტესტათ, მაშინ პრობლემა არ უნდა შექმნილიყო. ჩვენ შევამჩნიეთ არაერთი ტექნიკური ხარვეზი, რაც მიუთითებდა იმას, რომ პორტალი არქიტექტურულად არ იყო სწორად გადაწყვეტილი არც სერვერის და არც პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში“.

12 მაისის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 77 343 ადამიანი. სრულად აცრილია 13 084. ქვეყანაში, ამ ეტაპზე, სამი ვაქცინა, „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ და „სინოფარმი“ გამოიყენება.

  • „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 32 825 ადამიანი; ორივე დოზით - 462
  • „ფაიზერის“ ერთი დოზით აცრილია 13 942 მოქალაქე; ორივე დოზით - 12 622
  • „სინოფარმის“ ერთი დოზით აცრილია 17 492 ადამიანი, ხოლო ჯავშანი გაკეთებული აქვს 26 577 ადამიანს.

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს, „ასტრაზენეკათი“ დაიწყო. „კოვაქს პლატფორმის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა 43 200 დოზა ვაქცინა, რომელიც მოქალაქეების თითო დოზით ასაცრელად იყო განკუთვნილი.

რამდენიმე დღეში, საქართველომ მიიღო „ფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინა, რომლითაც 15 000-მდე მოქალაქე უნდა აიცრას.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, საქართველოს აქვს „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა, რომლითაც 50 ათასი მოქალაქე აიცრება.