რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 10 მარტს სოჭში გამოსვლისას იმედიანად გამოიყურებოდა. „სპეციალისტების თანახმად, ვირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა,“ თქვა მან და რუსეთის მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში 12 მაისის მონაცემებით დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 4 905 059 შემთხვევა, გარდაიცვალა 114 331 ადამიანი.
პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ დეკემბერში აღიარა, რომ რუსეთში წარმოებული სტატისტიკა საეჭვოა. მისი ვარაუდით, 2020 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში აღრიცხული „ჭარბი სიკვდილიანობის“ 229700 შემთხვევის 81% დაკავშირებულია COVID-19-თან. ეს ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა უნდა ყოფილიყო 186000-ზე მეტი. მაშინ, როცა სტატისტიკური სააგენტო „როსსტატის“ მონაცემებით, იმ დროისთვის ოფიციალურად 57000 ადამიანი იყო გარდაცვლილი ამ ვირუსით.
ასევე ნახეთ "რუსეთი მნიშვნელოვნად დაზარალებული გამოვა კოვიდ-კრიზისიდან"ცნობილი რუსი დემოგრაფი ალექსეი რაქშა ფიქრობს, რომ ეს რიცხვებიც კი არარეალისტურია. მისი თქმით, რუსეთში პანდემიის ნამდვილი სურათის შესახებ შეიძლება ვერც ვერასოდეს შევიტყოთ.
„უბრალოდ ფაქტია, რომ არ ვიცით, ინფიცირების რამდენი შემთხვევა გვქონდა,“ უთხრა მან რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ მეთოდები, რომლებითაც ადგენენ ინფიცირებულთა რაოდენობას რუსეთში, ძალიან ჩამორჩენილია. „უბრალოდ მარჩიელობაა. მე ვფიქრობ, რუსეთში მოსახლეობის არანაკლებ ერთ მესამედს ჰქონდა ვირუსი... მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ეს მაჩვენებელი 40%-ს უახლოვდება. ასეთია ჩემი შეფასება.“
თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ რუსეთში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 47 მილიონს აჭარბებს.
პრიორიტეტები
რაქშა აცხადებს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ პერიოდში, რუსეთის მთავრობამ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას მიანიჭა პრიორიტეტული მნიშვნელობა და ამით ავნო საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ზრუნვას. 2020 წლის ივნის-ივლისში კრემლმა ჩაატარა სადავო პლებისციტი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. საქმე ეხებოდა პაკეტს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებდა პუტინისთვის 2036 წლამდე ხელისუფლების სათავეში დარჩენის საშუალების მიცემას.
„ჩვენმა მთავრობამ, საკუთარი მიზნებისთვის დახარჯა დაახლოებით 300 ათასი ადამიანის სიცოცხლე,“ ამბობს რაქშა. „ცხადია, მათი უმრავლესობა ხანდაზმულები იყვნენ, მაგრამ ასეა თუ ისე, ისინი დახარჯეს. ყველაფერი რომ სწორად გაკეთებულიყო, ჩვენი ჭარბი სიკვდილიანობა მაქსიმუმ 150 ათასიდან 200 ათასამდე იქნებოდა და არა ნახევარი მილიონი.“
პუტინი საკონსტიტუციო მანიპულაციებით შეიძლება 2036 წლამდე დარჩეს თანამდებობაზე პუტინი საკონსტიტუციო მანიპულაციებით შეიძლება 2036 წლამდე დარჩეს თანამდებობაზეთავად პლებისციტი იყო პრობლემური ეპიდემიოლოგიური თავალსაზრისით. გარდა ამისა, მან ქვეყნის მასშტაბით ფართო საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
რაქშა, რომელიც „როსსტატში“ ჯანდაცვის დემოგრაფიის სპეციალისტი იყო, 2020 წლის ივლისში მოხსნეს მას შემდეგ, რაც მას დავა მოუვიდა კორონავირუსით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების დათვლის მეთოდების გამო. მაშინ რუსეთში ოფიციალურად აღრიცხული იყო COVID-19-ით სიკვდილის 11439 შემთხვევა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მთავრობა აცხადებდა, რომ სახელმწიფო კარგად უმკლავდებოდა კრიზისს. რაქშა მაშინ ამტკიცებდა, რომ „მინიმუმ 30 ათასი ადამიანი იყო კორონავირუსით გარდაცვლილი.“
დემოგრაფი დღემდე განაგრძობს სამთავრობო სტატისტიკის წინააღმდეგ ბრძოლას.
„ჩემი კატეგორიული რეკომენდაციაა, რომ არასპეციალისტებმა არ შეხედონ „სტოპკორონავირუსისა“ და „როსპოტრებნადზორის“ მონაცემებს,“ ამბობს ის. „უნდა დაივიწყოთ მათი არსებობა, ვინაიდან ისინი ზიანის მომტანია. ეს უბრალოდ დეზინფორმაციაა.“
რაქშას თქმით, „როსსტატის“ ზეწოლით რეგიონული ხელისუფლებების წარმომადგენლები „ჰაერიდან“ იღებდნენ სტატისტიკურ მონაცემებს. ხდებოდა უწყებებს შორის მორიგება და მონაცემებზე შეთანხმება. საბოლოოდ გამოქვეყნებამდე „როსსტატი“ „არედაქტირებდა“ ამ მონაცემებს. „ეს წმინდა წყლის შემოქმედებაა... მაგრამ ამ ხელოვანთა ნიჭი არ არის ძალიან შთამბეჭდავი.“
დემოგრაფიული უკუსვლა
რაქშა აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემია სერიოზული დარტყმაა პუტინის გრძელვადიანი მიზნისთვის, გააუმჯობესოს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. 2006-2019 წლებში მთავრობამ შეძლო სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა 8,5 წლით.
მაგრამ პანდემიამ სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,8 წლით შეამცირა და ქვეყანა 2014-2015 წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა. რაქშას თქმით, არაპროპორციულად უფრო მეტად დაზარალდნენ ქალები, ვინაიდან ისინი ისეთ თანამდებობებზე მუშაობდნენ, რომ მეტი შეხება ჰქონდათ დაავადებასთან, ისინი უფრო ხშირად ინფიცირდებოდნენ და, შესაბამისად, მსხვერპლიც მეტი იყო მათ შორის.
რაქშას შეფასებით, 2020 წელს ჭარბი სიკვდილიანობა 355 ათასი იყო, მთელი პანდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი, მისი შეფასებით, 500 ათასს აღწევს.
დემოგრაფის თანახმად, მთელი ჭარბი სიკვდილიანობა შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ მივათვალოთ COVID-19-ს.
„ჩვენ მედიკოსებისგან ვიცით, რომ [COVID-19] დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებზე. მაგრამ გოლიკოვას არაფერი უთქვამს სიკვდილის მიზეზის ამ კლასების დინამიკაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაიზარდა. მე ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა დიდი ნაწილი სხვა მიზეზებს მიაწერა.“
„ისე გვატყუებენ, თითქოს დებილები ვიყოთ... და ასეც გვექცევიან“, დაასკვნის დემოგრაფი ალექსეი რაქშა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.