ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მაღაროსთან, სამმა ადგილობრივმა საარსებო გარემოს დაზიანების გამო, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი 82-ე დღეა აპროტესტებს „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობას სოფელში, რაც, მათი თქმით, სახლების ნგრევას იწვევს და გარემოზე უარყოფითად მოქმედებს. როგორც შუქრუთელმა ჯანო ლაბაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ორდღიანი ვადა მისცეს კომპანიას მათი მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის სხვა მონაწილეები მიმართავენ. ჯანო ლაბაძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, შეწყდეს მადნის მოპოვება, ან კომპანიამ შესაბამისი კომპენსაცია გასცეს განსახლებისთვის.
„გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, თუმცა, რასაც ისინი გვთავაზობენ, მიზერულია, ამასთან, არ არსებობს ხელშეკრულება და მხოლოდ ზეპირ განცხადებებს ვერ ვენდობით. მოვითხოვთ, დამოუკიდებელმა აუდიტმა შეაფასოს ჩვენი ქონება. თავდაპირველად რომ ვინმეს ეკითხა, საერთოდ არ დავთანხმდებოდით მადნის მოპოვებას სოფლის ქვეშ და აქედან განსახლებას, რადგან აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ და გვინდა აქ ვცხოვრობდეთ უსაფრთხო გარემოში“.
როგორც ჯანო ლაბაძე ამბობს, სოფელ შუქრუთში მადნის მესამეული გამომუშავება მიმდინარეობს, მარგანეცის პირველადი მოპოვება სოფელში საბჭოთა კავშირის დროს განხორციელდა, რის შემდეგაც მოპოვება შეჩერდა და ნიადაგის ქვეშ დარჩა ე.წ. საყრდენი მასა, რომლის გამომუშავებაც საფრთხისშემცველი იყო სოფლის მოსახლეობისთვის. ამჟამად კი სწორედ ამ დარჩენილი მადნის მოპოვება მიმდინარეობს. „ბოლო ორი წელია, კომპანია მარგანეცს ვახტური წესით მოიპოვებს და თვალნათლივ ჩანს, თუ რა ზარალი ადგება მოსახლეობას, ინგრევა სახლები, მოსავალი აღარ მოდის. როდესაც საკუთრების უფლება გვეზღუდება, ადეკვატური კომპენსაცია უნდა გასცეს კომპანიამ“.
სოფელში 280 ოჯახი ცხოვრობს და მათი ნაწილის სახლები უკვე დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისია, - ამბობს, ჯანო ლაბაძე და დასძენს, რომ ვითარებას ართულებს ის, რომ მოსახლეობის ნაწილი მადნის მოპოვებას აპროტესტებს და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს მოითხოვს, ნაწილი კი მადნის მომპოვებელ კომპანიაში მუშაობს და შემოსავლის დაკარგვის გამო, პროტესტს არ გამოთქვამს.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლის ვლადიმერ სალაძის განცხადებით, მოსახლეობა მათ რადიკალური ზომებით ესაუბრება, რაცა აჩენს ეჭვს, რომ პროცესი მართულია.
„კომპანია ყველანაირად ცდილობს ადგილობრივებთან მოლაპარაკებას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მართლაც არაორდინალური ვითარებაა. იმ სამი პიროვნებიდან, რომლებმაც მოაწყვეს აქცია, ორი მათგანის მფლობელობა არის შეფასებული კერძო აუდიტის მიერ. თანხა აღემატება საბაზრო ღირებულებას. ჩვენთვის გაუგებარია, აღნიშნული პირები რატომ არ დათანხმდნენ კომპენსაციის გაცემას. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, აღნიშნული ოჯახი არის ეკომიგრანტი და 2018 წელს დაკმაყოფილდა საცხოვრებელი სახლით, შესაბამისად, გაურკვეველია მათი რადიკალური პოზიცია, ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ“.
ვლადიმერ სალაძის განცხადებით, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის უმეტესობამ კომპენსაციები უკვე აიღო.
როგორც შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი დასძენს, კომპანია ორიენტირებულია, მოსახლეობასთან მოლაპარაკებით მიაღწიოს შეთანხმებას და დიალოგისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.