კახა კუჭავა: მელიამ პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს

„რა თქმა უნდა, ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი - მიშელის დოკუმენტის პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვის“, - განაცხადა 9 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, მან პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს.

„ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტზე, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, იმის მიმართ, რომ პოლარიზებამ დაიკლოს და ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ. შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და, მათ შორის, ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და ის საქმიანობა გააგრძელოს, რომელსაც ევროპელები მისგან ელიან“, - ასე გამოეხმაურა კახა კუჭავა ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადახდის ფაქტს.

კუჭავას სიტყვებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის, ამიტომ „ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე“.

ევროკავშირმა 8 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად 40 000 ლარის ოდენობის გირაოს თანხა გადაიხადა.

ევროკავშირმა აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევას. ეს ორგანიზაციები არიან "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

კერძოდ, საია-ს ანგარიშის გავლით, თანხა თბილისის სააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე 8 მაისს, დაახლოებით 15 საათისთვის გადაირიცხა.