მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდამისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ზაზა გახელაძის ოჯახს 28 აპრილს საქართველოს პრეზიდენტიც შეხვდა. შეხვედრები გაიმართა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთანაც.
ასევე ნახეთ ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავსთბილისიდან ქვემო ჭალაში დაბრუნებული ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრემიერთან შეხვედრით მცირე იმედი კიდევ გაჩნდა, რომ ზაზა ოჯახს მალე დაუბრუნდება.
დაგვპირდა ღარიბაშვილი, ამ საქმეს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ძალიან მალე გავაკეთებო. რა ვიცი, დაგვაიმედა და გვჯერა. იმედია, შეასრულებს თავის სიტყვას.ნანა ბუნტური
„პრემიერ-მინისტრს კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია. გვითხრა, უმოკლეს ვადაში იქნება ცვლილებაო. ჩვენ არ ვიცით, რა გზებს და რა მექანიზმებს განიხილავენ. გვითხრა მხოლოდ ის, რომ უფრო მეტად გაააქტიურებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს და უფრო მეტად იქნებიან ჩართულები ამ საქმეში. ჩვენც, შესაბამისად, დაველოდებით მის პირობას და გადავდებთ აქციას და, თუ შედეგი ვერ ვნახეთ, ქუჩაში გამოვალთ”.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, რომელია ოჯახისთვის ბოლო ზღვარი და სადამდე აპირებენ დანაპირების შესრულების ლოდინს, ირმა ბუთხუზი გვიპასუხებს, რომ 23 ივნისი ზაზას დაბადების დღეა და ეს თარიღი იქნება მათი მოთმინების ბოლო ზღვარი.
დღეს თვალზე ცრემლი აღარ ჰქონია ზაზას დედას, ნანა ბუნტურს. მთელი სამასი დღის განმავლობაში ის მუდმივად ამბობდა, ჩემმა ცრემლმა და დედის თხოვნამ თბილისამდე ვერ ჩააღწია და იქნებ ამ ცრემლებმა საოკუპაციო რეჟიმს მაინც მოულბოს გული და ჩემი შვილი დამიბრუნოსო. დღეს ნანა ბუნტური ამბობს, რომ კიდევ ცოტა ხანს დაელოდება მთავრობის მეთაურის სიტყვის შესრულებას.
„დაგვპირდა ღარიბაშვილი, ამ საქმეს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ძალიან მალე გავაკეთებო. რა ვიცი, დაგვაიმედა და გვჯერა. იმედია, შეასრულებს თავის სიტყვას“.
გახელაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გამოვიყენებთ საპარლამენტო ბერკეტებს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ზაზას გათავისუფლებას...თეონა აქუბარდია
ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ერთგვარ მონიტორინგს აწესებს საპარლამენტო ოპოზიციაც. რამდენიმე დღის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები იმ პარტიების ლიდერები შეხვდნენ, რომლებიც ბოლო დროს პარლამენტში შევიდნენ. დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას გახელაძის საქმის შესახებ მუდმივად მოსთხოვს ანგარიშს.
„გახელაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გამოვიყენებთ საპარლამენტო ბერკეტებს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ზაზას გათავისუფლებას. მე პირადად კითხვები გავაგზავნე სუსის უფროსთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან. ასევე წერილებს მივწერთ პარტნიორ ქვეყნებს. ასევე ვგეგმავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრას. გვაინტერესებს საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. არ ვიცით, რა პოლიტიკა აქვს ქვეყანას ოკუპაციის მიმართ და რა აქვთ ქაღალდზე დაწერილი. ამ დოკუმენტებსაც გამოვითხოვთ. გვინდა, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში მცოცავი ოკუპაციის და რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკის საკითხები, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს და ასევე იყოს მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ და რა შეგვიძლია ჩვენ, რომ დავუპირისპიროთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას“.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე. წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. მოგვიანებით მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ქვემო ჭალის გარშემო 7 სოფელია. შვიდივე სოფლის მოსახლეობა მათ სოლიდარობას უცხადებს და საპროტესტო აქციაზე გამოსასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს. ზაზა გახელაძის ოჯახი ახლა პრემიერ- მინისტრის სიტყვის შესრულებას ელოდება. ისინი კიდევ თვე-ნახევარს მოიცდიან.