საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.
მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ზაზა გახელაძის ოჯახს 28 აპრილს საქართველოს პრეზიდენტიც შეხვდა. შეხვედრები გაიმართა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთანაც.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე. წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს ე. წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას შემდეგ ოჯახი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვს.ბოლო დროს მათ იმის შესახებაც განაცხადეს, რომ აქტიურ ქმედებებზე გადავლენ.
ოჯახის წევრების თქმით, უახლოეს ხანებში ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ქვემო ჭალის გარშემო 7 სოფელია. შვიდივე სოფლის მოსახლეობა მათ სოლიდარობას უცხადებს და საპროტესტო აქციაზე გამოსასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს.
ასევე ნახეთ ზაზა გახელაძის ოჯახი აქტიურ ქმედებებზე გადადის