აშშ-ისა და ნატოს სამხედრო წვრთნების შესახებ

ამინდის დათბობა, როგორც წესი, არმიებისათვის წვრთნების დაწყებას მოასწავებს და 2021-იც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს ევროპა კვლავ მჭიდროდ შეუბოჭავს. რადიო თავისუფლება აშშ-ის არმიისა და ნატოს მაისის და ივნისის გეგმების შესახებ მოგახსენებთ და ყურადღებას ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებზე გაამახვილებს.

რა წვრთნებს გეგმავს ნატო და აშშ ზაფხულში?

ორივეს მთავარ წვრთნებს მსგავსი სახელები აქვს. აშშ-მა თავის წვრთნებს "Defender Europe-21" დაარქვა, ნატომ კი "Steadfast Defender-21". საქმეს ისიც ართულებს, რომ ეს ორი ღონისძიება დროის ერთ მონაკვეთში ტარდება და მოიცავს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, ზღვის, ჰაერისა და მიწის კომპონენტებს და ორივეში ოცზე მეტი ქვეყნის ჯარია ჩართული. ორივე წვრთნის ამოცანაა სხვადასხვა ძალების მზაობისა და თავსებადობის გაუმჯობესება.

რა არის ნატოს წვრთნის სპეციფიკა?

The Steadfast Defender-21-ს სამი ფაზა აქვს, რომელიც მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე განხორციელდება. პირველი ფაზა საზღვაო კომპონენტია, რომელშიც ოცამდე ხომალდი ჩაერთვება. 5 ათასი ადამიანი და 40 საჰაერო ხომალდი ატლანტის ოკეანეში აშშ-სა და ევროპას შორის მარშრუტებს დაიცავს. მეორე ნაწილში მხოლოდ 300 ადამიანი იქნება ჩართული გერმანიის ქალაქ ულმში, მაგრამ ის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ის მეთაურების წვრთნას გულისხმობს. მესამე და დასკვნითი ფაზა რუმინეთში ჩატარდება, სადაც 4 ათასი ჯარისკაცი, 12 საჰაერო ხომალდი, 10 ტანკი და 500-ზე მეტი ჯავშნიანი და უჯავშნო მანქანა მიიღებს მონაწილეობას სახმელეთო მანევრებში.

რა არის აშშ-ის წვრთნის სპეციფიკა?

The Defender Europe – 21 უფრო მასშტაბურია და მასში სულ 30 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. კონტინგენტის ნახევარი ამერიკულია, ნახევარი კი ევროპული - 27 ქვეყნიდან. სხვადასხვა ოპერაცია სულ 12 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება. სამხედრო ტექნიკისა და შემადგენლობის გადაადგილება აშშ-დან მარტში დაიწყო. ძირითადი წვრთნები მაისსა და ივნისში ჩატარდება, მოიცავს ღამის ოპერაციებს ბულგარეთში, საჰაერო და საარტილერიო თავდაცვას რუმინეთში და ვერტმფრენის მანევრებს ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

ვინ მონაწილეობს ამ წვრთნებში?

ნატოს წვრთნებში მონაწილეობს 20-მდე ქვეყანა, მათ შორის ბულგარეთი, უნგრეთი და რუმინეთი, რომლებიც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იმუშავებენ. ნატოს არაწევრი ქვეყნები ჩართული არ იქნებიან. ამერიკულ წვრთნებში კი, ნატოს წევრი სახელმწიფოების გარდა, მონაწილეობას საქართველო, სომხეთი, მოლდავეთი და უკრაინაც მიიღებენ და სამხედრო შემადგენლობას გაგზავნიან.

და, რაც შეეხება რუსეთს?

ის ფაქტი, რომ წვრთნები ნაწილობრივ შავი ზღვის რეგიონშიც ჩატარდება, სადაც რუსეთმა ცოტა ხნის წინ ძალების კონცენტრირება მოახდინა, უბრალოდ, დამთხვევაა, - ამბობენ რადიო თავისუფლების წყაროები. ისინი ხსნიან, რომ მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა ერთი წლით ადრე იწყება. ამერიკისა და ნატოს ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ წვრთნებს რუსეთთან და უკრაინის გარშემო სამხედრო აქტივობასთან კავშირი არა აქვს. ის არც ერთი კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ არაა მიმართული, თავისი არსით თავდაცვითია და სრული გამჭვირვალობით ტარდება - ამას იმეორებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან წამოსული ყველა დოკუმენტი, სადაც რუსეთია ნახსენები.

მართლაც, ყველა წვრთნა შეესაბამება ყველა საერთაშორისო შეთანხმებას და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ-მა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთს დეტალები ოფიციალურად აცნობეს, 2011 წლის ეუთოს ვენის დოკუმენტის შესაბამისად. ამ ტექსტის თანახმად, წვრთნა, რომელშიც 9 ათასი ჯარისკაცია ჩართული, ოფიციალურ ცნობას საჭიროებს, ხოლო თუ ღონისძიებაში 13 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთვება, მაშინ აუცილებელი ხდება დამკვირვებლების მოწვევა. ნატოს წვრთნაში 9 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას და რუსეთს დაკვირვების მოთხოვნა არ გაუკეთებია. აშშ-ის წვრთნა კი, მართალია, საერთო ჯამში, 28 ათასი ჯარისკაცის მონაწილეობას გულისხმობს, მაგრამ ეს შემადგენლობა 2 თვეზე გადანაწილდება და ერთდროულად 9 ათასზე მეტი ჯარისკაცი არსად განთავსდება.

როგორ შეედრება წინა წლების წვრთნებს?

შარშანდელი Defender Europe 20 კონტინენტზე 37 ათასი ჯარისკაცის განთავსებას გულისხმობდა, მაგრამ პანდემიამ მისი მთავარი ელემენტები შეკვეცა. ნატოსთვის წლევანდელი წვრთნები საშუალო ზომისაა, რომელიც, მაგალითად, ვერც კი შეედრება 2018 წელს ევროპის ჩრდილოეთში ჩატარებულ ღონისძიებას. მაშინ 31 ქვეყნის 50 ათასი ჯარისკაცი, პლუს 10 ათასი სატრანსპორტო საშუალება, 250 საჰაერო ხომალდი და 65 ხომალდი ჩაერთო ალიანსის უდიდეს სამხედრო წვრთნაში ცივი ომის შემდეგ.