მეორე მსოფლიო ომი და ქალები - იდეოლოგიის ხატები

ქალი წითლებში - გამჭოლი მზერით იცქირება. მარცხენა ხელი მაღლა აღუმართავს, მარჯვენა კი წინ გამოუწვდია და ხელში სამხედრო ფიცი უჭირავს. ფონად - ხიშტიანი თოფები მოჩანს. თავზე კი დიდი ასოებით აწერია - „დედა-სამშობლო გვეძახის“ - ეს მხატვარ ირაკლი თოიძის ცნობილი, 1941 წელს შექმნილი პოსტერია და მას, მეორე მსოფლიო ომის დროს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში ავრცელებდნენ.

ეს, ალბათ, იმ დროის ყველაზე მკაფიო იდეოლოგიური პოსტერია, რომელზეც ქალი იყო გასახული და როგორც მკვლევარი თათია ბარბაქაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, თოიძის ამ პოსტერში ქალს მორალური პასუხისმგებლობა აქვს ნატვირთი - მისი ვალია, რომ საბჭოთა ჯარისკაცებს ომში გაუძღვეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა იდეოლოგიამ ქალის ხატი მართლაც წარმატებით გამოიყენა პროპაგანდისთვის.

1941-1945 წლების (აღმოსავლეთ ფრონტის დაწყებისა და დასრულების პერიოდი) სამხატვრო ტენდენციებში მკაფიოდ ჩანს ომისგან დაზარალებული ქალი, მებრძოლი ქალი, დედა, რომელიც საბჭოთა მოქალაქეებს (შვილებს) ომში წავლისკენ მოუწოდებს, ქალი, რომელიც იძულებულია ომში წასული მამის/ძმის/ქმრის „მამაკაცურ პროფესიას“ დაეუფლოს და ასევე, ნაციონალური სიმბოლიკის მატარებელი ქალი.

ყველა ამ ტიპის ქალის იმიჯი პოსტერებზე, ტილოზე შესრულებულ ნამუშევრებსა თუ კინოეკრანებზე გამოჩნდა.

და როგორც თათია ბარბაქაძე წერს თავის გამოკვლევაში, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთკავკასიური ბიუროს მხარდაჭერით მოამზადა, ამ ყველაფრის მიზანი, ქალის ვიზუალის გამოყენებით საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და საბჭოთა სახელმწიფოს უძლეველობის განმტკიცება იყო“.

ავტორი: ტატიანა ერემნინა სახელწოდება: პარტიზანებო, შური იძიეთ შეწყალების გარეშე! წელი: 1942

მაინც რატომ არჩიეს, რომ ქალები, ოღონდ პროპაგანდის მიერ ნაკარნახევი შინაარსებით, ომის პერიოდის პოსტერებზე გამოესახათ, შემდეგ კი ისინი მილიონობით საბჭოთა მოქალაქის თვალწინ გამოეკრათ ქუჩის ყველა კუთხეში?

მხატვართა კავშირის არქივის ოქმებში თათია ბარბაქაძე წააწყდა ჩანაწერებს, რომელთა მიხედვითაც, იმ დროის მხატვრებს პირდაპირ მიუთითებდნენ და ავალებდნენ რა უნდა დაეხატათ - პროპაგანდა მკაცრად განსაზღვრავდა, რა მესიჯი უნდა გაეგზავნა პოსტერზე გამოსახულ ქალს ომში მყოფი თანამემამულეებისათვის.

სხვათა შორის, კაცებს მხოლოდ ეს ერთი - მებრძოლის ჯარისკაცის როლი აქვთ მორგებული. სხვა დანარჩენი - პროპაგანდამ ქალებს დაუტოვა და ამას ჰქონდა თავისი ახსნა:

„ეს, ალბათ, იმიტომ ხდებოდა, რომ ქალები სხვადასხვა პოზიციიდან მიმართავდნენ საზოგადოებას. ეს მრავალფეროვანი ნიშა კი იდეოლოგიას აძლევდა იმის საშუალებას, რომ მთელი საზოგადოება თავისკენ მოეხმო. ქვეყანა ომში იყო და ამ დროს ხალხის ყურადღების მიპყრობას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა - არავის უნდა გაჰქრობოდა განცდა, რომ ქვეყანას მტერი უტევდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე გადიოდა თუ არა ფრონტის ხაზი. პოსტერები კი იმ დროს ამ განცდის და განწყობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება იყო“, - გვითხრა თათია ბარბაქაძემ.

ავტორი: Наркомпищепром Грузинской СССР სახელწოდება: მოითხოვეთ მცირე ალკოჰოლიანი შუშხუნა სასმელი „თბილისი“ გამომცემლობა: თბილისი: საქართველოს სსრ სკპპ ლითოგრაფია წელი: 1942

საჭირო იყო ქალის მსხვერპლად გამოსახვა და აი, საქართველოში მცხოვრები სომეხი ავტორის, ივან გუროს (ივან გასპარიანის) პოსტერზე ჩანს, როგორ უხოცავს გერმანელი ჯარისკაცი ქალს ბავშვებს და შემდეგ ამ ქალსაც კლავს. თუმცა პოსტერის მეორე მხარეს ნაცისტი ჯარისკაცისკენ ვარსკვლავის სიმბოლოიანი იარაღია მიშვერილი.

ავტორი: ივან გურო სახელწოდება: ყოჩაღის წინააღმდეგ თვითონ ცხვარია! 1942 წელი

პლაკატებზე გასახული შინაარსების გარდა, იდეოლოგია არც „კომუნისტის“ ფურცლებიდან იშურებდა მადლიერების გამომხატველ სიტყვებს იმ ქალებისთვის, რომლებმაც ომში წასული მამის/ძმის/ქმრის „მამაკაცური პროფესია“ შეისწავლა.

ავტორი: იოსებ გაბაშვილი სახელწოდება: კოლმეურნე ქალებო! შეისწავლეთ ტრაქტორი და ჩაანაცვლეთ ფრონტზე წასული ტრაქტორის მძღოლები! წელი: 1940-იანი წლები

გაზეთ „კომუნისტის“ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდნენ მედდები. გაზეთი მკითხველს ომის დროს გამოჩენილი მედდების არაერთ პატრიოტულ თავდადებაზე მოუთხრობდა.

აი, მაგალითდ, ვიქტორ კორეცკისა და ვერა გიცევიჩის პოსტერი, სადაც მედდა საბჭოთა ჯარისკაცთან ერთად არის გამოსახული.

ავტორები: ვიქტორ კორეცკი და ვერა გიცევიჩი სახელწოდება: დავდგეთ ფრონტის მეგობრის გვერდით. თანამებრძოლი, დამხმარე და მეგობარი! წელი: 1941

თავდაცვითი ღონისძიებების მიღება ერთნაირად ეხება ქალსაც და კაცსაც, მაგრამ, როცა საქმე უშუალოდ საყოფაცხოვრებო საქმეს ეხება, იქ მხოლოდ ქალია პასუხისმგებელი.

1941 წელს გამოცემული მეთოდოლოგიურ-ინსტრუქციული პოსტერის, „არ დაარღვიო სახანძრო უშიშროების წესების“, მთავარი პერსონაჟი ქალია, რომლის „დაუდევრობის“ გამოც ჩნდება ხანძარი.

სხვა ინსტრუქციულ-მეთოლოგიური პლაკატი კი, მაყურებლისთვის, ომის პერიოდში, ხანძრის, როგორც ქალაქის განიღბვის საფრთხეს, ისე წარმოაჩენს.

ავტორი: უცნობია სახელწოდება: გაასუფთავეთ სხვენი, კიბეები, დერეფნები და ეზოები საწვავი ნაგვისა და ხარახურისაგან გამომცემლობა: ტექნიკა და შრომა წელი: 1942

გაზეთი „კომუნისტი“ ხშირად ბეჭდავდა ისეთ სტატიებს, რომელშიც ავტორი ხოტბას ასხამდა იმ ქალებს, რომლებმაც მამრობითი სქესის ოჯახის წევრის დაბრუნებამდე ფიზიკურ შრომას მიჰყვეს ხელი. აი, ამონარიდი ერთ-ერთი ასეთი სტატიიდან:

„საბჭოთა ქალებმა, ქმრები, შვილები, ძმები და მამები რომ მოწინავე პოზიციაზე გააცილეს, განაცხადეს: ჩვენ შეგცვლით. დღეს ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ მამაკაცის ყოველგვარი პროფესია... წადით. ჩვენ შეგცვლით! ...ათასობით ქალები, ქალიშვილები უკვე დაეუფლნენ „მამაკაცის პროფესიებს“ და წარმოებასა და საკოლმეურნეო მინდორში მოვიდნენ, სადაც მუშაობაში არ ჩამოუვარდებიან მამაკაცებს, ხოლო ბევრ შემთხვევაში უკეთესადაც მუშაობენ"...

ავტორი: ვლადიმერ სეროვი სახელწოდება: ჩვენ შეგცვლით! წელი: 1941

1943 წლიდან, მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმიამ ფრონტზე საომარი პოზიციები გაიუმჯობესა, პოსტერებზე ქალის გამოსახულება შეიცვალა.

უკვე ქალის იმიჯის ძირითადი მახასიათებლები ასეთია: მშვიდი, მოღიმარი ქალი, რომელიც გამარჯვებულ წითელარმიელებს ეგებება.

ავტორი: მიხეილ ვადბოლსკი, ოთარ ეგაძე ლექსის ავტორი: შალვა დადიანი სახელწოდება: კიევი გამომცემლობა: საბლიტგამი წელი: უცნობია

ერთ პოსტერზე ჩანს როგორი ესალმებიან ნაციონალურ ტანსაცმელში ჩაცმული ქალები ჯარისკაცებს და მათ ყვავილებს მიართმევენ. თუმცა იქ არ ჩანს, რომ როგორი ზარალი მიიღო კონკრეტულმა ქალაქმა.

თუ ომის პირველ წლებში პოსტერებზე გამოსახული ყველა ქალი ერთნაირი - საბჭოთა ქალი იყო, ერთნაირი სამოსითა თუ ვარცხნილობით, ომის ბოლო წლების პოსტერების შინაარსში უკვე ეთნიკუირ ნიშნები გამოიკვეთა...

მეორე მსოფლიო ომის ქალების მომღიმარი, მებრძოლი სახეები, რომლებიც მაშინდელ პრესაში, ფილმებსა თუ ამ პლაკატებზე შემორჩა, მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო. თუმცა ზედაპირზე არსად ჩანდა ამ ქალების ნამდვილი გასაჭირი. ის დარდი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი ნობელიანტი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის რომანშიც ("ქალს არა აქვს ომის სახე") ამოვიკითხეთ.