ურბნელი მიტროპოლიტი იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა - მომხდარს არ უარყოფს დეკანოზი თეიმურაზი, თუმცა ამბობს, რომ ინციდენტი ამოწურულია და თავდამსხმელის წინააღმდეგ ჩივილს არ აპირებს.
მამა თეიმურაზი ამბობს, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მიმართ "უდიერი განწყობა" გამოხატა, უფრო კონკრეტულად, თქვა, რომ მის ნახვას ქვეწარმავლის ნახვა ერჩია, ფიზიკურად კი აფექტურ მდგომარეობაში მყოფი "ერის ადამიანი" დაუპირისპირდა. დეკანოზი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება მას არ სურდა, ვინაიდან შიდასაეკლესიო გაუგებრობად მიიჩნევს, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია არ სჭირდება.
"ეს არის ჩვეულებრივი შიდასაეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად. არავითარი გამოხმაურება და სხვადასხვა ინტერპრეტაცია ამისთვის საჭირო არ არის.
მე თვითონ გამოვხატე უდიერი განწყობა მღვდელმთავართან შეხვედრასთან დაკავშირებით, ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას, მერჩივნა, შევხვედროდი ქვეწარმავალს, ასეთი სიტყვები ვთქვი, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც შეშვენით ქრისტიანებს, იქვე მეც ვითხოვე პატიება და ყველაფერი დამშვიდებული სიტუაციით დამთავრდა. თავს შევიკავებ დეტალებისგან, უხერხულია ჩემთვისაც და, ალბათ, ყველასთვისაც, რომ ვილაპარაკოთ, რა სახით მოხდა ე.წ. ფიზიკური ანგარიშსწორება, არა მგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს", - ამბობს მამა თეიმურაზი ტელეკომპანია "პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დეკანოზს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუფე სვიმეონმაც და შემდეგ ისევ მას სთხოვეს ბოდიშის მოხდა, თუმცა ეპისკოპოსის მხრიდან ძალადობაზე არ საუბრობს, ბოდიშის მოხდის სცენარს კი ასე განმარტავს:
"დაჩოქება არის ძალიან ცუდი გამოთქმა, ჩემთვის დაჩოქება არავის არ უთხოვია. როდესაც შენდობას ვითხოვთ ეპისკოპოსისგან, ავტომატურად ხდება მეტანიის გაკეთება და ვითხოვე შენდობა აქეთ მე, ყველაფრის მიუხედავად", - ამბობს მამა თეიმურაზი ტელეკომპანია "პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია საპატრიარქოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, გახდება თუ არა მომხდარი ფაქტი გამოძიების საგანი პოლიციის ან წმინდა სინოდის მხრიდან - არცერთ სტრუქტურაში კომენტარს ამ დროისთვის მომხდარ დაპირისპირებაზე არ აკეთებენ.
რუისისა და ურბნისის ეპარქიაში მომხდარი ფაქტი არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა, რომელშიც სასულიერო პირები მონაწილეობენ. ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბული ვითარებაა ჭყონდიდის ეპარქიაში, რუისისა და ურბნისის ეპარქიაში კი 2020 წელს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს სასულიერო პირი ყინწვისის მონასტრიდან, რომელიც სხვა სასულიერო პირებთან დაპირისპირების შემდეგ, იარაღით შეიარაღებული სოფლის გზაზე თავს დაესხა ამავე მონასტრის ბერებს.