„1920 წლის მაისის 7-ს, ღამის 12 საათსა და 20 წუთზე, საქართველოს წარმომადგენელმა, დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ურატაძემ ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას რუსეთსა და საქართველოს შორის“, - ეს ისტორიული ცნობა, ხელშეკრულების ძირითად მუხლებთან ერთად, 1920 წლის 11 მაისის „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა.
იქვე დაიბეჭდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, დეპეშის ტექსტიც.
„გილოცავთ საზავო ხელშეკრულების დადების გამო“, - წერდა ჟორდანია მოსკოვში მყოფ გრიგოლ ურატაძეს. - „გადაეცით სოვნარკომს, რომ ზავის ცნობა ხალხმა აღტაცებით და დიდი სიამოვნებით მიიღო. ამიერიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველგვარი გაუგებრობა საქართველოსა და რუსეთს შორის მოისპობა და ორივე მოძმე ხალხი შეთანხმებით იმუშავებენ ახალ ცხოვრების შესაქმნელად სოციალისტურ საფუძველზე. სალამი მეგობრებს, ამხანაგებს და ნაცნობებს“.
ნოე ჟორდანიას მიერ მოკითხულ „მეგობრებს, ამხანაგებსა და ნაცნობებს“ შორის იყვნენ ვლადიმირ ლენინი, ლევ ტროცკი, იოსებ სტალინი და ბოლშევიკთა სხვა ბელადები. სწორედ სტალინი იქნება ის, ვინც, ლენინისა და ტროცკის თანხმობით, საზავო ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ რაღაც 9 თვის თავზე უდეპეშებს თბილისზე აღრენილ სერგო ორჯონიკიძეს: „ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი!“
რა უძღოდა აღიარებას
ბოლშევიკი აკაკი კობახიძე, პარტიული მეტსახელით „მირსკი“, ისტორიაში შევიდა, სულ ცოტა, ორი ეპიზოდით: 1922 წელს, სუფრასთან კამათის დროს, სერგო ორჯონიკიძეს „სტალინის ვირი“ უწოდა. მანამდე კი, ორი წლით ადრე, 1920 წლის მაისში, ლენინთან უშუამდგომლა საქართველოს მთავრობასა და მის წარმომადგენელს, გრიგოლ ურატაძეს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე პირადად იცნობდა ვლადიმირ ლენინს სტოკჰოლმისა და ლონდონის კონფერენციებიდან.
საქართველოს მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია მოგონებებში იხსენებს, თუ როგორ შეატყობინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა აკაკი კობახიძის დაჟინებული თხოვნის ამბავი:
„აგერ მთელი თვეა, ერთი ქართველი კომუნისტი, ცკ-ის წევრი რუსეთში, მეხვეწება, გამატანეთ ვინმე თქვენი კაცი მოსკოვში და იქ მოვახერხებ ლენინი დავითანხმო საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზეო. ამ მისიის მთავარი პირობა იყო საიდუმლოება, ე.ი. ქართველ კომუნისტებს არ უნდა გაეგოთ წასვლამდე, თუ არა უეჭველად ჩაშლიდნენ“.
ქართველი კომუნისტები ამ მისიას მართლა ჩაშლიდნენ. სწორედ იმ დღეებში ისინი იმედოვნებდნენ, რომ საქართველოს მთავრობის დამხობით დაასრულებდნენ ომს, რომელსაც, უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანის სახელით, რუსეთის წითელი არმია აწარმოებდა საქართველოსთან.
„ყველაფერი გადაწყვეტილია და სრულდება. მოვლენები ისე ვითარდება, რომ იმედი გვაქვს, არაუგვიანეს 15-ისა ვიქნებით თბილისში“, - ასეთია 1920 წლის 3 მაისს სტალინისა და ლენინის სახელზე მოსკოვში გაგზავნილი დეპეშის ტექსტი, რომელიც საკუთარი ხელით აკრიფა სერგო ორჯონიკიძემ, საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთში ბოლშევიკური აჯანყების მოსაწყობად შექმნილი კავბიუროს ხელმძღვანელმა.
თუმცა სერგო ორჯონიკიძის ქადილი უსაფუძვლო გამოდგა. საქართველოს ჯარმა წარმატებით მოიგერია წითელი არმია. აი, რა ცნობა გამოაქვეყნა გაზეთებში 1920 წლის 10 მაისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა:
„1 მაისს აზერბაიჯანის ჯარებმა გადმოლახეს უძლიერეს ძალებით ჩვენი საზღვარი, ჩვენი ტერიტორიით შემოუარეს მას და წითელ ხიდთან მყოფი ჩვენი მოსაზღვრე პოსტი შეავიწროეს. 2-სა და 3 მაისს საზღვარზე სროლა იყო. 4 მაისს აზერბაიჯანის ჯარები ცდილობდნენ ფოილოს ხიდთან ჩვენი მოწინავე ნაწილებისთვის შემოეტიათ, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. 5 მაისს წითელ ხიდთან ომი გაჩაღდა. ამ ბრძოლაში ჩვენ მოგვიკლეს 6 გვარდიელი, დაგვიჭრეს 17. განსაკუთრებით გმირულად იბრძოდა ცხენოსანი ჯარი. იმ დღეს ჩვენმა ჰაეროპლანებმა ჩაყარეს ყუმბარები მტრის პოზიციებში“...
ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის, ფირუზ ქაზემზადეს, თქმით („ბრძოლა ამიერკავკასიისათვის - 1917-1921“), კომუნისტური ამბოხი, რომელიც 3 მაისის შეტაკებების შემდეგ დაიწყო, საქართველოს მთავრობამ იოლად ჩაახშო, რამაც ქართველი კომუნისტების ისედაც სუსტი ორგანიზაცია კიდევ უფრო დაასუსტა.
„პარტიისგან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. ამას მალე მოჰყვა რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება“, - წერს ქაზემზადე.
„რუსეთი ცნობს საქართველოს“
„რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა ერთის მხრით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მეორეს მხრით ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით დაამყარონ ორივე ქვეყანას შორის მტკიცე და მშვიდობიანი ცხოვრება ორივე ქვეყნის ხალხთა საკეთილდღეოთ, გადავსწყვიტეთ დავსდოთ ამ მიზნით განსაკუთრებული ხელშეკრულება და დანიშნეს ამისთვის თავიანთ რწმუნებულებათ: რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე - ლევ მიხეილის ძე კარახანი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე“, - ასეთი ტექსტით იწყება საზავო ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც, ჯამში, 16 მუხლისა და 2 საიდუმლო პუნქტისგან შედგება.
ამ ხელშეკრულების ძირითადი მუხლების შინაარსი ასეთია:
- რუსეთი ყოველი პირობის გარეშე აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და თავისი ნებით ხელს იღებს ყველა იმ სუვერენულ უფლებაზე, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთს საქართველოსა და მისი მიწა-წყლის მიმართ.
- რუსეთი ხელს იღებს საქართველოს შინაურ საქმეებში ყოველგვარ ჩარევაზე.
- საზღვრების საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს სასარგებლოდ. სხვათა შორის, რუსეთი აღიარებს, რომ მთელი ბათუმის ოლქი შედის საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში.
- საქართველო და რუსეთი პირობას დებენ ურთიერთშორის დაიცვან სასტიკი ნეიტრალიტეტი და ნება არ მისცენ თავ-თავიანთ ტერიტორიებზე მოხდეს ორგანიზაცია ისეთი ძალების და ჯგუფებისა, რომელნიც მიზნად დაისახავენ იარაღით შებრძოლებას და ხსენებულ რესპუბლიკებში არსებული წესწყობილების დამხობას. თუ ხელშეკრულების დამდებ რესპუბლიკათა ტერიტორიაზე ასეთი ძალები გაჩნდება, მათ იარაღი უნდა აეყაროთ და მოთავსებულ იქნენ განსაკუთრებულ ადგილებში.
რაც შეეხება ხელშეკრულების საიდუმლო დამატებას, მასში ვკითხულობთ:
„საქართველო ვალად იღებს მიანიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კომუნისტურ ორგანიზაციებს თავისუფალი არსებობის და მოღვაწეობის, კერძოდ, თავისუფლად კრებების მოწვევის და თავისუფალ გამომცემლობის (ბეჭდვის ორგანოების) უფლება. ყოველ შემთხვევაში, არავითარი რეპრესიული ზომების მიღება არ შეიძლება კერძო პირთა წინააღმდეგ, როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციული წესით, უკეთუ ეს ზომები გამომდინარეობენ საზოგადო პროპაგანდისა და აგიტაციისათვის კომუნისტური პროგრამის სასარგებლოდ ან პირთა და ორგანიზაციათა მოღვაწეობიდან, რაც დაფუძნებული იქნებოდა კომუნისტურ პროპაგანდაზე“.
საიდუმლო დამატების მეორე პუნქტით, ხელშეკრულების ეს ნაწილი ძალაში შევიდა დოკუმენტზე ხელმოწერისთანავე. შედეგად, ქართველ ბოლშევიკებს მიეცათ ლეგალური საქმიანობის უფლება. ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში თბილისში გამოსვლა დაიწყო გაზეთმა „კომუნისტმა“ ფილიპე მახარაძის რედაქტორობით. მალე პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1200-მდე კომუნისტი.
საქართველოს ინტერესი
საქართველოს მთავრობამ ზუსტად იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე ბოლშევიკების სახით. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, რომელიც მთავრობის ოფიციალური ორგანო იყო, 1920 წლის მაისში წერდა:
„ჩვენ კარგად ვიცით საბჭოთა რუსეთის სიტყვასა და საქმეს შორის განსხვავება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სიტყვით, მხოლოდ „პრინციპიალურად“ მათ აღიარეს პატარა ერთა უფლებანი, მათი თვითგამორკვევის პრინციპები, მაგრამ საქმით კი, სადაც ხელი მიუწვდებათ, მზად არიან გადაყლაპონ პატარა ერები, გაანადგურონ მათი დამოუკიდებლობა, სისხლით მოპოვებული თავისუფლება; წითელი არმია ერთი კუთხიდან მეორეს ასკდება, მაგრამ ამაოდ... თუ დღეს პოლონეთის წინაშე საბჭოთა რუსეთი იჩოქებს, ხვალ კიდევ უფრო შეუბრალებელ დამარცხებას უნდა მოელოდნენ საქართველოს დარაზმულ დემოკრატიიდან, თუ ის თავის მტრულ და გესლიან პოლიტიკას არ შეცვლის. ეხლაც სასტიკად მოსტყუვდება ის ანგარიშში, თუ იფიქრებს, რომ ის ისე ადვილათ შესძლებს საქართველოს დამორჩილებას, როგორც ეს ადვილად მოახერხა მან ნახევრადველურ ადერბეიჯანში („ბოლშევიზმი და საქართველოს სინამდვილე“).
ამ წერილიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველო საბჭოთა რუსეთს მტრად აღიქვამდა. შესაბამისად, ბევრმა (მათ შორის საქართველოს შს მინისტრმა, ნოე რამიშვილმაც) შეცდომად მიიჩნია მტრულად განწყობილ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება, მისი საელჩოს (არსებითად კი რეზიდენტურის) გახსნა თბილისში და ტერორისტების ციხეებიდან გამოშვება.
„შესაძლოა, ცოტა ზედმეტად ვენდეთ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ რომ არ გაგვეფორმებინა, რას მოვიგებდით?“ - კითხულობს ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა. - „ამ ხელშეკრულებაში შავით თეთრზე ჩაიწერა, რომ რუსეთი ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ტერიტორიული პრეტენზია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და, სხვათა შორის, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიური აღიარება“.
მართლაც, 1921 წლის 26 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობა de jure ცნეს მოკავშირეებმა, რაც ქართული დიპლომატიის ნამდვილი ტრიუმფი იყო.
ისტორიკოსი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მკვლევარი, ირაკლი ირემაძეც მიიჩნევს, რომ 7 მაისის ხელშეკრულებაში არაფერი იყო ისეთი, რაც საქართველოს ზიანს მოუტანდა.
„ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, ზაქათალის საკითხია, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, უნდა გადაეწყვიტა საქართველო-აზერბაიჯანის შერეულ კომისიას... სხვა ისეთი არაფერი იყო, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული“, - ამბობს ირაკლი ირემაძე, რომლის თქმითაც, ასევე გაზვიადებულია ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილის ნეგატიური მნიშვნელობა.
ბოლშევიზმის ლეგალიზაცია
7 მაისის ხელშეკრულების დადების შემდეგ საქართველოში რუსეთის სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ცნობილი ბოლშევიკი, სერგეი კიროვი, რომელიც თბილისში 20 ივნისს ჩამოვიდა და, ისტორიკოს ფირუზ ქაზემზადეს სიტყვებით, პირველივე დღეს დიპლომატისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა: საელჩოს წინ შეკრებილ თბილისელებს მგზნებარე სიტყვით მიმართა და რუსეთის პროლეტარიატისგან მხურვალე სალამი გადასცა.
ორი თვის განმავლობაში, მაის-ივნისში, ციხეები დატოვეს ბოლშევიკებმა, რომლებსაც უჩვეულო გარემოში, ლეგალურად მოუწიათ საქმიანობა, რაც ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა იმის გამო, რომ ხალხში დასაყრდენი არ ჰქონდათ. შესაბამისად, ბოლშევიკებმა დაიწყეს ხელისუფლების შესაცვლელად გამიზნული მუშაობა, რასაც კვლავ მოჰყვა დაპატიმრებების ახალი ტალღა, რის გამოც 1920 წლის 29 ივნისს ელჩმა კიროვმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომელმაც ასე იმართლა თავი:
„საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრები, თავიანთი ლეგალური სამუშაოს გარდა, აქტიურ პროპაგანდას ეწევიან ჯარში, სახალხო გვარდიის რიგებში, გლეხობის ფართო მასებში. საამისოდ უცხოეთიდან მიღებულ უზარმაზარ თანხებს იყენებენ და ქვეყანაში არსებული წყობის დამხობას ისახავენ მიზნად“.
ისტორიკოს ირაკლი ირემაძის თქმით, კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციამ არსებითად არაფერი შეცვალა რუსეთისთვის:
„დღეს გვაქვს არქივებზე წვდომა და, შესაბამისად, ვიცით, რამდენი ბოლშევიკი გამოვიდა ციხიდან და რამდენი შეაბრუნეს მალევე უკან; ვიცით, როგორ უთვალთვალებდა საქართველოს სპეცსამსახური („საგანგებო რაზმი“) და გასაქანს არ აძლევდა მათ, რადგან ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ბოლშევიკებს შეეძლოთ მხოლოდ ლეგალური მუშაობა, მაგრამ ბოლშევიკებს არ ჰქონდათ მოსახლეობის მხარდაჭერა, რის გარეშეც შეუძლებელი იყო პარტიის ეფექტიანი საქმიანობა. ამიტომ კვლავ არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ, რის გამოც აპატიმრებდა და ციხეში უშვებდა ‘საგანგებო რაზმი’“.
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ციხეებიდან გამოსული 1200 ბოლშევიკიდან 650 მალევე დააპატიმრეს. ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე იხსენებს ფილიპე მახარაძის სიტყვებს, კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციამ არაფერი მოგვიტანაო.
„ამ მუხლმა საქართველოს რეალურად ვერანაირი საფრთხე ვერ შეუქმნა ორი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ ბოლშევიკებს არ ჰქონდათ დასაყრდენი საზოგადოებაში და მეორე - ქართული სპეცსამსახური, რომელიც ყველა ბოლშევიკსა და რუსეთის საელჩოს თანამშრომელში ჯაშუშს ხედავდა, გასაქანს არ აძლევდა მათ. კი, ცხადია, ხელშეკრულების ამ მუხლზე ამყარებდნენ იმედს სტალინი და ორჯონიკიძე, რომ შიგნიდან გატეხდნენ საქართველოს, როცა ციხეებიდან გამოვიდოდნენ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ საქართველოს თვითგასაბჭოება, გარედან ჩარევის გარეშე, არ გამოვიდოდა“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
რუსეთის ელჩი, სერგეი კიროვიც, ვერ მალავდა იმედგაცრუებას, როცა ლენინს სწერდა:
„ქართველი მენშევიკები, რომლებიც უკიდურესად მტკიცენი და ორგანიზებულნი არიან, დაპატიმრებულ კომუნისტებს რომ ათავისუფლებდნენ, ამით სხვებს თავის გამჟღავნების საშუალებას აძლევდნენ და დაუყოვნებლივ იწყებდნენ მასობრივ რეპრესიებს კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ“.
რუსეთის ინტერესი
მიხეილ ბახტაძის თქმით, რუსეთმა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება მისთვის არახელსაყრელ პოლიტიკურ ვითარებაში გააფორმა, დიდწილად დროის მოგების მიზნით:
„1920 წლის მაისში რუსეთს ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა: პოლონელებთან აგებდა ომს (პოლონელებმა დაიკავეს კიევი უკრაინის სახალხო მოძრაობის მეთაურ სიმონ პეტლიურასთან ერთად); ყირიმში აქტიურობდა თეთრი მოძრაობის ლიდერი, გენერალი პეტრე ვრანგელი; ბაქო ახალი დაკავებული ჰქონდათ ბოლშევიკებს და ასეთ ვითარებაში ომი საქართველოსთან მათთვის ძალიან რთული იქნებოდა, ამიტომ მიმართეს დროებით ზომას ხელშეკრულების გაფორმების სახით და დაელოდნენ ვითარების შეცვლას“.
7 მაისის ხელშეკრულებას რიგი საკითხებისა უნდა გადაეჭრა, თუმცა მთელი 9 თვის განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტს იწვევდა ხუთი საკითხი:
- საქართველოს ურთიერთობა ვრანგელთან
- რუსული მატარებლების გატარება სომხეთისკენ
- კომუნისტური პარტიის უფლებები
- სასაზღვრო დავები
- ბათუმის საკითხი
რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ საპროტესტო ნოტაში, რომლის ადრესატი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორია, ვკითხულობთ:
„კატეგორიულად უნდა განვაცხადოთ, რომ ინგლისელების მიერ ბათუმის დაკავება, როგორი ფორმითაც უნდა მოხდეს ეს, რუსეთსა და საქართველოს შორის 7 მაისს მიღწეული შეთანხმების აღმაშფოთებელ დარღვევად იქნება აღქმული და რომ ამგვარმა ფაქტმა, შესაძლოა, დაარღვიოს რუსეთსა და საქართველოს შორის დამყარებული მეგობრული ურთიერთობა“.
მსგავსი მუქარის შემცველ ნოტებს რუსეთის წარმომადგენლობა ლამის ყოველკვირა უგზავნიდა საქართველოს საგარეო უწყებას. 1920 წლის დეკემბერში რუსულმა მხარემ მოითხოვა:
საქართველოს რუსეთისათვის გადაეცა ვრანგელის გემები; მიეცა საქართველოს გავლით სომხეთისკენ ტრანზიტის საშუალება; გაეთავისუფლებინა ქართველი ბოლშევიკები; შეეწყვიტა ანტისაბჭოთა რეპრესიები; დასთანხმებოდა სომხეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში რუსეთის ჩართვასა და რუსეთის კუთვნილი თანხების გათავისუფლებას და ა.შ.
ევგენი გეგეჭკორმა გემების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა, ისევე როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე კომუნისტების დეპორტაციასა და ტრანზიტზე, მაგრამ რუსული თანხების გაყინვაზე უარი არ თქვა იმის გამო, რომ რუსეთს საქართველოს კუთვნილი ლოკომოტივები და ვაგონები დაპატიმრებული ჰქონდა აზერბაიჯანში.
მუქარანარევი საპროტესტო ნოტების პარალელურად, საქართველოში შეჭრის ნებართვის მისაღებად მოსკოვში დროდადრო დეპეშებს გზავნიდა კავბიუროს ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც ყოველ ჯერზე ლენინის პრაგმატული გადაწყვეტილებები აკავებდა.
1921 წლის 2 იანვარს სერგეი კიროვმა და სერგო ორჯონიკიძემ კავბიუროს სახელით მოსკოვს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს საქართველოში ჯარების შეყვანა, მაგრამ ლენინისგან კვლავ უარი მიიღეს:
„უარი ეთქვას. წინადადება მიეცეს კავბიუროს მკაცრად იხელმძღვანელოს ცკ-ს მიერ ამ საკითხზე უკვე მიღებული გადაწყვეტილებით“.
ისტორიკოს ლევან სანიკიძის თქმით („მესამე დასის საქართველო“), სერგო ორჯონიკიძე მიხვდა, რომ საჭირო იყო აჯანყება, უფრო სწორად, ისეთი რაღაც, რასაც აჯანყება დაერქმეოდა. და მართლაც, ლორეს ოლქში, რომელიც ნეიტრალურ ზონად იყო გამოცხადებული, დაიწყო ასეთი აჯანყება სერგოს თანამებრძოლების, ღაზიანისა და ოვსეპიანის, მეთაურობით. აჯანყებულებმა იმავე დღეს დახმარება სთხოვეს მე-11 წითელ არმიას.
ორჯონიკიძის ძალისხმევით ლორეს ხეობაში დაწყებულ „აჯანყებას“ დაემატა სერგეი კიროვის მიერ მოსკოვში გაგზავნილი ცნობები, რომ საქართველო კვლავ უარს ამბობდა ტრანზიტული ტვირთების გატარებაზე და რომ საქართველოს მთავრობა ქემალისტურ თურქეთთან რუსეთის წინააღმდეგ კრავდა პირს.
1920 წლის 7 მაისის შემდეგ, ვლადიმირ ლენინი პირველად აღარ იყო შეუვალი საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულების დაცვის საკითხში:
„შევეკითხოთ კავბიუროს, რამდენად მომზადებული არიან ჩვენი სამხედრო ძალები საქართველოსთან დაუყოვნებელი ან მოახლოებული ომისათვის. ამ საკითხის ჩამოყალიბება (ამასთან, იმის აღნიშვნა, რომ საქართველო საშინლად გათავხედდა) დაევალოს კომისიას, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ამხ. ტროცკი, ჩიჩერინი, სტალინი“.
28 იანვარს სტალინი დეპეშას უგზავნის ორჯონიკიძეს და სთხოვს ზუსტი და გაუზვიადებელი ცნობების მიწოდებას, რათა იცოდნენ მოსკოვში, თუ რა ძალები იქნება საჭირო საქართველოს უეჭველი დამარცხებისათვის.
1921 წლის 15 თებერვალს სტალინი უდეპეშებს ბაქოში მყოფ სერგოს: „ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი!“
სერგო ორჯონიკიძის პასუხი ათი დღით დაიგვიანებს:
„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას! 1921 წ. 25 თებერვალი“
რატომ ვერ დაგვიცვა 7 მაისის ხელშეკრულებამ?
„იმიტომ, რომ რუსეთი არასოდეს იცავს ხელშეკრულებებს“, - ასეთი ლაკონიური პასუხი აქვს ისტორიკოს მიხეილ ბახტაძეს. - „რუსეთისთვის ეს იყო დროებითი ხელშეკრულება. შემდეგ, როცა ვითარება შეიცვალა, ბუნებრივია, ამ ხელშეკრულებას ყურადღება აღარ მიაქციეს. სამხრეთი კავკასია რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ბაქო-ბათუმის სტრატეგიული ნავთობსადენის გამო. ბაქოს დაკავების შემდეგ ავტომატურად დადგა ბათუმის საკითხიც. როცა ამხელა ინტერესი ჰქონდა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში, ეს ხელშეკრულება, ცხადია, ვერ დაგვიცავდა და ვერც დაგვიცვა“.
ირაკლი ირემაძის თქმითაც, 1920 წლის მაისიდან 1921 წლის თებერვლამდე ბევრი რამ შეიცვალა პოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით: რუსეთმა წარმატებით დაასრულა სომხეთის ოკუპაცია, დაძლია ბლოკადა, ჩააქრო სამოქალაქო ომის დარჩენილი კერები და ა.შ.
„ერთი სიტყვით, საქართველოს ოკუპაციის წინ რუსეთმა ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო საკითხი გადაწყვიტა თავის სასიკეთოდ... და კიდევ: რაღაც მომენტში რუსეთს აწყობდა საქართველო, როგორც ბუფერი სახელმწიფო თურქეთთან, მაგრამ როგორც კი აშკარა გახდა, რომ თურქეთი იქნებოდა საბჭოთა რუსეთის მოკავშირე, ბუფერის ფაქტორმაც დაკარგა აქტუალობა“, - უთხრა ირაკლი ირემაძემ რადიო თავისუფლებას.
თუმცა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევა ვერ აკნინებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას. მიხეილ ბახტაძის თქმით, ეს არის იურიდიული დასაბუთება იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო და ყველაფერი, რაც შემდეგ გააკეთა, იყო ამ ხელშეკრულების დარღვევა:
„იურიდიულ და იდეოლოგიურ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ვერ დაგვიცვა, მაგრამ არის იურიდიული და პოლიტიკური საკითხები, სადაც ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია“.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, ნოე ჟორდანიაც, მიიჩნევდა, რომ საქართველომ აწარმოა საგარეო კავშირებისა და მეგობრობის, მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში შესვლის აქტიური პოლიტიკა, მაგრამ, მისივე თქმით, ეს ხაზი დაამარცხა გარეშე უძლეველმა გარემოებამ:
„დავრჩით მარტო. ჩვენ წინააღმდეგ მოიმართა ყველა საგარეო ძალები, მაგრამ ამას არ შევხვდით პანიკურად, არ დავუჩოქეთ მოსკოვს, არ მივეცით ახალი თამასუქები და არ ჩავუვარდით ძველებურად კალთაში... ქართველი ერი განაგრძობს ბრძოლას, იარაღს არ ყრის“.
სწორედ ამგვარ ბრძოლაში იარაღად გამოადგა საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, როცა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 70-წლიანი წითელი ოკუპაციის დასასრულს, ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ქართველი ხალხის დღის წესრიგში კვლავ დადგა ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი.