დაკარგული ნდობა და მესამე ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე

"შარლ მიშელის შეთანხმებაზე" ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატების პრესკონფერენცია პარლამენტში, 27 აპრილი

თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, დაძაბულ გარემოში, გააქტიურდა დისკუსია მესამე პოლიტიკური ცენტრის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ჩამოყალიბების შესახებ. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.
  • რას ნიშნავს "სტრატეგია აღმაშენებლის" იდეა - ენმ-ისგან გამიჯვნისა და "მესამე ცენტრის" შექმნის შესახებ?
  • ვინ ვის გვერდზე შეიძლება დადგეს?
  • როგორ ზომავენ პარტიები საკუთარ შესაძლებლობებს და სამუდამოდ დაიშალა თუ არა ოპოზიციური ერთობა?

„შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პარლამენტში შესვლის შემდეგ წარმოქმნილ დაძაბულობას „სტრატეგია აღმაშენებელის“ განცხადებებმა ბოლო დღეებში დამატებითი სიმძაფრე შესძინა. პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს თანამშრომლობას ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მესამე ცენტრის შექმნაც ენმ-ის გარეშე იგეგმება.

ასევე ნახეთ ვაშაძე მიიჩნევს, რომ ენმ-ის კანდიდატის მხარდაჭერა მერის არჩევნებში მარცხის ფორმულაა

„არ გვჯერა „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ შეყუჟული პარტიების ერთობის გამარჯვების იდეის... ჩვენი მიზანია (თვითმმართველობის არჩევნებზე) ჩატარდეს არა რეფერენდუმი „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის, არამედ რეალური ალტერნატივა დავუტოვოთ ამომრჩევლებს“ - უთხრა რადიო თავისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

ვინ იქნება "ცენტრში" და რატომ ახლა?

პაატა მანჯგალაძე განმარტავს, რომ „მესამე ცენტრის“ შესახებ კონსულტაციები ჯერ არავისთან ჰქონიათ და ეს პროცესი „ამნისტიასთან და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული პირველადი საკითხების“ შემდეგ გააქტიურდება. თუმცა „სტრატეგია აღმაშენებელში“ უკვე იციან, ვინ და რა პრინციპით შეიძლება მოხვდეს „მესამე ცენტრში“.

მანჯგალაძის თქმით:

  • „პირველ რიგში ჩვენ აქ მოვიაზრებთ („მიშელის შეთანხმებაზე“) ხელმომწერ პარტიებსა და ცალკეულ პირებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი ამოწურეს“;
  • „ჩვენ ამას (მესამე ცენტრს) ვუყურებთ არა როგორც პარტიებისა და პოლიტიკოსების გარშემო გაერთიანებას, არამედ ერთობას იდეებისა და პრინციპების გარშემო“;
  • „მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ვინ იქნება ვთქვათ დედაქალაქის მერობის კანდიდატი, ამას გადაწყვეტს სწორი და სამართლიანი პროცესი“.

იგულისხმება თუ არა „მესამე ცენტრში“ იაგო ხვიჩიას „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“? მანჯგალაძის პასუხია - „არა მგონია“.

რატომ დაიწყო „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამ თემაზე ლაპარაკი ახლა, როცა ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილისთვის უმთავრეს პრობლემებს - ნიკა მელიას პატიმრობა და სადავო ამნისტია წარმოადგენს?

პაატა მანჯგალაძის განმარტებით, ეს პროცესი მათ არ დაუწყიათ და პოზიციების დაფიქსირება იძულებით მოუხდათ:

„გარკვეული ჯგუფის მიერ დაწყებულია საარჩევნო კამპანია და ნიკა მელიას პატიმრობის თემის გამოყენებით, უნდათ მორალური ტვირთი აგვკიდონ, რომ მხარი დავუჭიროთ ნიკა მელიას (როგორც თბილისის მერობის ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს)... ყველასთან მიდიან და ეკითხებიან... არ ვიცი, პარტიის წარმომადგენლები თუ აქტივისტები და მხარდამჭერები... ჩვენც ყოველდღე გვეკითხებიან“.

ასევე ნახეთ ვინ შედის პარლამენტში და ვინ რჩება გარეთ?

შესაძლებლობები

ამ ეტაპისთვის პარტიების შესაძლებლობების ერთგვარ საზომად პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად იყენებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს.

  • შეთანხმებაზე ხელმომწერი და პარლამენტში ბოლოს შესული პოლიტიკური პარტიებიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში,ცესკოს მაჩვენებლებით, ყველაზე მაღალი და თანაბარი შედეგი მიიღეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ (3.15%) და „ლელომ“ (3.15%). დანარჩენი პარტიების შედეგი უფრო მცირეა.
  • არჩევნების შემდეგ, სწორედ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს გამოეყო თაკო ჩარკვიანის პარტია - „კანონი და სამართალი“. ჩარკვიანი სადეპუტატო მანდატის გამოყენებას არ აპირებს;
  • შეთანხმებაზე ხელმომწერთა შორის არ არის „ევროპული საქართველო", რომლის ოფიციალური საარჩევნო მაჩვენებელი 3.79%-ს შეადგენს. შეთანხმებას ხელი მოაწერა ამ პარტიის სიით გასულმა სამმა დეპუტატმა, რომლებიც პარტიის წევრები არ არიან. მათ შორის არის „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, რომელმაც პარტიაც დატოვა.
  • „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკმა - „ძალა ერთობაშია“ – 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით ყველაზე მაღალი შედეგი - 27.18% მიიღო და 30-ზე მეტი დეპუტატით ჯერ ისევ პარლამენტს მიღმა რჩება.
ასევე ნახეთ როდის გამოვა მელია საპატიმროდან?

ერთიანობის იდეა და დაკარგული ნდობა

პარლამენტში შესვლის საკითხს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მისი თავმჯდომარე, ნიკა მელია გათავისუფლდება. წინასწარი განწყობით კი, როგორც რადიო თავისუფლებას პარტიის არაერთმა წარმომადგენელმა უთხრა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესში საპარლამენტო ტრიბუნა აუცილებლად გამოსაყენებელი იქნება.

"ნაციონალური მოძრაობა" ერთიანობისა და ოპოზიციის იდეის მომხრეა.

„ვფიქრობ, ნიკა მელიას აქვს სრული რესურსი გააერთიანოს ოპოზიცია და იყოს ავანგარდში თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატურის სახით. მელია [ხმების 44.06%-ით] ერთადერთი ოპოზიციონერი იყო, რომელმაც [გლდანის მაჟორიტარულ ოლქში] პრაქტიკულად დაამარცხა „ქართული ოცნების“ კანდიდატი [42.47%)]“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

მელიას, როგორც თბილისის მერობის ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს არაერთი პარტია და პოლიტიკოსი უჭერს მხარს, ენმ-ის ბლოკის მიღმაც.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: „მე საქართველოში გიჟური მხარდაჭერა მაქვს, ნავალნის რუსეთში ასეთი არ აქვს“

ნიკა მელიას ჯერ ისევ საპატიმროში ყოფნის პირობებში, დეკანოიძე „არაეთიკურს“ უწოდებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გახმაურებულ გეგმას ენმ-თან გამიჯვნასთან დაკავშირებით.

„პოლიტიკასაც გააჩნია ეთიკურობის ნორმები.. როცა საუბარია „ნაციონალური მოძრაობის გარიყვაზე, ეს ემსგავსება ხოლმე „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსს“ – გვეუბნება ხატია დეკანოიძე და იქვე ამატებს, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც თავადაც იყრიდა კენჭს, გიორგი ვაშაძე მესამე ადგილზე გავიდა.

  • ხატია დეკანოიძემ მიიღო - 26.98%;
  • გიორგი ვაშაძემ მიიღო - 13.96%.

გაიმართება თუ არა 15 მაისის აქცია?

ოპოზიციაში წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე, კითხვის ნიშნები გაჩნდა, ჯერ კიდევ ოპოზიციის ერთობის მიერ დაგეგმილი 15 მაისის აქციის გამართვასთან დაკავშირებით.

საბოლოო პასუხი არც ხატია დეკანოიძეს აქვს და არც, მაგალითად, გიორგი გუგავას - „ლეიბორისტული პარტიიდან“. როგორც მან გვითხრა, საჭირო გახდება საკითხის კიდევ ერთხელ აწონ-დაწონა და გეგმების გადახედვა იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, მეორე ნაწილის „ნდობა დაკარგა“. გუგავა ფიქრობს, რომ ეს ნდობა შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგეს, თუკი პარლამენტში უკვე შესული ოპოზიცია ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს. ამ ეტაპზე ამგვარი პერსპექტივა არც კი განიხილება.

„ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთ დროს ოპოზიციური ერთობის შეხვედრების მთავარი მასპინძელი, თვითმმართველობის არჩევნებისთვის არა „მესამე ცენტრების“, არამედ ისევ ოპოზიციური ერთობის მომხრედ რჩება, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევად თვლის იმის განსჯას, თუ ვის გარშემო უნდა დაირაზმოს „ოპოზიციური ერთობა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ასევე ნახეთ "გირჩის" იდეა პარლამენტში შესვლის პერსპექტივით, ბოიკოტი და მესამე ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე

ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელს“ ახალი არაფერი უთქვამს და პარტიამ "მესამე ცენტრის" შექმნის იდეა ჯერ კიდევ იანვარში გაახმაურა, როდესაც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა. პროცესი იმხანად თითქოს უკვე აქტიურ ფაზაშიც იყო შესული და, დაპირების მიხედვით, პირველი შედეგები საზოგადოებას თებერვალში უნდა ეხილა. თუმცა იდეა ჯერჯერობით ისევ იდეის დონეზე რჩება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ამ თემაზე „ლელოსთან“კომუნიკაცია იანვარშიც ჰქონდა. თუმცა „ლელო“ მაშინ აცხადებდა, რომ თავად იყო ჩამოყალიბებული როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ძალა და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა მხოლოდ „ლელოს“ ირგვლივ წარმოედგინა.

მესამე ძალა თუ ძალები?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს მესამე ცენტრის შექმნის იდეას და ახლო წარსულში მან მესამე ფრონტის დახმარების განზრახვაც გაამხილა.

არის თუ არა უკვე გამოკვეთილი მესამე ცენტრის კონკრეტული კონტურები და გაღრმავდა თუ არა მუშაობა ამ მიმართულებით? რადიო თავისუფლების შეკითხვას ექსპერტმა ასე უპასუხა:

„ეს არის ქვეყნის საჭიროება. ერთია, რა სურვილები და მოსაზრებები გვაქვს ჩვენ და მეორეა, არსებული რეალობა... რეალობა ჯერჯერობით არ იძლევა ამის საშუალებას. განცხადებები ყოველთვის არ მიდის საქმემდე... ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებული, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი არიან კონკურენტები და ერთიანი კანდიდატი მთლიანად ოპოზიციის მხრიდან წამგებიანიც კი იქნება. ეს იქნება გადასვლა ისევ ორპოლუსიანობის რეჟიმში, რაც არა მგონია კარგი იყოს. მე ვფიქრობ, ფრონტის ხაზის გაშლა უნდა მოხდეს მაქსიმალურად იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მეორე ტური და მერე, კი ბატონო, ოპოზიციიდან ვინც გავა მეორე ტურში, უკვე იმას შეუძლიათ რომ კონსოლიდირებულად მთელმა ოპოზიციამ დაუჭიროს მხარი. ის, რომ თავიდანვე ერთი კანდიდატით წარსდგეს ოპოზიცია, ეს პოლიტიკური შეცდომა იქნება“ .

თუკი პოლიტიკურ ველს გადავხედავთ, მესამე ძალად ჩამოყალიბების სურვილი არაერთ არსებულ თუ ჯერ არშექმნილ პარტიას აქვს.

მათ შორის არის როგორც „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდი, მიერ ჯერ მხოლოდ სიტყვიერად დაანონსებული პარტიით.

გახარია ჯერ ისევ არ ჩანს, ხოლო ირმა ინაშვილმა 4 მაისს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში მხარდამჭერებს ამცნო, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და მალე "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ოცნებასაც" მიტინგით უნდა დაანახონ საკუთარი ძალა.