რამაზ ბეღელური საოკუპაციო ძალებს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს

რამაზ ბეღელური ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლების შემდეგ. 1 აპრილი, 2021 წ.

ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმრის, 36 წლის რამაზ ბეღელურის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ის ორჯერ ,,გორმედის'' კლინიკაში, მესამედ კი თბილისში, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში, მოათავსეს. თბილისის კლინიკაში მას გამოკვლევები ჩაუტარეს. ექიმებმა უნდა დაადგინონ, რა მიზეზით კარგავს ხოლმე რამაზი გონებას. რამაზ ბეღელური აცხადებს, რომ პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ის ამბობს, რომ ცხინვალში მას სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

„ძალიან ცუდად ვარ. ახლაც რომ ვლაპარაკობ, შეიძლება უცბად ცუდად გავხდე და წავიქცე. პირველ დაჭერაზე მაგრად მცემეს, ავტომატის კონდახები მირტყეს. მეორეზე მაგრა მცემეს. მესამეზე არა მცემეს. მეოთხეზე ცხინვალში ერთმა თავი გამიტეხა. ჯანმრთელობა დამიმძიმდა. ცუდად ვხდები და ვითიშები. მაგის გამო დავდივარ საავადმყოფოში. მანამდე მე ცუდად არ გავმხდარვარ “.

სასტიკად არის ნაცემი დაკავებისას. ამით არ დაინტერესებულა არც ერთი სტრუქტურა. კითხვა არ გასჩენიათ. ეს ადამიანი უყურადღებოდ არის დატოვებული...
დავით ქაცარავა

რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის გაუარესების ნიშნები პირველად დედამ შეატყო. ნორა ბეღელურის თქმით, ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და რამდენჯერმე კრუნჩხვებშიც ჩავარდა. ამის შემდეგ შვილმა დედას უამბო, რომ, წინა დაკავებების მსგავსად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახლაც სცემეს.

„ცხინვალიდან რომ გამოვიდა, მე მაშინვე შევამჩნიე, რომ ვერ იყო კარგად. რამაზი მომიყვა, რომ ერთ მათგანს ბევრი გასაღებები ეჭირაო და იმითი გამიტეხა თავიო, ვიჯექი და თქრიალით მომდიოდა სისხლიო. მერე ექთანი შემოიყვანეს და საავადმყოფოში წამიყვანესო. ვაპირებთ სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას, დაზარალებულები ვართ“.

რამაზის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ოჯახმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს, დავით ქაცარავას, აცნობა. ქაცარავას თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა ბეღელურს სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელის მომზადებაში დაეხმარება.

„სასტიკად არის ნაცემი დაკავებისას. ამით არ დაინტერესებულა არც ერთი სტრუქტურა. კითხვა არ გასჩენიათ. ეს ადამიანი უყურადღებოდ არის დატოვებული. მას არანაირ დახმარებას არ უწევენ ოფიციალური სტრუქტურები. ჩვენ დავიწყებთ იმ პროცედურებისთვის მზადებას, რაც გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს არაადამიანური მოპყრობის გამო. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, ვინც ტყვეობიდან ბრუნდება, ასეთ ფაქტებზე აღარ საუბრობს და მალავენ. ეს არის შიშის სინდრომი. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც ტყვეობაში ნამყოფები არიან და ასევე სასტიკად იყვნენ ნაცემები, რომ მოვამზადოთ ერთობლივი სარჩელი და რაც უფრო მეტნი ვუჩივლებთ ოკუპანტებს, მით უფრო მეტი შანსი იქნება იმისა, რომ რუსეთი ამ ბრძოლაში დამარცხდეს“.

ასევე ნახეთ რამაზ ბეღელური თავისუფალია, ცხინვალის ციხეში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება

გუგუტიაანთკარის მცხოვრები 36 წლის რამაზ ბეღელური ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან 1 აპრილს გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. გათავისუფლებულ რამაზ ბეღელურს ჟურნალისტებთან მაშინ არაფერი უთქვამს ცემის ფაქტზე. თქვა, რომ საპატიმროში ცუდად არ ეპყრობოდნენ, ყურადღებას აქცევდა ექიმიც, მასთან ერთად მყოფი ოსი პატიმრები კი ჰიგიენის ნივთებსა და საჭმელს არ აკლებდნენ.

ცხინვალის ციხის პატიმრებს ხშირად არაადამიანურად და სასტიკად ეპყრობიან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იქიდან გამოსული მოქალაქეების ნაწილი ღიად ელაპარაკება, ნაწილი კი ამ ფაქტს მალავს.

რამაზ ბეღელურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ე. წ. საზღვრის დარღვევის გარემოებები პრაქტიკულად არ ახსოვს, რადგან ახლობლის ორმოციდან ბრუნდებოდა და ნასვამი იყო. ბეღელურის ინფორმაციით, დააკავეს სოფელ ხელჩუასთან, საიდანაც ჯერ დისევში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში. დე ფაქტო სასამართლომ ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა, რომელიც კიდევ ერთი თვით გაუგრძელეს. ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის იგი რამდენჯერმე იყო დაკავებული.

ბეღელურის მხრიდან თავდაპირველად ძალადობისა და ცემის ფაქტის დამალვას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ქართველი პოლიციელების გაფრთხილებას უკავშირებს, რომ თითქოს ამის გამჟღავნებით მას რუსები უფრო მეტად გადაეკიდებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ ბეღელურის მიმართ ცემისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მათაც ახლა შეიტყვეს.

ცხინვალის ციხის პატიმრებს ხშირად არაადამიანურად და სასტიკად ეპყრობიან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იქიდან გამოსული მოქალაქეების ნაწილი ღიად ელაპარაკება, ნაწილი კი ამ ფაქტს მალავს. მაგალითად, მეჯვრისხევის მცხოვრებმა ხვიჩა მღებრიშვილმა ღიად ილაპარაკა მასზე ძალადობის შესახებ. სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი თავიდან მალავდა საოკუპაციო ძალების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს, მაგრამ მოგვიანებით ამის შესახებ განაცხადა. მას ტანზე იმდენი სისხლჩაქცევა ჰქონდა, რომ მის მკურნალობას დიდი დრო დასჭირდა. ზაზა გახელაძეს საერთოდ ცეცხლი გაუხსნეს და დაკავებისას ფეხში დაჭრეს. სოფელ ბერშუეთის მცხოვრებ შოთა ბიძინაშვილს დაკავებისას სასტიკად სცემეს. ის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იჯდა ცხინვალის იზოლატორის საკანში. ვაჟა გაფრინდაშვილი სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს უკვე ამზადებს, იმავე გზას გაივლის რამაზ ბეღელურიც. სტრასბურგის სასამართლოში პროცესის დანიშვნას ელოდებიან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები. არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ ოჯახს სარჩელის შედგენასა და მტკიცებულებების მოპოვებაში დაეხმარა. ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმე „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“ წარმოებაში მიიღო და ახლა კომუნიკაციის მოლოდინში არიან.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რომელიც ცხინვალის ციხის ყოფილ პატიმრებს თავს გადახდათ. ადამიანის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და იქ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეტანილ სარჩელს წარმატების დიდი შანსი აქვს.